ბლოგი

15:38 | 24.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

სხვისი შვილები

უკვე მეოთხე წელია საქართველოში ძალაში შევიდა კანონი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის შესახებ. ასეთ ზონებად აღიარეს არა მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებები, არამედ საავადმყოფოები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ზოგიერთი სკვერი და კაფეებიც კი. თუმცა ერთია კანონის მიღება და მეორეა მისი შესრულება.

ფსევდომორალისტ და მუდმივად სხვათა ჭკუის დამრიგებელ ხალხს მაინცა და მაინც პატივს არ ვცემ, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ თბილის არცთუ ფართო ქუჩებში პირში სიგარეტგაჩრილი ბავშვები დადიან, ყოველთვის მიჩნდება იმის განცდა, რომ ოცნება საქართველოს სპორტულ ქვეყნად გადაქცევაზე სრული აბსურდია და ტყუილად გვაქვს დიდი იმედები.

ქვეყანაში, სადაც სიგარეტს უკვე 5-6-7-8 წლის ბავშვები აქშუილებენ, არავინ თქვას, რომ ჯანსაღ ცხოვრების წესზე ლაპარაკს რაიმე აზრი აქვს. საქმე ის არის, რომ ასეთი ბავშვების რიცხვი ძალიან დიდია და თუკი ადრე ჩვენნაირ “ბოროტ ბიძიებს” სიგარეტს უმალავდნენ, ახლა სკვერებში, ქუჩაში და სკოლის ეზოშიც კი, ერთი ციდა ბავშვები ბატონკაცურად აქშუილებენ სიგარეტს და კაცი არ არსებობს, ამ ბავშვებს რომ მიხედოს.

მოთმინების ფიალა ყველაზე მეტად მაშინ ამევსო, როდესაც დავინახე, ერთ-ერთი სტადიონიდან გამოსული, სპორტულ ჩანთაგადაკიდებული ასე, 8-9 წლის ბავშვები ბაღის ძელსკამზე მსხდომები როგორ “ჯიგრიანად” აბოლებდნენ სიგარეტს და იქვე მდგომი პოლიციელიდან დაწყებული, რიგითი ადამიანებით დამთავრებული, კაცი არ იყო მათი ყურადღების მიმქცევი.

ვინ ამბობს, რომ ამ ბავშვების მიტყეპით, ანდა მორალისტური ესსეების კითხვით საოცარ შედეგს მივიღებთ, მაგრამ სიგარეტით “დამშვენებული” სპორტსმენი ბავშვი მინიმუმ უნდა აღიზიანებდეს მაინც უბრალო ადამიანს. (პოლიციელზე რომ არაფერი ვთქვათ) მაგრამ როგორც ჩანს, დათა თუთაშხიასეული “არავის საქმეში ჩარევის” სრულიად არადემოკრატიული და არასამოქალაქო დამოკიდებულება იმდენად გაგვიჯდა გულ-გვამში, რომ საკუთარი პრობლემების იქით ყველაფერი მიგვავიწყდა.

პატარა ასაკიდანვე სიგარეტის მქაჩავი ბავშვი როგორი სპორტსმენიც გაიზრდება, გასაგებია. ისიც გასაგებია, ასე გაზრდილი ბავშვბის სპორტული კარიერის შექმნას მისი ჯიუტი მშობლები რა გზებითაც შეეცდებიან. ხოლო ასე, “თრევა-თრევით” გასპორტსმენებული ყმაწვილკაცი როდესაც რაიმე დიდ ასპარეზზე გამოვა და გვარიან სირცხვილს შეჭამს, ტელევიზორთან მიმსხდარი “სხვის საქმეებში არჩამრევი”, მაგრამ პრეტენზიელი ქართველები ერთ წივილ-კივილს ასტეხენ – ვინ არის ეს ვაისპორტსმენი და საიდან მოსულაო.

კრიტიკაში, გინებაში, “ექსპერტობაში” და ჯიგრობაში ბადალი არა გვყავს, მაგრამ სამოქალაქო ცხოვრებაში ჩვენი წილის შეტანა არასოდეს არ გვინდა. თუკი საკუთრივ ჩვენ არ გვეხება, ყველაფერზე თვალს ვხუჭავთ, დაწყებული ჯიბგირის მიერ საფულის ამოცლით და დამთავრებული იმით, რომ “სხვისი” სპორტსმენი შვილები სიგარეტს აქშუილებენ.

ესენი ხომ სხვისი შვილები არიან, საფულეს ხომ სხვებს აცლიან. მაგრამ აბა ჩვენ ამოგვაცალონ საფულე და ჩვენმა შვილებმა მოწიონ სიგარეტი ვარჯიშების შემდეგ... ერთ ამბავს ავტეხთ და ლამის მთელს კაცობრიობას დავადანაშაულებთ “ჩვენს წინააღმდეგ პირის შეკვრაში” – ეს ამბავი ადრე რატომ არ გამაგებინეთო.

არადა ის “სხვისი შვილები” თავის დროზე ჩვენც ვიყავით. ამ “სხვის შვილებზე” დგას საქართველოს სპორტული და არა მხოლოდ სპორტული მომავალი და სანამ ამ “სხვებს” ჩვენად არ მივიჩნევვთ, არანაირ დიდ სპორტულ წარმატებებზე მომავალში არ უნდა ვიოცნებოთ.

0.107745