ბლოგი

11:57 | 31.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

რიკარდუ კარლუშის ფიქრები

ნახეთ, როგორ გადახუნდა “ბოტაფოგოს“ დროშა სამხრეთის ტრიბუნის თავზე რომ აღმართეს უხსოვარ დროს. სტადიონის მინდვრის გაზონიც გასაკრეჭია. ამდენი ხანი აბა რომელი გუნდი გაჩერებულა უფეხბურთოდ? მაგრამ კანონი ყველასთვის ერთია და რიკარდუ კარლუშმაც იცოდა, რომ წესების დარღვევა არამხოლოდ მას, კლუბსაც მოეკითხებოდა. კლუბს, რომელსაც 40 წელი ერთგულად ემსახურა და სულ მისი ხელით გაკეთებულა ამ სტადიონზე ყველაფერი კარის ძელის დარჭობით დაწყებული და ტრიბუნის მოაჯირების შეღებვით დასრულებული.

/bms1.adjarabet.com/place/75-90

რიკარდუ კარლუში სულ პატარა ბიჭი იყო მამამ “ბოტაფოგოს“ თამაშზე როდესაც წაიყვანა. მაშინ ეს კლუბი ბრაზილიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და გადაძეძგილი ტრიბუნებიდანად ნამღერი ყოველი საგულშემატკივრო სიმღერა ბევრად უფრო ძალმოსილად ჟღერდა ვიდრე თუნდაც წელს, ჩემპიონატის მეორე წრის დაწყებისას. არა, მაინც რა უცნაური წელია... ვინ წარმოიდგენდა, რომ ამდენი ხანი უფეხბურთოდ დარჩებოდნენ... თან სად? ბრაზილიაში! წარმოუდგენელი ამბავია!

აი ზის სეუ რიკარდუ მტვრიან ტრიბუნაზე, გასცქერის უკაცრიელ, მოუვლელ მინდორს და იხსენებს დღეებს დიადსა და დაუვიწყარს. როგორ დარბოდნენ ამ მინდორზე დიდ-დიდი ლეგენდები პელედან-რომარიომდე, გარინჩადან-ბებეტომდე და რონალდოდან-ადრიანომდე. რიკარდუ კარლუში რომ დააყენო, სკოლის მოსწავლე ხუთოსანი ბიჭივით სულ ზეპირად ჩაგირაკრაკებთ ამ სტადიონზე გამართული ყველა მნიშვნელოვანი მატჩის პერიპეტიებს და ცხადია ის ამბებიც უხვად იცის, რაც მოედანს გარეთ ხდებოდა.

უნახავს როგორ ტიროდა გამარჯვების სიხარულით აღტკინებული ედერი და სიმწრის ცრემლმომდგარი რივალდოც ახსოვს ბრაზილიის ნაკრების ცუდად თამაშის გამო ინჩასებმა რომ მიაობსტრუქციეს. მერე მწვრთნელები რა ხალხი იყვნენ?! სულ ისეთები, ახლანდელ ბიჭ-ბუჭობას ზედაც კი რომ არ შეხედავდნენ. მაგრამ რიკარდუ ჭკვიანი კაცია და იცის, რომ ტელე სანტანასთანა ხალხის დრო კარგა ხანია ჩაბარდა წარსულს და ახლა აღარავის აინტერესებს მწვრთნელს შარვალ-კოსტუმი მოსავს, შორტებში დატუსტუსებს თუ ზაფხულში შარფით გადაადგილდება. ახლა ყველაფერს მაგიური სიტყვა “ შედეგი“ წყვეტს და თუ არ აჩვენე ეს შედეგი, შენი ყოველი დამსახურება წყალშია გადაყრილი. სწორედ ამიტომაცაა, რომ თანამედროვე ფეხბურთში მწვრთნელების ცვლა ბუნებრივ ამბად ითვლება და 20 წლით კლუბის გაძღოლას თითქმის აღარავის ანდობენ.

სამწუხაროდ, ძალიან მალე დადგება ის დრო,როდესაც მობერებული და საპენსიო ასაკის ახლოს დამნახავი რიკარდუ კარლუშიც საბოლოოდ გადაინაცვლებს ტრიბუნაზე და სიცოცხლის ბოლომდე ცრემლებით გაიხსენებს “ბოტაფოგოს“ გულის ფეთქვაში მის მონაწილოების ამბებს. თუმცა მანამდე ჯერ ეს საძაგელი კორონავირუსია დასაძლევი და სტადიონია მოსაწესრიგებელი ისე, როგორც ამ კლუბსა და პირადად სეუ რიკარდუს იმიჯს ეკადრება. გასაკეთებელი იმდენია, დაფაზე ჩამოწერაც კი რომ გაუჭირდება. მაგრამ რიკარდუ დაუზარელი კაცია, დაიხმარს სხვებსაც და ყველაფერი სულ მალე გამოსწორდება. მთავარია ეს ოხერი კორინა ჩაბარდეს წარსულს!

P.S. ამ ბლოგს ვუძღვნი პლანეტის ყველა სტადიონის რიგით თანამშრომლებს. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ დიდებულად მოვლილი სტადიონები და მინდვრები თანამედროვე სპორტის შემადგენელ ნაწილად იქცა.

0.135959