ბლოგი

12:34 | 4.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთი ევროპის ჩემპიონატზე აღარ უნდა გავიდეს!

ვის არ წაუგია? ვინ არ გამოვარდნილა ევროპის ჩემპიონატიდან? ვინ არ დამალვია მოკრიტიკე ჟურნალისტებსა და გამწარებულ ქომაგებს? მაგრამ რუსეთი სხვა ყველაფერთან ერთად ფეხბურთში დამარცხების გადატანაშიც ერთობ უცნაური ქვეყანაა და მათი საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატიდან გამოვარდნაც იმდენად არასწორად და მე ვიტყოდი არაჯანსაღად აღიქვეს, რომ დანიელების ადგილზე რომ ვიყო დავფიქრდებოდი, ღირდა კი რუსეთის კიდევ უფრო დაბოღმვად მათი ბრწყინვალე გამარჯვება?...

დანიის ხსენება და ამ ამბავში გარევა რასაკვირველია ხუმრობა იყო, მაგრამ რუსეთში ცოტას თუ ეხუმრება. ხუმრობას ვინ ჩივის, ზოგიერი შოვინისტი რუსი ჟურნალისტი იმასაც კი წერს, რომ რუსების მარცხის მიზეზი მათი გუნდის ეთნიკურ მრავალფეროვნებაში უნდა ვეძიოთ და რაკი რუსეთის ბეჩავ გუნდში რუსების გარდა წარმოშობით ქართველი, ოსი, თათარი და სხვა ეროვნების ხალხი ირჯება, თითქოს ისინი არ დებენ თამაშში გულს და სწორედ ამიტომაც ვერ იგებს რუსეთი.

რუსეთის ნაკრების მაისურმოსილი გიორგი ჯიქიასა და მისთანების ადვოკატად ჩვენ ვერ გამოვდგებით, მაგრამ ჭეშმარიტად რუსეთის ნაკრების გულშემატკივარი უნდა იყო, რომ ასეთ დროსაც შოვინისტურ-ფაშისტური ძირები ეძებო - ჩიჩქნო, ჩიჩქნო და ბოლოს რას გამოჩიჩქნი აზრზე არ იყო. არადა ისტორია გაჩვენებს, რომ სწორედ ასეთი ძებნა-ძიება და “ჩიჩქვნა“ ხდება ხოლმე ქვეყნების დაშლისა და ხალხის გაუცხოების მიზეზი.

რუსეთში ხალხის შფოთვა რა ჩვენი სადარდელია და მოდით ისევ ფეხბურთზე ვილაპარაკოთ... ძალიან ბევრი უნდა ეძებოს კაცმა, რომ ამოდენა ინტერნეტში რუსეთი-დანიის შეხვედრის რუსულენოვანი ნორმალური მიმოხილვა-განხილვა ნახოს. ძირითადად გხვდება გინება, მორალისტობა, ლაყაფი, პათეტიკა და დამნაშავის ძიება. ნორმალურ გარჩევას კი ვერსად ნახავ. არადა ვის ვის და რუსებს ნამდვილად ჰყავთ საამსაქმეო ხალხი და არც ფეხბურთის მცოდნეთა რაოდენობა დაეწუნებათ, მაგრამ დანიასთან მარცხმა ყველაფერი “თავის ადგილზე დააყენა“ და ნათლად დავინახეთ, რომ რაგინდარა პროფესიონლად მიჩნეული რუსი ჟურნალისტიც კი საბოლოო ჯამში ერთი ჩვეულებრივი “გალავარეზი“ ტიპია, რომელიც მარცხის დროს ობიექტურობას საერთოდ კარგავს და მზადაა ადგეს და ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩის მიმოხილვა საერთოდ არ დაწეროს. აქ სიზარმაცე რომ არაფერ შუაშია - ესეც კარგად ვუწყით.

რუს ქომაგებსა და ჟურნალისტებს პირად საუბრებში ხშირად გამოუთქვამთ გაკვირვება და წუხილი იმის გამო, რომ მათი ნაკრების და გულშემატკივრების მიმართ მთელს ევროპაში რბილად რომ ვთქვათ არასახარბიელო დამოკიდებულებაა. როდესაც რუსეთის ნაკრები თამაშობს, რუსების გარდა სხვა ყველა როგორც წესი მეორე გუნდს გულშემატკივრობს. ეს დამოკიდებულება რუსეთში ისე უკვირთ, შეიძლება ადამიანი მართლა დაფიქრდე - იქნებ არც მთლად ისეთი “კეთროვნები“ არიან, როგორც ჩვენ გვგონიაო, მაგრამ მოვა შემდეგი ჩემპიონატი, რუსი გულშემატკივრები ტრადიციულად ჩავლენ ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში, ააოხრებენ დალაგებულ და დამასმასებულ ქალაქებს, მერე რუსეთის ნაკრებიც წააგებს და ყველაფერი ისევ თავიდან იწყება - არის ერთი გნიასი და ზიზღისა და ღვარძლის ფრქვევა.

მე ამ ყველაფრიდან მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი ვიცი. გამოსავალი, რომელიც ჩვენზე არაა დამოკიდებული, მაგრამ უდავოდ საუკეთესო და ერთადერთია. გამოსავალი ჟღერს ასე: რუსეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე აღარ უნდა გავიდეს!

0.126267