ფეხბურთი

17:13 | 25.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: "2022 წლის მუნდიალზე თამაშის ოცნება, სტიმულისთვის მჭირდება"

ლეგენდარულ იტალიელ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონს 2022 წლის მუნდიალზე თამაში სურს. როგორც მან განაცხადა, ამაზე ოცნებობს და ეს არის ის, რაც სტიმულისთვის სჭირდება, რომ კარიერა გააგრძელოს. თუმცა, ამავდროულად ფიქრობს, რომ რობერტო მანჩინი მას იტალიის ნაკრებში არ გამოიძახებს, მაგრამ სტიმულისთვის იმედს მაინც არ კარგავს.

ბუფონმა ჯანლუიჯი დონარუმაც შეაქო და აღნიშნა, რომ მისგან რაღაცები უკვე ისწავლა და მომავალშიც აპირებს მისგან ისწავლოს, რომ უფრო განვითარდეს.

პირლო - ვფიქრობ, საწყისი 3-4 თვის გარდაუვალი სირთულეების შემდეგ ანდრეამ გააცნობიერა თავისი როლი და მოთამაშეები გაიცნო. ბოლო 4-5 თვე 100%-ით მწვრთნელი იყო. ასეთი სეზონის შემდეგ ნებისმიერი გუნდი მაინც ბედნიერი იქნება, მაგრამ მაინც იმედგაცრუება ჩანდა, რადგან ჩვენს უკან ზედიზედ 9 სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი გვქონდა.

სერია B – ფავორიტები ჩვენ და „მონცა“ ვართ, შემდეგ მოდიან „ბენევენტო“ და „კროტონე“. სიურპრიზი? ვფიქრობ, „ფროზინონე“ იქნება, რადგან გროსო ძალიან კარგი მწვრთნელია. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ინძაგი „ბრეშაში“ კარგად იმუშავებს.

სტადიონები - კომოში არასდროს მითამაშია, როდესაც სერია A-ში იყო, პიაჩენცაში ვეთამაშეთ. ასევე მომწონს ტერნის სტადიონი, პირველად, როცა იქ ვითამაშე, პატარა ვიყავი და „მარაკანასავით“ დიდი მომეჩვენა.

ევროპის ჩემპიონატი - ფინალს სახლში ვუყურე, სასიამოვნო იყო ტრიუმფის ყურება შვილებთან ერთად. სიჩუმე, ტანჯვა, იმპულსებ და ბოლოს სიხარული! მე ბევრი ტიტული მოვიგე და ჩემი ოჯახი ზეიმობდა, მაგრამ ბევრიც წავაგე, ჩემპიონთა ლიგის სამი ფინალი, ევროპის ჩემპიონატის ფინალი. სასიამოვნო იყო მათი ბედნიერი ნახვა მას მერე, რაც შვედეთთან თამაშის შემდეგ ტიროდნენ. მეც ვტიროდი „სან სიროზე“. ვწუხვარ, რომ ბავშვებს მუნდიალზე ყოფნის საშუალება ვერ მივეცი. მე ყოველთვის ხალხისთვის ვთამაშობდი, დიდი და პატარა, ვინც მხარს მიჭერდა. მათ წინაშე პასუხისმგებლობას ყოველთვის ვგრძნობ. დონარუმამ შესანიშნავი ევროპის ჩემპიონატი ჩაატარა, განსაკუთრებით სიტუაციების მართვის კუთხით. დღეს ის მსოფლიოს მასშტაბით მეკარეებისთვის ამოსავალი წერტილია. არ მაინტერესებს ის, რომ მე მადარებენ. მხოლოდ ის მაინტერესებს, რომ ის კარგი მეკარეა და მინდა მისით ვისიამოვნო, რადგან შეუძლია რაღაც მასწავლოს. ბოლო წლებში გაუმჯობესებისთვის მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ჩემთვის სხვისი უნარ-ჩვევებისგან სწავლა პრობლემას არ წარმოადგენს.

მსოფლიოს ჩემპიონატი - 43 წლის ასაკში ნამდვილად არ ვიქნები იქ მოხვედრის კანდიდატი, მაგრამ სწორედ ეს მსოფლიოს ჩემპიონატი მჭირდება სტიმულისთვის, რომ თამაში გავაგრძელო და იქ მოხვედრაზე ვოცნებობ. „პარმასთან“ ერთად სერია A-ში დაბრუნებაც მინდა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მანჩინი არ გამომიძახებს, ეს სწორიც იქნება, რადგან მას ჰყავს თავისი გუნდი და ბიჭები.

ყოფილი თანაგუნდელები - ევროპის ჩემპიონატის დროს ბონუჩის ველაპარაკე პენალტების სერიის შესახებ. მან მკითხა, როგორ დაერტყა და რჩევა მივეცი. ლეო და კიელინი ამტკიცებენ, რომ საუკეთესო ფეხბურთელებმა ყოველთვის ნაკრებში უნდა ითამაშონ, იმის მიუხედავად ახალგაზრდები არიან თუ ვეტერანები. კიელინის და ბონუჩის ჩემს ასაკამდე მშვიდად თამაში შეუძლიათ.

ფედერიკო კიეზა - როდესაც ის „იუვეში“ მოვიდა, გულახდილად ვიტყვი, რომ არ მეგონა ასეთი ძლიერი თუ იყო. ამ ევროპის ჩემპიონატზე ურჩხული გახლდათ. ინგლისთან ფინალში ის გუნდის ლიდერი იყო, ბიჭებს წინ გაუძღვა. „იუვეში“ გატარებული სეზონის შემდეგ ფედესგან ეს არ გამკვირვებია, მაგრამ არც ის მეგონა, რომ ამ დონეზე ითამაშებდა. როდესაც ასეთ მაღალ დონეზე თამაშობ, ეს ნიშნავს, რომ ნამდვილად განსაკუთრებული ხარ“, - თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა „პარმასთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კარიერას მშობლიურ გუნდში აგრძელებს.

0.122836