ბლოგი

13:04 | 12.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ეს ის ფეხბურთი არ არის!

“სიყვარულს დრო რომ ვერაფერს აკლებს“ - ეს მცნება ფეხბურთს და ფეხბურთის სიყვარულსაც ეხება. ეს სიყვარული შეიძლება გაიცვითოს, გახუნდეს, მაგრამ რაღაცნაირად არ გინდა მოშორება ბავშვობის მეგობრის მიერ ნაჩუქარი, რეცხვისგან გადაცრეცილი არგენტინის ნაკრების მაისურივით, რომელსაც აღარც ნომერი ეტყობა, ლურჯი ზოლებიც ერთიანად ფერწასული აქვს, მაგრამ მაინც გინდა ცოტა ხანს კიდევ “აცოცხლო“. ალბათ ადამიანის ბუნება ასეთია...

ცოტა არ იყოს უცნაური შესავალი კი გამომივიდა, მაგრამ ჩვენს დროში უცნაურობა აბა ვიღას უკვირს? მით უმეტეს ამ ყბადაღებული პანდემიის შემდეგ, როდესაც ჩვენს გარშემო მთელი სამყარო გადასხვაფერდა და მათ შორის სრულიად შეიცვალა იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატიც. ჩემპიონატი, რომელსაც ბავშვობიდან სეზონჩაუგდებლად ვუყურებ და მაინც არ მეთმობა მიუხედავად იმისა, რომ ეს ის ტურნირი აღარაა, რაც მე თავის დროზე შევიყვარე.

მიუხედავად კრიტიკოსთა არმიისა, მე მაინც ვფიქრობ, რომ კორონა-პანდემიამდე იტალიური ფეხბურთი მართალია ნელი ტემპებით, მაგრამ ვითარდებოდა. იტალიური კლუბები ევროტურნირებზე ევროპაში ისევ ვერ პირველობდნენ, მაგრამ დიდხნიანი პასუხის შემდეგ, “იუვენტუსის“ სამი წლის მანძილზე ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა უკვე იძლეოდა მომავლის იმედებს. ქომაგი კიდევ იმედის გარეშე უბრალოდ არ არსებობს და ეს იყო იმის მიზეზიც, რომ იტალიის უპირველეს ლიგაში ტიფოზები თანდათან უბრუნდებოდნენ სტადიონებს.

პანდემიის შემდეგ კი როდესაც რის ვაივაგლახით განახლებული იტალიის პირველობა ვნახე, სრულიად დავეთანხმე იტალიელ საფეხბურთო მიმოხილველებს რომლებიც ამბობენ, რომ ეს სრულიად სხვა ჩემპიონატია და წვალებით მოძუნძულე, მოსუქებული ბიჭების მოედანზე კოტრიალი რთულია ვინმეს მოეწონოს. იტალიური ფეხბურთის მომტერნენი აუცილებლად იტყვიან, რომ მოედანზე კოტრიალი ამ ჩემპიონატს ადრეც არ აკლდა, მაგრამ ფაქტია, რომ ტემპის ვარდნამ და მოტივაციის მკვეთრად კლებამ ვითარება ნამეტანი დაამძიმა და ეს ნებისმიერ თამაშში შეგვიძლია დავინახოთ.

ამ ზაფხულს იტალიის ჩემპიონატის ზუსტად ექვს შეხვედრას ვუყურე და არც ერთხელ ტელევიზორი არ გამოვრთე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვევა მაქვს ასეთი. განსაკუთრებით გულსატკენი იყო ჩემი საყვარელი კლუბის სრულიად გაურკვეველი ბოდიალი, რომელსაც რთულია ფეხბურთი დაარქვა. ფეხბურთელებსაც აშკარად ჩანს, რომ ერთი სული აქვთ როდის დასრულდება ეს გაუგებარი ჩემპიონატი, რომელიც უკვე მძიმე ვალდებულებად და აზარტს მოკლებულ ფსევდოსანახაობად ჩამოყალიბდა.

იმედია, როდესაც ჩვენი პლანეტა ერთხელ და საბოლოოდ შეძლებს პანდემიის დაძლევას, კვლავ გაგრძელდება ფეხბურთის განვითარება და აღარც “უაზროდ დიდ სიჩქარეებსა“ და “სათამაშო ტემპების ზრდაზე“ ვიწუწუნებთ. თუმცა იქამდე ისეთი რამის ცქერა გვიწევს, რაც ნამდვილად არ გვყვარებია და ალბათ ვერც ვერასოდეს წარმოვიდგენდით.

0.140547