ბლოგი

11:04 | 21.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

უცნაური სატრანსფერო ლოგიკა

კრიშტიანუ რონალდუში და მესიში გადახდილი ათეულობით მოლიონი წყალში გადაყრილი თანხა არასოდეს იქნება. სულ რომ ქვეყანა დაიქცეს და მთელი კაცობრიობა უიღბლობამ შეიპყროს, რონალდუ და მესი ის ხალხი არ არიან, თავიანთი გასაკეთებელი რომ ვერ გააკეთონ და სკეპტიკოსებს სალაპარაკო მისცენ, თუმცა...

რამდენიმე დღის წინ, ტრადიციულად 2 დიპლომიან და ლაყაფის მოყვარულ ერთ-ერთ თბილისელ ტაქსისტთან მეტად საინტერესო საუბარი მქონდა. ტაქსისტი ჩიოდა იმაზე, რომ მათი ხელობის მაზანდას მისი ახლადგატაქსისტებული კოლეგები აგდებდნენ და თუკი ადრე ვაკიდან გლდანში კლიენტების წაყვანაში 14 ლარს ითხოვდნენ, ახლა 7 ლარადაც მიჰყავდათ. ტაქსისტი ამბობდა, რომ ფასების ასეთი არაერთგვაროვნება ყველა ტაქსისტს აზარალებდა, რადგან ერთხელ იაფად ნამგზავრი კაცი მეორედ ძვირს აღარ გადაიხდის.

ამ ამბის მოყოლა იმიტომ მომიხდა, რომ ვცდილობ ნათლად წარმოვაჩინო, კონკრეტულ სფეროებში თუ როგორი გავლენა შეიძლება მოახდინოს გრანდიოზულმა პირადმა ინიციატივებმა. საფეხბურთო სამყაროში კი, მადრიდის “რეალის” სატრანსფერო სფეროში “ინიციატივებმა” არაერთი მიმბაძველი კლუბი დაღუპა და როგორ ჩანს, კიდევ ბევრი ვერ ისწავლის ჭკუას.

რას ვერჩითმადრიდელებს, რომელთაც ბევრი ფულის მოზიდვა შეუძლიათ და “რასაცა გასცემ შენიას” პრინციპით ხელმძღვანელობენ? არც არაფერს ვერჩით. მადრიდელტა ბოსების ჭკუა და ბიზნესის ალღო მისცა ჩვენს თანამემამულე კლუბების პრეზიდენტებს და რაღა გვიჭირს, მაგრამ მრავალციფრიან რიცხვებში გამოხატული “რეალის” ირეალური ტრანსფერები ზოგადად რა გავლენას მოახდენს ევროპულ ფეხბურთზე, ეს კიდევ სულ სხვა ამბავია. ევროპაში რა გამოლევს ულოგიკოდ მიმბაძველ ხალხს.

თუნდაც ისეთს როგორიც “ფიორენტინას” ავადსახსენებელი პრეზიდენტი – ვიტორიო ჩეკი გორი იყო, რომელმაც აქაოდა “რეალი”, “ბარსელონა”, “იუვენტუსი” და “ბაიერნი” ტრანსფერებში და ფეხბურთელების ხელფასების მომატებაში მილიონებს ხარჯავენო, ბანკებიდან კრედიკების სახით გამოტანილი მილიონებით ჯერ ხომ ედმუნდოს, ჰაინრიხს, ტოლდოსა და სხვა ფეხბურთელებს ხელფასი გაუორმაგა, მერე ადგა და ნუნუ გომეში და მანუელ რიუ კოშტა იყიდა. მთლიანობაში არც ხელფასების გაორმაგებაა ცუდი საქმე და არც რუი კოშტას დაეწუნებოდა რამე, მაგრამ იმ დროს, როდესაც “ვიოლა” ისედაც ვალებში იხრჩობოდა, “ფულთამხილავი” ჩეკი გორის გამოისობით, ეს კლუბი 3 წლით საერთოდ გაქრა დიდი ფეხბურთიდან და რომ არა ფლორენციის პატრიოტი მოქალაქეების დიდი მონდომება, დღესაც სერია “ც1”-ში იქნებოდა დავანებული.

მიმბაძველობამ და სხვების “არჩამორჩენამ” ასევე ძალიან ცუდი სამსახური გაუწია “ლაციოს”, “ლიდსს”, “გალათასარაის”, “სელტას” და სხვებსა და სხვებს, რომლებიც ევროპული მასშტაბებით საშუალო, ან საშუალოზე ოდნავ ძლიერ კოხტა კლუბებს წარმოადგენდნენ და ერთი პერიოდი მათი საერთოდ არსებობაც კი დადგა დიდი კითხვის ქვეშ. არ დამავიწყდება 2001 წლის გაზაფხულზე იტალიური “გაძეტა დელო სპორტის” ერთ-ერთი წარყვანი სტატია, სადაც მთელი გაზეთის რედაქცია ლამის ეხვეწებოდა “ლაციოს” დირექტორატს ძვირადღირებული ფეხბურთელების ყიდვისაგან თავი შეეკავებინათ და მენდიეტასა და კლაუდიო ლოპესის შეძენის ნაცვლად ახალგაზრდა და პერსპექტიული იტალიელი ფეხბურთელების მოძიებაზე ეფიქრათ მაგრამ ამ შეგონებას საბოლოო ჯამში არანაირი შედეგი არ გამოუღია.

იმედი ვიქონიოთ, რომ ცუდი მაგალითებიდან პატარა კლუბების მეპატრონეებმა ჭკუა უკვე ისწავლეს (ან ისწავლიან) და ეს ტგენდენციები (განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ) ახალი ძვირადღირებული სატრანსფერო ბუმის დასაწყისი არ იქნება. ისევე როგორც ყველა ადამიანს აქვს რაიმე სხვათაგან გამორჩეული თვისება, სწორი მენეჯმენტისა და აზრიანი ფინანსური პოლიტიკის გატარების შემდეგ, ყველა თუნდაც უსახელო გუნდს შეუძლია ერთი მაღალი დონის ფეხბურთელის გაზრდა. აი ყიდვაზე კი ბოდიში მომითხოვია...

0.156654