ბლოგი

14:52 | 20.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვინ შეეჭიდება “იუვეს?“

ქომაგი რომ ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია - ამაზე დიდი ხანია ყველა შეთანხმდა. თუმცა მსოფლიო ჯერჯერობით იმაზეც შეთანხმდა, რომ მოძალებული კორონა-პანდემიის გამო გარკვეული პერიოდი ევროპის წამყვანი საფეხბურთო ჩემპიონატები კვლავ გულშემატკივრის გარეშე გაიმართება და გამონაკლისი ამ მხრივ რა თქმა უნდა არც იტალიაა.

იტალიის “სერია ა“ მხოლოდ გუშინ დაიწყო და ვერა კაცი ვერ გათვლის როგორი იქნება 2020-2021 წლების სეზონი. თუმცა, ადამიანები ზოგადად ოპტიმისტები ვართ და იტალიაში ბევრს სჯერა, რომ სწორედ წელს შეიცვლება ჩემპიონი და ერთი წლით მაინც დასრულდება ტურინის “იუვენტუსის“ ბოლო წლების ესოდენ დაუსრულებელი ჰეგემონია.

საკუთრივ “იუვენტუსის“ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და ვერც იმას ვიტყვი, რომ ტურინულმა გიგანტმა ეს ამდენი სკუდეტო ბოლო წლებში უსამართლოდ მოიპოვა. მაგრამ ნამდვილად გავიზიარებ იტალიელი საფეხბურთო მიმომხილველების წუწუნს, რომლებსაც უბრალოდ ყელში ამოუვიდათ ესოდენი ერთფეროვნება და ყველა იმაზე მოსთქვამს, რომ იტალიის ჩემპიონატი თანდთან აწყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის ჩემპიონატს ემსგავსება, სადაც ბერლინის “დინამო“ ჩემპიონი ზედიზედ ათჯერ ხდებოდა და ეს ჩვეულებრივ ამბად იყო მიჩნეული.

ისე კი, ტურინელთა მუდმივი ჩემპიონობა თავად “იუვეს“ სიძლიერის გარდა იმითაც იყო განპირობებული, რომ ბოლო წლებში სხვა ვერც ერთი იტალიური კლუბი ფინანსურად თუ სხვა მხრივ წელი ვერ გაიმართა ისე, რომ “ზებრებისთვის“ შესაბამისი კონკურენცია გაეწიათ. “ნაპოლის“, “რომას“ და “ინტერის“ უკანასკნელი წლების მცდელობები, ფაფხური და წვალება კი ტურინელთა ჩემპიონობის ფონზე ისტორიის მტვერში ისე ჩაიკარგება, როგორც დაგიბარებიათ.

იტალიის გასულ საფეხბურთო ჩემპიონატში გამოჩნდა, რომ თანდათან სახეს იბრუნებს ლეგენდარული “მილანი“, რომელიც როგორც ვხედავთ ევროპის რანგით მეორე საერტაშორისო საკლუბო ტურნირზეც იჩენს ფხას. რთულია შორს მიმავალი პროგნოზების კეთება, მაგრამ მან, ვინც იტალიური ფეხბურთის რაობა კარგად იცის იმაში დამეთანხმება, რომ თუკი ვინმეს რეალურად განუხორციელებია “იუვეს“ მწვერვალიდან “დემონტაჟი“, ეს მუდამ “მილანი“ იყო და შავ-წითლებს დიდი იმედი აქვთ, რომ სწორედ 2020-2021 წლების სეზონში შედგება მათი გუნდის დიადი დაბრუნება.

ჩვენს მიერ უკვე ხსენებული “ინტერის“, “ნაპოლის“ და “რომას“ გარდა, რომის მეორე გუნდი “ლაციოც“ იქნება მათ შორის, რომელიც სატურნირო ცხრილის ზედა საფეხურებისთვის იბრძოლებს. მეც მათ შორს ვარ, რომელსაც ბოლო წლებში “ლაციოს“ თამაში მოსწონს და მისი პერსპექტივებისაც მჯერა, მაგრამ მეეჭვება “არწივებს“ ჩემპიონობამდე ამბიციები და ილაჯი ეყოთ.

რაც შეეხება დიდი წარულის მიმქრალ ლანდება - “ფიორენტინას“, “პარმას“, “ტორინოს“ და სხვა... თანამედროვე ფეხბურთში, სადაც საფეხბურთო კლუბები მილიონებს კი არა, უკვე მილიარდებს ეთამაშებიან, ეს კლუბები ჯერ კიდევ რომ არსებობენ უკვე მიღწევაა და მათი ყოველი გამარჯვება წელსაც დატოვებს იმედს, რომ არსებობს ადგილები, სადაც დიდი ფეხბურთი მბაპეს, მესის, რონალდუს და ნეიმარის გარეშეც ითამაშება!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115147