ბლოგი

11:00 | 1.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

თბილისში დილით

- რომ არა ოლიმპიადა დილის 6 საათზე რა აგაყენებდა? არ ვიცოდე მაინც რა ზარმაცი კაცი ხარ...

- არც შენ ასწრებ ხოლმე მზის ამოსვლას, მაგრამ გუშინ დილით შენმა ბღავილმა მთელი უბანი გააღვიძა.

- ოლიმპიადაზე შტანგასთან რომ ქართველი დადგება, მერე უკვე ვეღარ აკონტროლებ თავს. ყვირილი თავისით ამოდის პირიდან და მგონი ყველა ასე ვართ.

- ისე, ძიუდოში უფრო მაგრები ვართ თუ ძალოსნობაში?

- რა სულელურ კითხვას მისვამ ახლა. რა თქმა უნდა ორივეში!

- მაინც?

- რა ვიცი, ალბათ მაინც ძიუდოში. ოლიმპიური მედლებიც ხომ უფრო მეტი ძიუდოში გვაქვს...

- ძალოსნობაში რომ ლაშა გვყავს? ეგეთი აშკარა ლიდერი ძიუდოში როდესმე გვყოლია?

- ძიუდო სხვანაირი რამეა და ნუ პროვოკაროტობ ამ დილაადრიან. მაგას ჯობია ყავა დამალევინო, ჩემი ცოლ-შვილი სოფელშია წასული და...

- ყავა თუ კაი ცივი ლუდი დილაბნელზე? ჰა?

- რა ლუდი კაცო, ჯერ მზე ახლა ამოვიდა, ლუდი რომ დავლიო რაღა საქმეს გავაკეთებ?

- ოჰოჰო, ჯერ არ დაგილევია რა! შემოდი, ლუდს გამოვდგამ და მძლეოსნობას ჩავუჯდეთ. ხომ იცი, მაგრად მიყვარს გიჟი კენიელების სირბილი.

- აბა, ჩვენი მძლეოსნობა სულს ღაფავს და კენიელების სირბილიღა დაგვრჩა მუღამად.

- სოხუმში ჩვენ აღარ გვიშვებენ და ვიქტორ სანეევი კიდევ ციდან არ ჩამოგვივარდება თავისით. ჰა, აიღე ჭიქა, დაგისხამ ლუდს...

- მძლეოსნობა კი არა, ნეტა იმაში აგვაღებინა მედლები რაშიც იმედი გავქვს. ბიჭო, რა ცივია ეს ლუდი რა არის, საყინულეში გედო?

- აბა თბილი ლუდი ვის უნდა? თბილი ლუდი და პაკისტანელი მოთხილამურე ერთი “პონტია“.

- თხილამურები რაღამ გაგახსენა ამ გაგანია ზაფხულში. მოიტა, რამე მისაყოლებელიც გექნება შენ. თუ ჩავიდე და კაი სტაფილოს კონსერვი ამოვიტანო?! ჩემი სიდედრი აკეთებს მაგარს.

- სტაფილოს კონსერვი აჭამე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ნაკრებს. ცოტა ხასიათზე მოვლენ.

- აბა ბიჭო... როგორი დამჟავებული სახეებით გამოდიან რუსები ოლიმპიადაზე. ისე, არაფერი სჯობს ამის ნახვას, ხომ იცი...

- გამწარებულები იქნებიან, აბა რა იქნებიან. წარმოიდგინე, როგორი “მურტალია“, თავი მსოფლიოში ყველაზე მაგარი ხალხი და ქვეყანა გგონია და საქმე იქამდე მიიყვანე, რომ ჩემპიონიც რომ გახდე, არც დროშას აგაწევინებენ და არც ჰიმნს დაგაკვრევინებენ... ასეთი რამე ქართველს რომ უქნა, ის გადაირევა და იმპერიული აზროვნების ხალხს რა დაემართება, ხომ ხვდები...

- ჰო რა, მაგარია! ჩვენების მედლების მერე, ეგ მახარებს ყველაზე მეტად.

- ახლა კიდევ რა გვიჭირს და ოლიმპიადა როცა მორჩება, მერე რა გვეშველება. მიდი, მიდი, დაცალე ეგ ჭიქა, კიდევ დავასხამ...

0.126521