ბლოგი

18:10 | 31.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

დღეს არჩევნებია!

დღეს არჩევნებია. შეგვიძლია ისიც კი ვთქვათ, რომ სიტყვა “დღეს ამ შემთხვევაში სრულიად უადგილო, რადგან ჩვენი ქვეყანა აგერ უკვე რამდენი წელია ერთ დიდ საარჩევნო შტაბად არის ქცეული. კანდიდატები, ლოზუნგები, მოწოდებები, დაპირებები, საპროტესტო აქციები, დროშამომარჯვებული თინეიჯერები... ეს ყველაფერი ლამის ყოველ წელს ქარბორბალასავით ტრიალებს ჩვენს თავზე და უამრავ ლოზუნგ-მოწოდებებში გახლართულები და თავგზაარეულები ფაქტობრივად ინსტიქტურად მივდივართ საარჩევნო ყუთთან, ინსტიქტურადვე ვხაზავთ იმ პარტიას, რომელმაც ყველაზე მეტად დაგვარწმუნა “ნათელი მომავლის გარდაუვლობაში“ და ფეხაწყობით ვბრუნდებით სახლში.

ჩვენი სახლი ხომ ჩვენი “ციხე სიმაგრეა“, სადაც გაცრეცილი შპალერი, გადახუნებულ იატაკი და მორყეული კარი გველოდება. სადაც შეგიძლია ჩართო 14 თვიანი განვადებით და რის ვაი ვაგლახით ნაყიდი ტელევიზორი და მოუსმინო არჩევნების შედეგებს. მოუსმინო როგორ ზეიმობენ არჩევნებში გამარჯვებული პარტიების წევრები პარლამენტში შესვლას და როგორ მოსთქვამენ და ილანძღებიან პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკოსები.

საქართველოში ყველა ქუჩას, ყველა კორპუსს და ყველა სახლს თავისი ისტორია აქვს. ჩვენი სახლების კედლებზე, ახლადგაკრული საარჩევნო პლაკატების გვერდით, ჯერ კიდევ არის შემორჩენილი წინა, იმის წინა, და კიდევ იმის წინა არჩევნების დროს გაკრული საარჩევნო პლაკატების ნაგლეჯები. ძველზეც და ახალ პლაკატებზეც ლამაზად გამოწყობილი, ტკბილად მომღიმარი ადამიანები ხატია, რომელებიც თხოვნით, მუდარით, ანდა სულაც მუქარით გთხოვენ ხმის მიცემას. მათ შორის ძალიან ბევრია ყოფილი სპორტსმენი რომლებმაც წარსული დიდება უკან მოიტოვეს და ახლა რიგით ხმისმაძიებლებად არიან ქცეულნი. რამდენიმე ათეულ ლარად დაქირავებულ საცოდავ ფოტოგრაფს ვინ იცის რამდენი კადრის გადაღება და რამხელა შრომა დასჭირდა იმისათვის, რომ ეს ყოფილი სპორტსმენები სწორედ ასე ტკბილად მომღიმარები და “ხალხზე მზრუნველები“ გადაეღო.

ჩვენი სახლის კედლებს ჯერ კიდევ ემჩნევა ნატყვიარები, ოღონდ საქმე იმაშია, რომ აღარ გვახსოვს ეს ტყვია ვინ ისროლა და ვის ესროლა. უფრო სწორად, ყველაფერი ძალიან კარგად გვახსოვს, მაგრამ თავდაუზოგავად ვცდილობთ დავიწყებას. ნატყვიარევი ძალიან ოხერი რამაა, ძნელად ამოდის კედლიდანაც, ფიქრიდანაც და მახსოვრობიდანაც. როდესაც თბილისში ყოველგვარი კანონის შიშის გარეშე პირველად გაისროლეს, მაშინაც არჩევნებზე იყო საუბარი, მაშინაც პლაკატებიდან გვიღიმოდნენ სპორტსმენ-პოლიტიკოსები და ჩვენც ხელები გვექავებოდა, არჩევნებზე სასურველ კანდიდატს როდის შემოვახაზავდით. თუმცა იმ განსხვავებით, რომ მაშინ ჩვენი ოთახის კედლებზე გაკრული შპალერი ასე გაცრეცილი არ იყო და არც იატაკი ჭრაჭუნობდა გამუდმებით და გულისწამღებად. თითქოს ცოტა სხვანაირები ვიყავით. უფრო მხიარული, უფრო მიმნდობი და ბოლოს და ბოლოს ომს გადაჩვეული ხალხი. ჩვენთან ომი დამარცხებასთან ასოცირდება, დამარცხება კი ნატყვიარევ კედლებთან.

სწორედაც რომ არაფერს არ ვივიწყებთ... რომელიღაც წინა არჩევნებზე, რომელიღაც პარტიის რომელიღაც მაჟორიტარის მიერ, ჩვენ სახლების წინ მაგიდებთან დადგმულ სკამებზე მსხდომი უბნის ლოთების ყველა თაობა ამბობს ამ სკამების დამდგმელთა სადღეგრძელოს. ამბობენ და მერე ჩუმდებიან, რადგან იმ პარლამენტარზე სკამის დადგმის იქით, განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ იხსნებენ. ანდა გახსენება არ უნდათ... ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, მის უბანში როდის რა გაკეთდა, ვინ გააკეთა და რატომ გააკეთა. ახალი ელექტრო ბოძის დადგმაც კი ყველას ბავშვებივით გვიხარია და გულში გვიღვივის იმის იმედი, რომ ერთ გაკეთებულს მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე და ჩვენც დაგვადგება საშველი, მაგრამ როდესაც მთავრდება არჩევნები, “აღმოვაჩენთ“, რომ ყველაფერი ძველებურად რჩება. უბნის ლოთები კვლავ მოკლედ ამბობენ რაიმე საქმის გამკეთებელი ყოფილი მაჟორიტარის და აწ უკვე პარლამენტარის სადღეგრძელოს და ჩვენს სამზარეულოში ისევ 1950 წლს გამოშვებული გაზქურა დგას.

ყველაფრის მიუხადავად, ჩვენ ძალიან, უზომოდ ოპტიმისტი ხალხი ვართ! ჩვენი ოპტიმიზმი უსაზღვროა და დაუსაბამო. სწორედ ამიტომაც გავძელით ამდენ ხანს! დღეს არჩევნებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112525