კალათბურთი

10:07 | 8.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

სასტარტო ხუთეული, 25 წუთი და პირადი რეკორდი - გოგა ბითაძეს უფრო და უფრო ენდობიან (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძეს ბოლო დროს ხშირად ენდობიან და ის იმედებს ნამდვილად ამართლებს. ქართველი კალათბურთელის გუნდი მორიგ ტურში „მინესოტას“ დაუპირისპირდა და ძალზედ დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 141:137 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მან პარკეტზე 25:24 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 3 მოხსნა 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო არ უსვრია. მას ბურთი არ დაუკარგავს და 4-ჯერ დაჯარიმდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მაილს ტერნერისა და დომანტას საბონისის არყოფნის გამო ქართველ ცენტრს მეტი სათამაშო დრო ეძლევა, რასაც გოგა ძალიან კარგად იყენებს და NBA-ში პირადი რეკორდიც დაამყარა. საქმე ის არის, რომ ახალგაზრდა კალათბურთელისთვის 14 ქულა სარეკორდოა, მას აქამდე ყველაზე მეტი 13 ქულა ჰქონდა ჩაგდებული.

ყველაზე შედეგიანი „მინესოტას“ კალათბურთელი კარლ ენტონი თაუნსი იყო, რომელმაც არასრულ 35 წუთში 32 ქულით, 12 მოხსნითა და 6 პასით ორმაგი დუბლი მიითვალა. „ინდიანადან“ კი ყველაზე მეტი ქულა აარონ ჰოლიდეიმ ჩააგდო. 24 წლის ამერიკელის ანგარიშზე 22 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასია.

„პეისერსს“ 23 მოგების წილ 27 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 პოზიციაზე იმყოფება. გოგა ბითაძე და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 10 აპრილს, „ორლანდო მეჯიქის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

0.14216