ბლოგი

12:30 | 10.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქართული სპორტი სამეზობლოში

თანამედროვე მსოფლიოში ყველა აღიარებს, რომ ცალკე აღებული ერთი ქვეყნის სპორტული პროგრესი წარმოუდგენელია, თუკი მასთან ერთად რეგიონში არსებული სხვა ქვეყნებიც არ განვითარდა. მოდით, მაინცა და მაინც ნუ გამოვეკიდებით რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მაგალითს, რომელიც პირველ რიგში ოლიგარქების ფულით საზრდოობს და ხშირ შემთხვევაში ყოველგვარი ლოგიკის გარეშე, ლათინოამერიკელ ფეხბურთელებში გასროლილი მილიონებით შესაძლებელია მყისიერი შედეგი მიიღო, შორსმიმავალ გეგმებზე კი ვერავინ ისაუბრებს.

მეზობლობისა და სამეზობლოში სპორტის რეგიონალური განვითარების უფრო კარგი მაგალითებია თუნდაც ბალკანეთის, სკანდინავიის და პირინეის ნახევარკუნძულების ქვეყნები, რომელთა სპორტული განვითარება ერთობლივად და თანამიმდევრულად ხდება. რა თქმა უნდა არსებობს რეგიონის ლიდერი ქვეყნებიც, მაგრამ განვითარება მაინც თანამიმდევრულია. მაგალითად, ნაკლები საფეხბურთო ტრადიციების მქონე ფინეთს მეზობლად რომ არ ჰყოლოდა შვედეთი და ნორვეგია, მიაღწევდა კი იმ დონეს, რა დონეზეც ახლა იმყოფება?

ასეთი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება და ეს მაგალითები ცხადყოფს, რომ საქართველოს სპორტული მომავალი სწორედ სამეზობლოში და სამეზობლოსთან ერთად იქნება. წარმოუდგენელია, საქართველოში რომელიმე სპორტის სახეობა (თუნდაც რაგბი) ყვაოდეს და მისი მეზობლები (რუსეთის გარდა) სრულიად თამაშგარე მდგომარეობაში იყვნენ დარჩენილნი. ვიცი, ჩემს გარდა საქართველოში ბევრს უხარია ის, რომ სომხეთის, აზერბაიჯანის, ან თუნდაც თურქეთის ერთად აღებული სარაგბო ტრადიციები და პოტენციალი საქართველოსთან ახლოსაც ვერ მოვა. ეს სასიამოვნოა რიგითი გულშემატკივრისათვის, მაგრამ მთლიანობაში სულაც არ არის კარგი, რომ საქართველო ამ შემთხვევაში უკონკურენტოა. რეგიონალური კონკურენციის გარეშე უმაღლესი მიზნების მიღწევა მუდამ რთული საქმეა.

ჩვენი ქვეყნის როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო მეზობლები, სპორტული თუ არასპორტული ტრადიციების მხრივ, ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებული ქვეყნებია და საზღვრების გახსნა კონკრეტულ დონემდე მაინც მოხერხდა, ყველას ერთმანეთისაგან უამრავი რამის სწავლა შეგვიძლია. ამ ურთიერთობებს გარკვეული სახით საფუძველი ადრევე ჩაეყარა შავი ზღვის ქევყნების “სპორტული თამაშების” სახით თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ შავ ზღვაში წვეთია, რადგან სირცხვილია, როდესაც გვერდით თურქეთის მსგავსი სპორტული თვალსაზრისით წელში გამართული ქვეყანა გემეზობლება და ამ რესურსების გამოყენება ძალიან მცირე დოზით ხდება. ანტალიაში მოსამზადებლად ჩასული ქართული კლუბების მესვეურები საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ერთგვარი შურით და დარდით ყვებიან, თურქეთის სპორტული ინფრასტრუქტურის მაღალ ხარისხზე და ახალ-ახალი ტექნოლოგიების დროულად დანერგვაზე. იმაზე კი არავინ ფიქრობს, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ასე თუ ისე თბილი პოლიტიკური მდგომარეობა სპორტული კუთხითაც გამოვიყენოთ. მწვრთნელების და ფეხბურთელების ერთობლივი მომზადება, სპორტული სტურქტურის კარგი ელემენტების გადმოღება, სიახლეების დანერგვა... კიდევ ვინ იცის რამდენი რამის თურქეთთან ერთად გაკეთება შეიძლება. აღარაფერს ვემბობ რუმინეთზე და ბულგარეთზე. რატომღაც აღარავის გვახსოვს, რომ ეს ქვეყნები ჩვენი საზღვაო მეზობლები არიან და მათთან მრავალგვარი ურთიერთობა კარგის მეტს არაფერს მოგვიტანს.

ევროკავშირთან ასოცირება ვერაფერს იტყვი, მშვენიერი ამბავია, მაგრამ ყველაფერი საბოლო ჯამში მაინც ჩვენზეა დამოკიდებული. სხვა შენს მაგივრად თავს მხოლოდ მაშინ შეიწუხებს, თუკი თავად შეაწუხებ. მეზობლობის მთელი “მუღამიც” ხომ სწორედ ესაა...

0.113231