კალათბურთი

10:24 | 17.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმს ჰარდენის დებიუტი "ბრუკლინში": სამმაგი დუბლი რეკორდით! (+VIDEO)

NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს „ბრუკლინი“ საკუთარ მოედანზე „ორლანდო მეჯიქს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 122:115 მოიგო. „ნეტსის“ შემადგენლობაში ჯეიმს ჰარდენის დებიუტი სწორედ ამ შეხვედრაში შედგა.

ბრუკლინელთა რიგებში საუკეთესო კევინ დურანტი იყო, რომელმაც 40 წუთში 42 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ჰარდენმა კი სადებიუტო შეხვედრაში სამმაგი დუბლი შეასრულა. „ბაბუაწვერამ“ პარკეტზე 32 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 32 ქულა, 12 მოხსნა და 14 პასი დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ჰარდენი NBA-ს ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც სადებიუტო მატჩში სამმაგი დუბლი მინიმუმ 30 ქულის მოპოვებით შეასრულა.

„ორლანდოს“ შემადგენლობაში საუკეთესო მონტენეგროელი ნიკოლა ვუჩევიჩი იყო, რომელმაც 36 წუთში 34 ქულით 10 მოხსნითა და 7 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

„ბრუკლინ ნეტსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 8 მოგებით და 6 წაგებით მეხუთე ადგილზე იმყოფება, ხოლო „ორლანდო მეჯიქს“ 6 გამარჯვებით და 7 მარცხით მერვე პოზიცია უკავია.

0.117078