ბლოგი

16:58 | 21.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

უცნაური პაპა

უცნაური პაპა წერეთლის გამზირზე, მე-9 სართულზე ცხოვრობს. მისი ბინის ფანჯრიდან ეროვნული სტადიონის უმცირესი ნაგლეჯი მოსჩანს. საღამოობით, როდესაც ფანჯარასთან მიმჯდარი პაპა ჩაის ხვრეპს, დარდიანად გასცქერის სტადიონის ნაგლეჯს და როგორც ჭეშმარიტად ნოსტალგიური ქართველი მოხუცი, ისიც დარდიანად იხსენებს ჯეელობას.

იხსენებს სლავა მეტრეველსა და შოთა იამანიძეს, მიხეილ მესხსა და ზაურ კალოევს... სტადიონის შესასვლელებთან ჩამწკრივებულ ცხენოსან მილიციელებსაც იხსენებს, რომელთაც ბავშვობაში არაერთხელ მიუტყეპავთ სტადიონზე უბილეთოდ გამძვრალი ის და მისი მეგობრები. სტადიონის სალაროებთან მოტრიალე ეშმაკი გადამყიდველები, ბილეთებზე მონადირე დიდი და პატარა, ხარკოვის “მეტალისტი” და ვოროშიროვგრადის “ზარია”, ტაშკენტის “ფახთაქორი” და ალმა-ათის “ყაირათი”, სტადიონზე მსხდომი ხინკალა ქუდიანი, მოჟრიამულე, მოკლე ულვაშებიანი ბიჭები, თბილისური ლუდხანის “პივის ჩეკები” - ახლა ეს ყველაფერი მისთვის მხოლოდ მოგონებებია, წარსულია...

აგერ უკვე ათი წელია ასე ზის თავის ფანჯარასთან, უშვილძირო პაპა და ასეთი ფიქრებით თავდამძიმებული და დახუნძლული, რის ვაი-ვაგლახით იძინებს ზაფხულობითაც კი ცივ ლოგინში. მასთან მხოლოდ მერიის სოციალური მუშაკები დადიან, რომლებსაც ფქვილი, შაქარი, ზეთი და ასეთი რამეები მოაქვთ. უცნაური პაპა შეჭირვებულთა სახელმწიფო პროგრამაშია შეყვანილი და საჭმელები უფასოდ ერგება. მოხუცი სახლიდან წლების მანძილზე არ გასულა. განა იმიტომ, რომ არ შეუძლია. ძალიან კარგადაც შეუძლია, მაგრამ რა უნდა აკეთოს გარეთ? ივლის, ივლის და ისევ “დინამოს” სტადიონთან აღმოჩნდება, იქ კი მისი ასაკის კაცისთვის დარდის მეტი არაფერია.

საიდუმლოს გეტყვით. პაპას ძველი, მაგრამ მუშა ტელევიზორი აქვს, რომელსაც სოციალურ მუშაკებს საგულდაგულოდ უმალავს. მეზობელმა უთხრა, ტელევიზორი რომ გინახონ, დახმარებას აღარ მოგცემენო. შეიძლება სიმართლეს არც ამბობდა მეზობელი, მარამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. მეზობლის მეფსონე ბიჭმა უცნაურ პაპას ჩემპიონთა ლიგის თამაშების განრიგი ჩააწერინა. ამიტომ, როდესაც ლიგის თამაშებია, მხოლოდ მაშინ გამოაცუხცუხებს თავის უძველეს “რუბინს”, დადგამს ლოჯიაში, ხელის კანკალით შეუერთებს ანტენას და კიდევ ერთხელ რწმუნდება, მისი ახალგაზრდობის შემდეგ, თუ რაოდენ წინ წასულა ცხოვრებაცა და ფეხბურთიც. უცქერის როგორ ქარივით დაჰქრიან მბაპე თუ მესი, რონალდუ თუ ეტოო და როდესაც ამათ ძველ ფეხბურთს ადარებს, მაინც არ უნდა აღიაროს, რომ ახალი სჯობია.

არ გეგონოთ, რომ პაპა უტვინო კაცია, ან კარგისა და ცუდის გარჩევა არ შეუძლია. უბრალოდ ვერასოდეს შეელევა იმ მოგონებებს, სადაც ძველი, გაცრეცილი ფოტოსურათებივით გაიელვებენ კალოევის, მესხის, მეტრეველის, იამანიძის და სხვა “ოქროს ბიჭების” სახეები..

ბედი არ გინდა? პაპას ის თავისი საიდუმლოდ გადამალული “რუბინი” მაინცა და მაინც 26 მაისს, ანუ ჩემპიონთა ლიგის ფინალის დღეს გაუფუჭდა. რა უნდა ექნა? ძალიანაც კი არ უყვარდა გარეთ გასვლა, მაგრამ იმდენად აინტერესებდა მესის, რონალდუს და სხვა “სემიჩკა ბიჭების” ბურთაობა, რომ ბევრი არც უფიქრია, ჩაიცვა თავისი ნაცრისფერი საგარეო კოსტუმი და სახლიდან გამოვიდა. მეზობლებთან თამაშის სანახავად შესვლა არც უფიქრია, ისე გაუყვა წერეთლის გამზირს.

წერეთელზე კი, სხვა რა უნდა ნახო, გარდა სამორინე კლუბების, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიების და მარკეტებისა. შევიდა უცნაური პაპა მყვირალა და ნერვიული ბიჭებით გადაძეძგილ ტოტალიზატორში, მის დანახვაზე სკამიდან მსწრაფლივ წამოფრინდა ერთი წვეროსანი ჯეელი და ადგილი დაუთმო. ყველა ამ უცნაურ მოხუცს იყო მიჩერებული, უცნაური პაპაც გვარანად დაბნეული აცეცებდა თვალებს და თამაშის დაწყების მაცნე მსაჯის სასტვენმა სწორედაც რომ დროულად მოუსწრო ყველას. აბა ვიღას გაახსენდებოდა უცნაური მოხუცი, როდესაც უკვვე მე-10 წუთზე მთელი დარბაზი ღრიალებდა და მოგებულ ბილეთებს ბაირაღივით აფრიალებდა. და უკვე მეორე ტაიმში ვიღაცამ დაიძახა: “პაპა ცუდად არისო!” ყველამ პაპასკენ მიიხედა, რომელსაც თვალები დაეხუჭა და მძიმედ სუნთქავდა. სულ მალე პაპა სასწრაფოს მანქანაში იწვა და საავადმყოფოსკენ მიჰქროდა, გოლის გამტანი კი, ჭოჭმანობდა გოლის აღანიშნავად გაეხადა თუ არა მაისური. ტოტალიზატორში შეკრებილი ჯეელები რატომღაც ძველებურად აღარ ხმაურობდნენ და ჩუმ-ჩუმად აპარებდნენ თვალს იმ ადგილისაკენ, სადაც რამდენიმე წუთის წინ უცნაური პაპა იჯდა.

0.112319