ძიუდო

16:51 | 26.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა შავდათუაშვილი: "ფინალის წაგება გულდასაწყვეტია, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ"

საქართველოს ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე მეორე მედალი მოუტანა. მან ძიუდოში 73 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო და წარმატების შემდეგ კომენტარიც გააკეთა.

„ღმერთს მადლობა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელი და ოლიმპიადაზე მესამე მედალი მოვიპოვე. ფინალში წაგება გულდასაწყვეტია, ძალიან ახლოს ვიყავი ჩემპიონობასთან, მაგრამ ეს სპორტია. ბრძოლისთვის მოტივირებული და ოლიმპიადაზე თავისუფლად ვიყავი. უზომოდ ბედნიერი ვარ, ვულოცავ საქართველოს, გულშემატკივარს, ჩემს ოჯახს და ყველას, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა“, - განაცხადა შავდათუაშვილმა.

ლაშა შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოსტია ისტორიაში, რომელმაც სამი ოლიმპიური მედალი მოიპოვა (2012 წელს ოქრო, 2016 წელს ბრინჯაო და 2021 წელს - ვერცხლი). გარდა ამისა, პირველი სპორტსმენია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ასევე სამი ოლიმპიური მედალი მოიპოვა. თანაც ეს ყველაფერი ზედიზედ და სამ სხვადასხვა ოლიმპიადაზე. არც ის დავივიწყოთ, რომ დავივიწყოთ, რომ ლაშამ თვენახევრის წინ მსოფლიოს ჩემპიონობაც მოახერხა.

ტოკიოს ოლიმპიადაზე 29 წლის ქართველმა სპორტსმენი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ასპარეზობა 1/16 ფინალიდან დაიწყო. თავიდან ვაზარით ფრანგი გოილემ ჩაინე დაამარცხა, რასაც ჯიბუტელ ადენ-ალექსანდერ ჰუსეინს აგრეთვე ვაზარით მოუგო, მეოთხედფინალში დამატებით დროში იპონით კანადელი არტურ მარგელიდონი დაამარცხა, ნახევარფინალში კი 9-წუთიან დრამატულ ბრძოლაში სამხრეთკორეელი ჩანგრიმან ანის აჯობა და ასე გავიდა ფინალში, სადაც შოჰეი ონოსთან მე-10 წუთზე მიღებული ვაზარით დამარცხდა.

შედეგად, საქართველოს უკვე აქვს ორი მედალი. ვაჟა მარგველაშვილმა გუშინ ვერცხლი მოიპოვა და დღეს ლაშა შავდათუაშვილმაც ასევე ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

შეგახსენებთ, დღესვე ეთერ ლიპარტელიანი ასპარეზობდა, რომელმაც საწყისი ორი შეხვედრა იპონით მოიგო, შემდეგ მეოთხედფინალში დამარცხდა, ბრინჯაოს მედლის შანსი შეინარჩუნა, რადგან რეპეშაჟში იმარჯვა და მე-3 ადგილისთვის მასპინძელ ცუკასა იოშიდას შეხვდა, მაგრამ მასთან წააგო და საბოლოოდ, მედალი ვერ მოიპოვა. თუმა, ეთერის გამოსვლა ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს. 27 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109364