ბლოგი

14:19 | 6.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

იმიჯი

ბოლო წლებში უამრავი ახალი პროფესიის საჭიროება შეიქნა, მათ შორისაა იმიჯმეიკერისა და პიარმენეჯერის პროფესიები. თანამედროვე ურთიერთობებმა თან მოიტანა პიროვნებისა თუ ორგანიზაციის იმიჯზე ზრუნვის აუცილებლობა, თუმცა კი, ერთმანეთზე სასურველი შთაბეჭდილების მოსახდენად, გარკვეულ ადამიანები ხერხებს უხსოვარი დროიდან მიმართავენ.

ზოგადი განმარტებით, იმიჯი ესაა მიზანმიმართულად შექმნილი განსაკუთრებული სახე, წარმოდგენა რომელიც ადამიანს გარკვეული წრისათვის გარკვეული სახით წარმოაჩენს. იმიჯი გვჭირდება ყველას, თუმცა კი უფრო მეტად იგი ასოცირდება სპორტთან. უამრავი სპორტსმენი ცდილობს, მისთვის მისაღებ გარემოში ისეთი სახით წარმოჩნდეს, როგორადაც თვითონ სურს საკუთარი თავის ხილვა, თუმცა, ძალიან ხშირად, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ნაკლებად ვართ ისეთები, როგორი სახის ჩვენებაც უცხო გარემოსთვის გვსურს.

სპორტსმენის და სპორტული კლუბის იმიჯზე, როგორც წესი, ფსიქოლოგები და პიარსპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც პირველ რიგში სწავლობენ იმ აუდიტორიის მოთხოვნებს, ვისთვისაც უნდა შეიქმნას კონკრეტული სუბიექტის კონკრეტული იმიჯი. იმიჯი შეიძლება იყოს პირდაპირი და ირიბი. პირდაპირია, როცა ვთქვათ კრიშტიანუ რინალდუ თავად გასცემს ინფორმაციას საკუთარ თავზე გარეგნობით იქნება ეს, ვერბალურად, პროფესიით თუ გარემომცველი სამყაროს მიხედვით. ირიბი იმიჯის დროს კი სპორტსმენის შესახებ ინფორმაციას გასცემენ სხვები. იმიჯი შეიძლება იყოს დადებითიც და უარყოფითიც, და თითქმის წარმოუდგენელია, რომ ფეხბურთელს ანდა მის გუნდს მხოლოდ დადებითი, ანდა მხოლოდ უარყოფითი იმიჯი ჰქონდეს.

ევროპაში ამბობენ, რომ ცხოვრების ახალი სტილის დამკვიდრების პროცესებმა, დემოკრატიზაციის პროცესმა თავისთავად შექმნა ის გარემო, რომ თვითეულ ჩვენგანს მეტად უწევს საკუთარი იმიჯის შექმნასა და მის დემონსტრირებაზე მუშაობა. ეს ყველაფერი განაპირობა საზოგადოებაში ინდივიდის როლის გაძლიერებამ.

სწორედ იმიჯმეიკერების დამსახურებაა, რომ ბოლო წლებში აშკარად დაიხვეწა სპორტსმენების ჩაცმის ეტიკეტი. ანუ გარეგანი იმიჯი. ასევე აღსანიშნავია, რომ ბევრად გამოსწორდა ბევრი სპორტსმენის ვერბალური იმიჯიც, რაც სწორედ სპეციალისტთა მუშაობაზე მეტყველებს. ეს ნაბიჯები საზოგადოებისთვისაც გახდა შესამჩნევი და ზოგი მოსწონთ, ზოგი არა, რაც იმიჯმეიკერს იმის საშუალებას აძლევს, რომ იმუშაოს იმ კუთხით, რაც ხალხს არ მოსწონს. პიარის დამკვიდრებასთან ერთად წინ წამოიწია ორგანიზაციული იმიჯის ცნებამაც, დააკვირდით გუშინ ყველასთვის უცნობი საფეხბურთო კლუბები როგორი მიზანმიმართული, პერმანენტული ნაბიჯებით მიიწევენ იმიჯის გასაუმჯობესებლად.

საქართველოში, როგორც ტრადიციულ კულტურაში, უფრო მეტად მისაღებია ფიზიკურად ძლიერ, ენერგიული, მიზანსწრაფული, მკაცრი მამაკაცის ტიპი. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ამ თვისებებს კიდევაც ეძებს ლიდერში ადამიანთა უმრავლესობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იუმორის გრძნობა. ეს ჩვენს კულტურას არ აკლია და შესაბამისად, სასურველია, პოპულარობის მაძიებელ სპორტსმენსაც გააჩნდეს.

ცნობილია, რომ ამერიკაში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვისას, მოსახლეობამ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის დასვენების რეჟიმი წარმოუდგენიათ ქალაქგარეთ ჩოგბურთის თამაშით. რასაკვირველია, ტრამპმა ამგვარი დასვენების რეჟიმი განახორციელა და ეს ტელევიზიითაც გადაიცა. ასე რომ იმიჯი ძალზედ კომპლექსური ცნებაა და მის ჩამოსაყალიბებლად მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106152