კალათბურთი

15:58 | 28.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: "ლეიკერსი" დაწინაურდა, "პორტლენდმა" ანგარიში შეამცირა - "მილუოკი" ფავორიტია (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი მატჩები გაიმართა. გამთენიას პირველი შეხვედრა „მაიამი ჰიტსა“ და „მილუოკი ბაქსს“ შორის შედგა, რომელიც მაიკ ბიუდენხოლცერის გუნდმა დიდი უპირატესობით - 113:84 იმარჯვა.

მილუოკელებმა ოთხივე პერიოდი შესანიშნავად ჩაატარეს. მათ ყველაზე დიდი ფორა მე-3 პერიოდში ჰქონდათ, როდესაც მეტოქესთან სხვაობა 32 ქულა იყო.

საუკეთესო კრის მიდლტონი გამოდგა, რომელსაც გამარჯვებულთა რიგებში 22 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა, „მაიამის“ შემადგენლობაში კი 19 ქულით, 8 მოხსნითა და 6 პასით ჯიმი ბატლერი გამოირჩა.

“მილუოკი“ მეტოქეს სერიაში უკვე 3:0-ს უგებს, მომდევნო შეხვედრა კი 29 მაისსაა დაგეგმილი.

დღის მეორე შეხვედრაში „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ „ფინიქსს სანს“ დაუპირისპირდა და სერიაში დაწინაურდა. ფრენკ ვოგელის გუნდმა წინა მატჩთან შედარებით ამჯერად უფრო დიდი სხვაობით მოიგო. მიუხედავად პირველ პერიოდში მარცხისა, ლებრონ ჯეიმსმა და კამპანიამ საბოლოო ჯამში მეტოქეს 109:95 აჯობეს.

ენტონი დევისი კი გუნდის აშკარა ლიდერია - მან 40:20 წუთში 34 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა, ხოლო ლებრონ ჯეიმსმა არასრულ 38 წუთში 21 ქულა, 6 მოხსნა და 9 პასი დააგროვა. დამარცხებულთა რიგებში დეანდრე ეიტონი გამოირჩა, რომელმაც 22 ქულითა და 11 მოხსნით ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა.

ამრიგად, ლეიკერსი 2:1 დაწინაურდა, მომდევნო შეხვედრა კი 30 მაისს გაიმართება.

დღის ბოლო დაპირისპირება კი „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსსა“ და „დენვერ ნაგეთს“ შორის შედგა, რომელიც ყველაზე დაძაბული გამოდგა. გუნდებმა გამარჯვებულის ვინაობა პირველ ორ პერიოდში გამოავლინეს, რადგან მეორე ტაიმში ორივე გუნდმა თანაბარი ქულები ჩააგდეს: ჯერ 20:20, შემდეგ კი 36:36.

მარცხის მიუხედავად საუკეთესო შედეგი სწორედ „პორტლენდის“ კალათბურთელ დამიან ლილარდს ჰქონდა. 30 წლის ამერიკელმა 37 ქულას, 2 მოხსნასა და 5 პასს მოუყარა თავი. გამარჯვებულთა რიგებში ნიკოლა იოკიში გამოირჩა - მან ორმაგი დუბლი - 36 ქულით, 11 მოხსნითა და 5 პასით შეასრულა.

ამ წყვილში ყველაფერი ჯერაც წინ არის, რადგან 3 შეხვედრის შემდგომ დენვერელები 2:1-ს იგებენ, მომდევნო თამაში კი 30 მაისს გაიმართება.

0.152633