კალათბურთი

10:51 | 16.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: დურანტის ისტორიული სამმაგი დუბლი და სერიაში დაწინაურებული "ბრუკლინ ნეტსი" (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამთენიას ერთი თამაში გაიმართა, რომელიც ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. პლეი-ოფის ნახევარფინალური სერიის მე-5 დაპირისპირება „ბრუკლინ ნეტსმა“ „მილუოკი ბაქსს“ 6-ქულიანი სხვაობით 114:108 აჯობა.

პირველი ნახევარი „ბაქსმა“ 16 ქულით მოიგო, თუმცა, მეორე ტაიმში სურათი რადიკალურად შეიცვალა. დურანტმა და კამპანიამ მეტოქეზე 22 ქულით მეტი ჩააგდეს და თამაშის თავის სასარგებლოდ დასრულება მოახერხეს.

საოცარი შეხვედრა ჩაატარა კევინ დურანტმა, რომელმაც რეკორდზეც გაიწია. 32 წლის ამერიკელმა პარკეტზე 48 წუთი გაატარა, რა დროშიც 49(!) ქულა, 17(!) მოხსნა და 10 პასი მიითვალა, რითიც პლეი-ოფში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც სამმაგი დუბლი 45-ზე მეტი ქულითა და 15-ზე მეტი მოხსნით დააფიქსირა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბრუკლინის სამეულიდან (კევინ დურანტი, კაირი ირვინგი, ჯეიმს ჰარდენი) მხოლოდ დურანტი ბრწყინავდა. ირვინგი გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება, რაც შეეხება ჰარდენს, მან არასრულ 46 წუთში მხოლოდ 5 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი მიითვალა.

დამარცხებულთა რიგებში ისევ შეუდარებელი იყო იანის ანტენტოკუნმპო, ბერძენმა მძიმე ფორვარდმა 41:50 წუთში 34 ქულით, 12 მოხსნითა და 4 პასი ორმაგი დუბლი გაიფორმა, თუმცა საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

შეგახსენებთ, რომ „ბრუკლინი“ სერიაში 3:2 დაწინაურდა, მე-5 დაპირისპირება კი 18 ივნისს მილუოკის არენაზე გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ სტივ ნეშის გუნდი მოიგებს, პლეი ოფის ფინალში გავა, „ბაქსის“ გამარჯვების შემთხვევაში კი კიდევ ერთი - მე-7 მატჩი გაიმართება.

0.145456