ფეხბურთი

11:26 | 22.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

პერესი: "სუპერლიგა არ მომკვდარა, გუნდებთან ხელშეკრულებები არსებობს, სხვა პროექტი იქნება"
"იუვენტუსი", "მილანი" და "ბარსელონა" არსად წასულან, ჩვენ გამოსავალს ვეძებთ"

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ევროპის სუპერლიგის პროექტის დაშლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, სუპერლიგა არ დაშლილა და პროექტი ისევ არსებობს.

უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ 12-ვე კლუბს სუპერლიგასთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და ადვილად თავს ვერავინ დააღწევს. ცალკე გამოჰყო „რეალი“, „იუვენტუსი“, „ბარსელონა“ და „მილანი“ - ეს გუნდები სუპერლიგიდან საერთოდ არ გასულანო.

„ჩვენ ამ პროექტზე მრავალი წელი ვმუშაობდით და ალბათ კარგად ვერ ავხსენით. ცოტა მოწყენილი და იმედგაცრუებული ვარ. პროექტზე სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდით, რათა ვებრძოლოთ იმ ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელსაც ჩვენ განვიცდით. უამრავმა ადამიანმა მომილოცა და მითხრეს, რომ ყველაფერი გავაგრძელო. აღნიშნულმა 12-მა კლუბმა გასულ სეზონში 650 მილიონი ევრო დაკარგა, მიმდინარე სეზონში ზარალი ორმაგი ან სამმაგია. ეს ფორმატი აშკარად არ მუშაობს, ის მოძველებულია და მხოლოდ მეოთხედფინალებიდან მოქმედებს.

თუ ამ პროექტმა არ იმუშავა, სხვა იქნება. გაიხსენებთ, რომ ყველა, 12-ვე კლუბმა ხელი მოაწერა სავალდებულო კონტრაქტს და არავინ, არსად წასულა, ამ დრომდე კომპენსაცია არავის გადაუხდია, ამიტომ ყველა გუნდი ისევ აქ არის, ისევ ნავშია. შეგვიძლია სხვა გუნდებს დავურეკოთ. სუპერლიგა მკვდარი არ არის, ის აგრძელებს არსებობას, მაგრამ დროებით შეჩერებულია. „იუვენტუსი“ არსად წასულა, არც „მილანი“. ისინი, „რეალი“ და „ბარსელონა“ ეძებენ გამოსავალს. მე ანდრეა ანიელის დღესაც სამჯერ ვესაუბრე, სუპერლიგას ასე ვერ დატოვებენ, ეს ყველა გუნდმა კარგად იცის. მდიდრების ტურნირი? ეს არის პირამიდა. თუ ზედა ნაწილში ფულია, ქვედა ნაწილშიც ჩაედინება.

მუქარა, შეურაცხყოფა მივიღე. როგორც ჩანს ფეხბურთს ჩვენ მოვკლავდით... ფეხბურთი უნდა გადავარჩინოთ, სუპერლიგა არ არის შეურაცხმყოფელი პროექტი. ჩეფერინი? პრეზიდენტის მხრიდან ასეთი თავდასხმა არასდროს მინახავს. ინგლისურ კლუბებს პროექტის მიმართ დიდი ინტერესი არ ჰქონდათ. ჩემპიონთა ლიგა? მე სულელი არ ვარ, მაგრამ ახალი ფორმატი ვერ გავიგე. სუპერლიგის გარეშე „რეალისთვის“ და ზოგადად ყველა გუნდისთვის შეუძლებელი იქნება ჰოლანდის ან მბაპეს ყიდვა“, - თქვა პერესმა.

როგორც ჩანს, ამბავი ჯერ არ დასრულებულა. ყოველშემთხვევაში სუპერლიგის მთავარი ინიციატორი დანებებას ადვილად არ აპირებს.

0.110753