ბლოგი

10:52 | 28.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

სხვა არჩევანი

რაც თავი მახსოვს, საქართველოში სულ იმაზეა მსჯელობა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ოდესმე მოხვდება თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე და გვექნება თუ არა შანსი, ერთხელ მაინც მივაღწიოთ უდიდეს საფეხბურთო ფორუმამდე.

ბევრს უკვე საერთოდ ხელი აქვს ჩაქნეული ასეთ სურვილებზე და მხოლოდ იმაზე ოცნებობს, გვივარდებოდეს “ყარაულის თოფი“ და ჯგუფის ლიდერებს თუ არა, აუტსაიდერებას, თბილისში მაინც ვამარცხებდეთ. ერთი რამ ცხადია - საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მრავალჯერ მოხვდებოდა, თავის დროზე უარი რომ გვეთქვა ევროპელობაზე.

ნახევარი საქართველო ისედაც იძახის, აზიელები ვართო. ჩვენ რომ მართლაც არაევროპელებად გვეცნო თავი, ერთხელ მაინც მოვხვდებოდით მსოფლიო ჩემპიონატზე იმ გუნდითაც კი, რომელიც ახლა გვყავს. ეს მოსაზრება უდავოდ ყურადსაღებია, მაგრამ მეორე მხარეა ქართული კლუბები, რომელთაც აზიის ზონაში გადასვლის შემთხვევაში განვითარების შანსები ერთიორად უმცირდებათ. ესეც არ იყოს, ქართველი ფეხბურთელების წესიერ გუნდებში გალეგიონერებაც ძალიან რთული ამბავი იქნება.

ისე კი ფაქტია, რომ საქართველოს რეალურად ჰქონდა საშუალება, გაეკეთებინა არჩევანი აზიის ზონის სასარგებლოდ. ფიფამ ჩვენ ეს შემოგვთავაზა. ეს მოხდა იმ დროს, როცა საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების გამო არავის არაფრისთვის არ ეცალა. იმ დროს, საქართველომ ფიფადან მიიღო შეთავაზება _ ხომ არ ისურვებდით, თქვენმა ნაკრებმა აზიის ზონაში ითამაშოსო, აქედან პასუხი არავინ გაუგზავნა, რადგანაც არავის ეცალა ისეთი “სისულელეებისთვის“, როგორიცაა ფეხბურთი, ჩემპიონატები და ა.შ.

მაშინ ფიფაში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ ეს ქვეყანა მიდის ევროპული გზით და ამიტომ ევროპის ზონაში უნდა ითამაშოსო. ასე გადაწყდა ჩვენი საკითხი. საქართველო, რა თქმა უნდა, ევროპული ქვეყანაა და ქართველები ევროპელები ვართ, მაგრამ როცა საშუალება გვქონდა, აგვერჩია მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის აზიის ზონაში თამაში, შემოთავაზებას პასუხიც არ გავეცით.

მაშინ ფეხბურთისთვის რომ მოგვეცალა, ვყოფილიყავით იტალიელებივით რაციონალურად განწყობილი ხალხი, ვიტყოდით _ მოდი, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად დავიბრალოთ, რომ აზიელები ვართ. ეს იქნებოდა პრაგმატული მიდგომა, რომელიც მართლაც უზრუნველყოფდა საქართველოს ნაკრების თამაშს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

იმ მომენტში, როცა ეს საკითხები წყდებოდა, საქართველო ფეხბურთში ჯერ კიდევ ითვლებოდა გრანდად თუ არა, მეორე ეშელონის გუნდად მაინც. საქართველოს ნაკრებით ფიფას აზიის გამდიდრება უნდოდა, მაგრამ ბოლოს ისე მოხდა, რომ ჩვენ გვაჩუქეს ადგილი საფეხბურთო ევროპაში, რისთვისაც არც გვიბრძოლია.

ნათქვამია, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო და იქნებ, მართლაც ეს იყო ერთადერთი საშუალება, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატამდე მიგვიყვანდა?! როდის დამთავრდება ეს “იქნებ“, კაცმა არ იცის...

0.130798