ფეხბურთი

13:14 | 14.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი: "რონალდუ კარგადაა და მზეზე ირუჯება"

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის მიუხედავად, საფეხბურთო სეზონი არ უნდა შეწყდეს, როგორც ეს გასულ სეზონში მოხდა. გარდა ამისა, იტალიელმა კრიშტიანუ რონალდუზეც გააკეთა კომენტარი, რომელსაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდა.

„კრიშტიანუს ვესაუბრე და კარგადაა, მითხრა, რომ მშვიდადაა და მზეზე ირუჯება. მალე დაგვიბრუნდება. ზოგადად, კორონავირუსს რაც შეეხება, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თამაში უნდა გავაგრძელოთ. საჭიროა სიფრთხილის ზომები მივიღოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თამაში არ უნდა შევწყვიტოთ. ამას ორი მიზეზი აქვს: ეკონომიკური და სოციალური.

წინ უნდა ვიაროთ, ფეხბურთელებმა ვიცით, რომ რისკის წინაშე ვდგავართ და ამისთვის მზად ვართ. წინ უნდა წავიდეთ, რადგან ფეხბურთი ეკონომიკური მოძრაობაა და ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა და დღეს შვედეთთან ვერ ითამაშებს. 35 წლის თავდამსხმელი „იუვენტუსსაც“ დააკლდება უახლოეს მატჩებში და დიდი შანსია, რომ ვერც 28 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ბარსელონასთან“ ითამაშოს.

0.154194