ბლოგი

12:57 | 2.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერთჯერადი ქვეყანა

თუკი საქართველოში ჩამოსულ ალექსანდრე დიუმას დავერწმუნებით, (ანდა რატომ არ უნდა ვერწმუნოთ?) მე-19-ე საუკუნის ბოლოს თბილისი პარიზზე ბევრად უფრო ძვირი ქალაქი იყო. დიუმა გაოგნებული იხსენებს იმ ეპიზოდს, როდესაც თბილისელმა დალაქმა თმის შეჭრაში მას იმაზე ლამის 10-ჯერ მეტი ფული სთხოვა, ვიდრე პარიზელი თუნდაც ცნობილი დალაქი მოსთხოვდა. ნახსენები თბილისელი დალაქი რა თქმა უნდა იმ ეპოქის ელიტარული “სტილისტი” იქნებოდა (ქართველები დიუმას არაპრესტიჟულ პარიკმახერს ნამდვილად არ აკადრებდნენ) და შესაბამისად, მეძვირეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ საპარიკმახერო მომსახურების ფასში თბილისსა და პარიზს შორის ამხელა სხვაობა მართლაც რომ ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.

ეს უზარმაზარი თემაა და სიმართლე რომ გითხრათ, ზუსტად არც კი ვიცი საიდან დავიწყო საუბარი. არადა რომელი რთულად მოსაყოლი ეს არის?! ერთი სიტყვით, ვთქვათ შედიხართ თბილისის რომელმე სასპორტო მაღაზიაში. თაროებზე ათასგვარი საჭირო თუ სრულიად არასაჭირო ნივთი აწყვია, რომელთა ფასები ხშირად ძალიან დიდია, თუმცა პოპულარულ მაღაზიაში შემსვლელმა კაცმა ფასზე წუწუნი არ უნდა დაიწყოს, რამეთუ თუ ფული არ გაქვს, ღმერთმა და კიდევ სხვა ვიღაცეებმა, განა ტყუილად შექმნეს ვაგზლის ბაზრობა...

ერთი სიტყვით, შეხვედით ამ სასპორტო მაღაზიაში და გინდათ, რომ მაღალხარისხიანი სპორტული მაისური იყიდოთ. თქვენი სურვილის გაგებისთანავე, მაღაზიის მომსახურე პერსონალი დაბზრიალდება და გაჩვენებთ და გიქებთ უამრავ მაისურს. ამ მაისურებს სულ პოპულარული უცხოური ბრენდების იარლიყები აქვს დარტყმული და აბა მათ ხარისხიანობაში ეჭვის შეტანა როგორ იქნება? ჰოდა, ბევრი რჩევის შემდეგ, საკმაოდ ძვირად ყიდულობთ მაისურს და შენაძენით აღფრთოვანებული მიეშურებით სახლისაკენ. ყველაფერი კი შემდეგ იწყება და ირკვევა.

ასე ძვირად ნაყიდი ეს თქვენი მაისური პირველსავე გარეცხვის შემდეგ კარგავს ფერს, ფორმას და გარეგნულ სახეს. თქვენც შესაბამისად კარგავთ მოთმინებას, მიეჭრებით მაღაზიის გამყიდველებს და ხმალამოღებული სარდალივით, ცხვირწინ უტრიალებთ მათ მიერ ნაქებ, მაგრამ უხარისხო გამომდგარ მაისურს.

გამყიდველები თქვენს ასეთ “გამოხდიომას” მომზადებულნი ხვდებიან. წამსვე იშიშვლებენ სათანადო ორგანოების მიერ გაცემულ სერთიფიკატს, სადაც მათ მაღაზიაში არსებული პროდუქციის ხარისხიანობაზეა საუბარი. გაბრაზებულს, მაგრამ ბედს შეგუებულს ისღა დაგრჩენიათ, მაღაზიას ბუზღუნით დაეცალოთ და ყველაფერი სარცეხ მანქანას ან სარეცხ საშუალებას დააბრალოთ.

ცნობილი ფირმის იარლიყის მირტყმას რა უნდა? ხელის ოსტატური მოძრაობა და ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი პროდუქცია “ჯორჯო არმანისად”, “ნაიკისად” და “უმბროსად” გარდაისახება და ნამდვილ თუ გაყალბებულ ნივთებში, მხოლოდ ერთი – “მცირე” სხვაობა შეიძლება დაინახოთ - მათი განუზომლად არაპროპორციული ფასი.

როგორც ჩანს, დიუმას შემთხვევით არ გაჰკვირვებია, როდესაც თბილისელი მეძვირე პარიკმახერიო იხილა. საქართველოში ადრეც იყო და ახლაც ძალიან ბევრია ხალხი, რომლებიც კლიენტურის გულუბრყვილობით (სხვა სიტყვის ხმარება არ მინდა) სარგებლობენ და მათ რამე “ისეთი” რომ უთხრა, აქეთ ბრალს დაგდებენ და პროვოკატორად გამოგაცხადებენ. არადა, ყველაფერი ისედაც თვალნათლივ ჩანს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108876