ფეხბურთი

15:00 | 29.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"პარმას" ჯიჯი ბუფონის დაბრუნება სურს

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი შესაძლოა „პარმაში“ დაბრუნდეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, პარმეზანელები 43 წლის კიპერისთვის შეთავაზებას ამზადებენ.

ჯიჯიმ იტალიურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მის მომავალს დიდი ალბათობით უცხოეთში ხედავს, რადგან იტალიაში „იუვენტუსის“ და „პარმას“ სხვაგან თამაშს არ აპირებს. იქვე დაამატა, რომ „პარმასგან“ წინადადება არ მიუღია.

„ჯერ არ ვიცი სად ვიქნები მომდევნო წელს, მაგრამ ყველაფერი საზღვარგარეთ წასვლაზე მიმანიშნებს, რადგან პარიზში გატარებული პერიოდი შესანიშნავი იყო, გავმდიდრდი ფეხბურთისა და ადამიანური თვალსაზრისით თავს უკეთეს ადამიანად ვგრძნობდი.

თუ კარიერის გაგრძელება მინდა, უნდა ვეძებო თავგადასავალი, რომელიც ჩემი ქვეყნის მიღმაა. ახალი ენის ცოდნა, ახალი კულტურის ცოდნა, ნებისმიერი სირთულეების დაძლევა, ეს ყველაფერი სიმშვიდეს მომანიჭებს. მე კარგად მაშინ ვარ, როდესაც ისეთ რამეს ვაკეთებ, რომელიც მაუმჯობესებს, როგორც არამარტო ფეხბურთელს, არამედ როგორც პიროვნებას.

ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ არ განიხილოს აღმოსავლეთ ევროპიდან წინადადებები, რადგან ეს ჩემს სურვილებში არ შედის. ამას ნამდვილად გამოვრიცხავ. „პარმა“? არავინ დამკავშირებია, მაგრამ ჯერ უნდა გავარკვიო მინდა თუ არა თამაში. ვთქვი, რომ გადაწყვეტილების მისაღებად 20 დღე დამჭირდებოდა. რა თქმა უნდა, „იუვენტუსთან“ ერთად „პარმა“ ერთადერთი გუნდია, სადაც იტალიაში თამაში შემიძლია“, – თქვა ბუფონმა.

„პარმა“ სერია B-ში გავარდა, მაგრამ ელიტაში დაბრუნებას დაუყოვნებლივ გეგმავს და ჯიჯის დაბრუნებაც ამიტომ სურს. საქმე შეიძლება ენცო მარესკამ გაამარტივოს, რომელიც კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მარესკა და ჯიჯი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ, რადგან „იუვენტუსში“ 2001-2002 და 2003-2004 წლებში თანაგუნდელები იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი „პარმას“ ღირსებას 1995-2001 წლებში იცავდა და 220 თამაში ჩაატარა. იტალიელი ფეხბურთელი 2001-2018 და 2019-2021 წლებში "იუვენტუსში", ხოლო 2018-2019 წლებში "პარი სენ ჟერმენში" თამაშობდა.

0.112928