ბლოგი

12:59 | 23.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიდი რაინდი ლიონთან ახლოს

- ზაფხული წელში გამიართა და გვარიანადაც დაცხა. აბა ამ დროს რონას ველზე ჯირითი იქნება? თან ეს რა ბუკისა და ნაღარის ხმაა ჩემო მეგობარი სანჩო? ვინ ზეიმობს აგრერიგად და რა ამბავია?

- მეტი რაღა ამბავი უნდა იყოს ჩემო ბატონო. აგერ, იმ ველის ბოლოს, ქალაქ ლიონია და იქაურებს საზეიმო ჰაი ჰაი რომ აქვთ და აქვთ.

- მაინც რას ზეიმობენ ამოშაქრე შე ზანტო და ურჯუკო შენა!

- რასა და იქაურ ფეხბურთის გუნდს სულ ერთიმეორეზე მიუწყვია ევროპის გრანდები და იზეიმებენ აბა რა ოხრობას იზამენ...

- მერე რა, თასს ეგ მაინც ვერ აიღებს და...

- თასია სულ ცხოვრება? ეგაა სულ სიხარული განა?

- მოიცადე, სულ ამებნა თავგზა. ეგ როგორ? მაშ აბა მაშ რა არის ცხოვრება?

- ცხოვრება უეცარი სიხარულია ჩემო ბატონო, თუნდაც ეს ათასში ერთხელ ხდებოდეს.

- ვახ, ეს რაები მესმის. განა ეგეთი რამეც შეიძლება? მაგარამ შენ ის მითხარი, მაშ ტიტულმრავლობა და ევროთასები რაღაა?

- ეგ ყველაფერი ეშმაკის მოგონილია რაინდო!

- ამას შენ ამბობ სანჩო? შენ, რომელიც ორი ოქროს გამო ვირის სკორეში ჩაწვები?...

- მე ფული დასანახად მიყვარს ჩემო ბატონო. ზედ სულ ჭკვიანი და გამოჩენილი ხალხი ახატია. მე ყველაზე მეტად 500 ევროიანი მომწონს. იგეთია, რომ ავ თვალს არ დაენახვება.

- ვითომ ჩვენს პესოებს სჯობია?

- ჯობია და მერე როგორ. თან ახლა სადღაა ის ბეჩავი პესო? ახლა ლამანჩაშიც, ესპანეთშიც და მთელს ევროპაშიც ფულს ევრო ქვია და ვინ იცის ჩვენი მეფეები სულ საფლავში მალაყებს აკეთებენ. – ჩვენი სახეები ფულზე რატომ აღარ გიხატიათო. ამათ კიდე გამოჩენილი ხალხი ფულზე ჩახატულ–ჩაწიკწიკებული ყავთ.

- 200 ათასი ევრო დიდი ფულია სანჩო?

- იმოდონაა, რომ ჩვენ რომ მოგვცა, მაგ ბეხრეკი ჯაგლაგი ცხენიდან კაი არაბულ ბედაურზე გადაჯდებოდი ჩემო ბატონო. მე კიდევ, ჩემს ვირს კახელ გოგიას ვაჩუქებდი, წავიდოდი რუსთავის ავტობაზრობაზე და ისეთ “ჯიპში“ გავადენდი ტყაპანს – ჩვენი სოფლის უჟმური მამასახლისიც სომბრეროს მოხდით მომესალმება.

- მაგარამ ჩვენ აბა ვინ მოგგვცემს ამ ფულს სანჩო? შემირცხვენია შენნაირი საჭურველთმტვირთველი, რომელმაც აქამდე ერთი კარგი რჩევაც კი ვერ მისცა თავის ბატონს.

- ჩვენც ვქნათ რამე, მაგრამ ისეც ნუ იზამთ რაც შარშან ქენით!

- რას გულისხმობ სანჩო? ვგრძნობ რაღაც საშინელი და ღვარძლიანი უნდა მითხრა და წინასწარ გაფრთხილებ, რომ ჩემი ხმალი ჯერ კიდევ ჭრის!

- ღვარძლი რა არის არც კი ვიცი ჩემო ბატონო. მე უბრალოდ ის გამახსენდა, სარანჩაში სტადიონზე ყველას შუბს რომ უღერებდი, ანდალუზიელებთან რად წააგეთო.

- უნდა მოეგოთ კიდეც! მაგრამ ავსულებმა და ბოროტმა ძალებმა თვალნი აუხვიეს სარანჩელების მეკარეს. ის ვერაგი პორტუგალიელი შემტევი კი მაინცდამაინც მაშინ გაიშალა მხრებში. მოდი ნუ გავიხსენებთ ამას სანჩო. ეგრე მეც შემიძლია მრავალი მწარე რამე გაგიხსენო და...

- კარგი ჩემო ბატონო არ ვიჩხუბოთ. მით უმეტეს, აგერ ლიონიდან, საიდანაც სიხარულის ყიჟინა გამოდიოს, ავტომობილი თოხარიკით მოემართება და მძღოლი უკეთ გვეტყვის აქაური დიდი ზეიმისა და გამარჯვების ამბებს. მივალ და გამოვკითხავ ყველაფერს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117664