კალათბურთი

10:00 | 26.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

10 ქულა 12 წუთში: გოგა ბითაძე "ინდიანას" გამარჯვებაში დაეხმარა (+VIDEO)

"ინდიანაში" როგორც იქნა, გოგა ბითაძეს სათამაშო დრო დაუთმეს. „პეისერსმა“ NBA-ს მორიგ კალენდარულ დღეს „ტორონტო რეპტორსთან“ ითამაშა, რომლის წინააღმდეგ ორი დღის წინ დამარცხდა, მაგრამ ამჯერად გამარჯვება მოიპოვა - 129:114.

ქართელი ცეტრი 11:57 წუთით გამოჩნდა პარკეტზე და ხსენებული დრო შესანიშნავად გამოიყენა. გოგამ 10 ქულა, 2 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. ბითაძემ 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.

მოგეხსენებათ, გოგა ბითაძეს სეზონის სტარტი ტრავმის გამო გაუცდა და მოედანზე მიმდინარე სეზონში პირველად 18 იანვარს, „კლიპერსთან“ გამოჩნდა, როდესაც 15 წუთში 5 ქულა მიითვალა. მას შემდეგ ზედიზედ სამმა თამაშმა ისე ჩაიარა, რომ „ინდიანას“ მთავარ მწვრთნელ ნეით ბიორკგრენს ქართველი კალათბურთელისთვის შანსი არ მიუცა და მხოლოდ ახლა ენდო 12 წუთით. აქედან გამომდინარე, გოგასთვის ამ მცირე დროში მოპოვებული 10 ქულა ძალზე მნიშვნელოვანი იყო.

რაც შეეხება „ტორონტოსთან“ მატჩის გმირს, ის უდაოდ მალკოლმ ბროგდონი იყო, რომელმაც 36 ქულა, 7 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. მაილს ტერნერი კი საკუთარ გუნდს 21 ქულითა და 10 მოხსნით შეეწია. „ტორონტოში“ საუკეთესოები ფრედ ვანვლიტი (25 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი) და ნორმან პაუელი (24 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი) იყვნენ.

„ინდიანა პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 10 გამარჯვებით და 7 მარცხით მეოთხე ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 28 იანვარს, სტუმრად „შარლოტ ჰორნეტსთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102772