ბლოგი

12:05 | 9.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ეს ჩვენ შეგვიძლია!

მოდით, პირდაპირ ერთგვარი პათეტიკური კითხვით დავიწყებ: რატომ ვართ ვალდებულები, რომ ბელორუსის საფეხბურთო მატჩზე (თუკი ქომაგები დაგვიშვეს), გავავსოთ ეროვნული სტადიონი?! ყველას ჩვენ-ჩვენი წვრილმან-მსხვილმანი პრობლემები და საქმეები გვაქვს. ზოგს ფეხბურთთან მწყრალად მყოფი დირექტორები დააყოვნებენ სამსახურში და ზოგს ცოლები დაავალებენ ბავშვის პამპერსებისა და საჭმელის მოსატანად საშოვარზე წასვლას. ზოგს მეგობრები მიიწვევენ დიდ-პატარა სუფრებზე და ყანწის ტრიალს შესთავაზებენ. იქნებიან ისეთებიც, რომელთაც, საკუთარი გაფუჭებული ავტომანქანის ხელოსანის ”თავზე დადგომა” აქვთ გადაწყვეტილი. ავად გამხდარი ხალხი ხომ იქნებიან და იქნებიან... მაგრამ, ამ ათასი პრობლემებისა და ვაგლახის მიუხედავად, ფეხბურთზე მწყრალად მყოფი “ხაზეინებისა” და ზანტი ხელოსნების არსებობის მიუხედავად – ჩვენ ამ ერთ დღეს, უნდა ავდგეთ, მაქსიმალურად უბრალოდ ჩავიცვათ, თუკი საკუთარი არ გვაქვს, მეზობლისაგან ვინათხოვროთ დროშები და მწყობრი თუ არეული ნაბიჯებით გავუყვეთ წერეთლის გამზირს. ჩვენ უპირველესად საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცოთ, რომ გადატენილი ეროვნული სტადიონი მხოლოდ წარსულის ლამაზი ზმანება არ არის და დღესაც ისეთივე გულიანი და საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის ერთგული ხალხი ვართ, როგორც ათეულობით წლების წინ ვიყავით. პირთამდე გადატენილი სტადიონი ხომ ჩემს თაობას მხოლოდ ერთხელ – გერმანიის ეროვნულლ ნაკებთან მატჩში ახსოვს.

არავინ იცის, საქართველოს ნაკრები რას იზამს ბელორუსთან მატჩში. რეალურად რომ ვიმსჯელოთ, არც ჩვენი გუნდის მარცხი იქნება დიდად გასაკვირი რამ, რამეთუ, ამჟამინდელი კორონავირუსის თანმდევიმსიტუაცია ბევრ დაუჯერებელ რამეს რეალობად წარმოგვიჩვენს და ბევრი გუნდი შეიცვლის ზნესა და უნარებს. თუმცა, ჩვენ სხვა ნაკრები უბრალოდ არ გვყავს!

ეს შანსი თუ არ გამოვიყენეთ, თბილისში ისევ ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, ამათუიმ უცხო ნაკრების ქომაგობის გამო, ქართველი ბიჭების მიერ, ერთმანეთის ტყეპა და ყოველთვის ამოოხვრით ვიტყვით: ”ეჰ, ჩვენი გუნდის ჩემპიონატზე გასვლას ოდესმე თუ ვეღირსებითო” – სანამ ერთხელ მაინც არ დავიჯერებთ, რომ ქართველები არც ისეთი ცუდი ხალხი, ვართ, როგორც ამას რუსები სამი საუკუნის მანძილზე ჩავაგონებდნენ და ჩვენც ვიმსახურებთ დიდ, ხელშესახებ წარმატებებს.

ღრმად მწამს, რომ ბელორუსთან მატჩი გადამწყვეტი იქნება ქართული ფეხბურთისათვის. ან მართლაც ყველანი ჩვენ-ჩვენს პრობლემებს გვერდით გადავდებთ და პირთამდე გავავსებთ ეროვნულ სტადიონს, ანდა, ვიტყვით, რომ ჩვენ არ გავღელვებს მომავალი და არც ბნელ წარსულზე გვტკივა გული. მით უმეტეს, რომ ეს ”წარსულიც” თვითოეული ჩვენგანის მიერ იყო შექმნილი.

თუკი კაცს მოზრდილი შვილი ჰყავს, ქართველი ქომაგებით პირთამდე გადატენილ სტადიონზე კარგი რა უნდა აჩვენოს? როგორ შეიძლება ბავშვში პატროტიზმი მხოლოდ საბჭოთა დროს დაწერილი ისტორიული წიგნებით ინერგებოდეს, თუკი იგი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვერ ნახავს ერთ მუშტად შეკრულ ათეულობით ათას თანამოქალაქეს, რომელთაც პოლიტიკური პარტიებისადმი ტრფობა და მსგავსი საძაგლობები კი არა, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრები და ღირსების გრძნობა აერთიანებთ. ჩემი ნება რომ იყოს, საქართველოში აქამდე არსებულ ყველა ლოზუნგს ერთადერთით შევცვლიდი: ”ჩვენ არავისზე ნაკლებნი არ ვართ!”. სწორედ ამის გააზრებაა დღეს უმთავრესი, რადგან, მთლიანობაში ერთნაირად სისულელეა შენის დაკნინების ხარჯზე სხვათა ქება-დიდებაცა და უსაგნო, გულზე მუშტების ბრახუნით გამოხატული არაფრისმომცემი ფსევდოპატრიოტიზმიც. სწორედაც რომ, ჩვენ არავისზე ნაკლები არ ვართ! თუკი, საქართველოზე არანაკლებად გაჭირვებულ ურუგვაისა და ეკვადორში ივსება სტადიონები, ვითომ რატომ ვერ შევძლებთ ჩვენ ამას? ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ საკუთარ ეზოში მდგარი ”ამერიკის ასაკის კაკლით” თავმომწონება ხომ ვხვდებით, რომ არაფრისმომტანია...

0.116714