ფეხბურთი

11:34 | 21.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლომ კაპელოსა და ლიპის მიღწევა გაიმეორა

„იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში კიევის „დინამო“ ალვარო მორატას დუბლით 2:0 დაამარცხა. ანდრეა პირლომ კი ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე პირველივე თამაში მოიგო.

შედეგად, პირლო „იუვენტუსის“ მესამე მწვრთნელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე პირველივე საგარეო თამაში მოიგო. მანამდე ამ შედეგით თავს ლეგენდარული მარჩელო ლიპი და ფაბიო კაპელო იწონებდნენ. ლიპიმ 1995 წელს „იუვეს“ თავკაცის რანგში „დორტმუნდს“ სძლია სტუმრად (3:1), ხოლო კაპელომ 2004 წელს „აიაქსს“ (1:0).

კიევის „დინამოსთან“ მოგების შემდეგ პირლო თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა და თქვა, რომ „იუვემ“ სოლიდური თამაში ჩაატარა.

„მნიშვნელოვანი იყო სოლიდური თამაშის ჩატარება. შეგვეძლო გოლის გატანა პირველ ტაიმშიც, მაგრამ მეორე ნახევარიც კარგად ჩავატარეთ. კიელინის ტრავმამ ჩვენი გეგმები შეცვალა, თუმცა დემირალიც კარგად ჩაერთო. ჯორჯოს კუნთის პრობლემა აქვს, ეს სანაკრებო პაუზის შემდეგ აწუხებდა, ამიტომ არ ითამაშა „კროტონესთან“ და მისი მდგომარეობა უახლოეს დღეებში შეფასდება.

პაულო დიბალას სათამაშოდ დრო სჭირდება. ვნახეთ, რომ ჯერ არ არის 100%-ით მზად. ის საუკეთესო ფორმაში უნდა დაბრუნდეს. შეტევა? გავიხსენოთ, რომ გვაკლია რონალდუ, დიბალა ჯერ ბოლომდე მზად არ არის, ამიტომ, შეტევაში ცვლილებები იქნება, ჩემი მიზანია შეტევაში რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი გვყავდეს. კიეზა? ის შესაფერისი ფეხბურთელია იმ ფეხბურთისთვის, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ. ის არის გარემარბი, რომელსაც ორივე ფლანგზე კარგად შეუძლია თამაში“, - აღნიშნა პირლომ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსი“ მეორე ტურში საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ უმასპინძლებს. მატჩი 28 ოქტომბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123769