სხვა

18:02 | 5.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები მესამე ოქროს და 2 ფინალის მოლოდინში - 6 აგვისტოს განრიგი

ტოკიოს ოლიმპიადაზე 5-მა აგვისტომ საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის წარმატებულად ჩაიარა. გვაქვს მესამე ოქროს შანსი. დღეს ასპარეზობაში ჩვენი ქვეყნის სახელით თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ჩაერთო, სადაც 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა შესანიშნავად იასპარეზა და ფინალში გავიდა.

27 წლის ფალავანს ყველაზე რთული ბრძოლა ნახევარფინალში გადახდა, სადაც 20 წლის ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა. გენომ პირველი პერიოდი საკმაოდ ცუდად ჩაატარა, რის შედეგადაც ანგარიშში 0:3 ჩამორჩა. თუმცა, მეორე პერიოდში ქართველმა ფალავანმა დიდებულად იჭიდავა, ზედიზედ 6 ქულა მოიპოვა და მეტოქეს 6:3 სძლია, რის შედეგადაც ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

გენო პეტრიაშვილი ფინალში ამერიკენ გეიბლ დენ სტივესონს შეხვდება, რომელმაც სამი შეხვედრა ისე მოიგო, რომ ქულაც არ დაუკარგავს და მეოთხედფინალში ტაჰა აკგული 8:0 დაამარცხა. ფინალი 6 აგვისტოს, 14:30 საათიდან გაიმართება.

თავისუფალ ჭიდაობაში 6 წონიდან საქართველოს მხოლოდ 3 წონაში ჰყავს წარმომადგენელი. 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში დღეს ავთანდილ კენჭაძემ მერვედფინალში იტალიის წარმომადგენელ ფრანკ ჩამიზოსთან 1:5 წააგო, რომელიც თავის მხრივ ნახევარფინალში დამარცხა და კენჭაძემ ბრინჯაოს მედლისთვის შანსი დაკარგა.

6 აგვისტოს ასპარეზობაში ელიზბარ ოდიკაძე ჩაერთვება, რომელიც ჭიდაობაში მიმდინარე ოლიმპიადაზე საქართველოს ბოლო წარმომადგენელი იქნება.

97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველი ფალავანის მეტოქე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ირანელი მოჰამადჰოსეინ მოჰამადიანი იქნება. ოდიკაძე გამარჯვების შემთხვევაში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრ აბდულრაშიდ სადულაევს და აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვს შორის უმჯობესს დაუპირისპირდება. რუსი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია, თუმცა სხვა წონაში.

რაც შეეხება ჩვენებურს, ელიზბარს ევროპის ჩემპიონატზე 6 ბრინჯაოს მედალის გარდა, ევროპის თამაშებზე ვერცხლი-ბრინჯაო და 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირი 06:30 დან დაიწყება, ქართველი ხალიჩაზე მეორე გამოვა.

საქართველოს ხვალ ასევე წარადგენს ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა, რომელიც კვალიფიკაციის დაძლევისა და ფინალში გასვლის შემთხვევაში ასპარეზობას 7 აგვისტოს გააგრძელებს. 23 წლის სპორტსმენმა 2015 წლის ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2016 წელს კი რიოში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მიიღო მონაწილეობა, სადაც მე-16 ადგილზე გავიდა და ფინალში გამსვლელ 10 მონაწილეს შორის ვერ მოხვდა. ტანვარჯიშში გამოსვლა 6 აგვისტოს ჩვენი დროით 05:20 ზე დაიწყება, სალომე კი რიგით მე-15-ეა. A ჯგუფში 26 ტანმოვარჯიშე გამოდის, საიდანაც ფინალის საგზურს 10 საუკეთესო მოიპოვებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე დღეის მდგომარეობით უკვე 8 მედალია. ოქროს ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე, ვერცხლის მედლებს ვაჯა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი და იაკობ ქაჯაია, ხოლო ბრინჯაოს ანტონ პლესნოი დაეუფლნენ. გამომდინარე იქიდან, რომ გენო პეტრიაშვილი ფინალშია გასული, უკვე გარანტირებული მედალი გვაქვს, ახლა კი მხოლოდ ის უნდა გავიგოთ, რა სინჯის მედალს მოიპოვებს გორელი ფალავანი.

0.164897