ბლოგი

13:07 | 14.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხელიდან გაშვებული ისტორული შანსი

12 ნოემბერი აუცილებლად შევა ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ სწრედ ამ დღეს გვქონდა უნიკალური შანსი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები არსებობის მანძილზე პირველად გასულიყო დიდ საერთაშორისო ფორუმზე და ყველასათვის, პირველყვლისა კი ჩვენი ხალხისთვის საჯაროდ ყოფილიყო განცხადებული, რომ ქართული ფეხბურთი არსებობს, ქართული ფეხბურთი ჯერ კიდევ ცოცხალია!

სამწუხაროდ მოხდა ის რაც მოხდა და ახლა გორან პანდევის გამოცდილებას “დავაბრალებთ“ თუ ჩვენების უგერგილობას - ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა. ობიექტურები რომ ვიყოთ, ეს მარცხი სულაც არ იყო დაუმსახურებელი. რასაკვირველია შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები რაიმე განსაკუთრებული სიძლიერის გუნდია, მაგრამ მათი ძალა, მონდომება და გამოცდილება საქართველოს ნაკრების დამარცხებას სრულებით ეყო და ეს ჩვენთვის გულსატკენი ჭეშმარიტება განსაკუთრებით მეორე ტაიმში განცხადდა.

არადა, როგორი იმედებით ველოდით 12 ნოემბრის გათენებას და მოსაღამოვებას... მიუხედავად იმისა, რომ უეფამ ეროვნულ სტადიონზე ქომაგთა გარკვეული რაოდენობის დაშვების უფლება მოგვცა და ეს შესაძლებლობება გამოყენებული არ იქნა, ყველა მაინც დიდი მოლოდინით შევხვდით ამ თამაშს. ფეხბურთთან მწყრალად მყოფი ადამიანებიც კი აღარ წუწუნებდნენ - რა იყო, ამ ფეხბურთმა ასე ყველა რატომ გადაგრიათო. ყველამ იცოდა, რომ ეს არ იყო უბრალოდ ფეხბურთი და სანახაობა.

თბილისში ყველა საქართველოსა და მაკედონიის თამაშზე საუბრობდა. მოქალაქეები ემზადებოდნენ მეგობრებთან ერთად ფეხბურთის სანახავად და იქვე დასაჩენად, რადგან მოგეხსენებათ 22 საათის შემდეგ ე.წ. კომენდანტის საათი იწყებოდა და ქალაქში გასვლა 2 ათასლარიანი ჯარიმით ისჯებოდა. ყველა ყიდულობდა ლუდს, სასუსნეულს, დროშებს. ჯერ კიდევ შუადღეს შემხვდენენ 10-12 წლის ბიჭები, რომლებსაც წინდაწინ მოეხატათ სახე საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში. სამარშრუტო ტაქსის მძღოლს საკუთარი ინიციატივით ავტომობილში დროშები და დიდი პლაკატი გამიეფინა, სადაც ეწერა, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა. ხალხს თითქოს დავიწყებოდა ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური სიტუაცია, პოლიტიკური ქაოსი და ვერაგი პანდემიაც კი, რამაც ჩვენი ცხოვრება ასე უცნაურად შეცვალა.

მაკედონიელებისგან განსხვავებით (ისინიც არსებობის მანძილზე პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე) სამწუხაროდ ჩვენი ოცნება ვერ ახდა. საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაც დავთმეთ და თამაშის მეორე დღეს ამ მარცხის გასაპროტესტებლად ფეხბურთის ფედერაციასთან მისული ახალგაზრდა ქომაგები ფედერაციის თანამშრომლებმა აქეთ შეურაცხყვეს. შემდეგ ისიც გაირკვა, რომ ხალხისგან ცარიელ ეროვნულ სტადიონზე პოლიტიკოსები, ხელისუფლებასთან დაახლოვებული მსახიობები და პოლიტიკოსების ოჯახის წევრები გამოჭიმულიყვნენ. ისინი არც 2 000 ლარიანი ჯარიმით დასჯილან და არც ისტორიული მარცხისთვის უგიათ პასუხი.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი კი გადადგა (მე თუ მკითხავთ აქამდეც რომ წასულიყო კარგს იზამდა) მაგრამ ამით რაღა შეიცვლება? ვინ იცის შემდეგში კიდევ როდის გვექნება ასეთი შანსი?... ნეტა ოდესმე მაინც თუ მოვესწრებით საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას?...

0.150384