ბლოგი

9:27 | 5.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიალოგი პანდემიისას

- ვაა შენც სახლში ზიხარ? როგორ ხარ?

- აივნიდან ნუ მიყვირიხარ. ბავშვს სძინავს და გააღვიძებ!

- აბა რა ვქნა. გამოვყრუვდი კაცო ამ ოხრობა პანდემიისას. უფეხბურთობას როგორ ეგუები, როგორ?!

- ვახ, ნუ ყვირიხარ მეთქი! ქალაქი ცარიელია, ხმაური არაა, დაბალ ხმაზე თქვი - ისედაც ისმის. ჩემს შეგუებაზეა კაცო? სადაც ყველა იქაც მე!

- მე კიდე, გადამრია ამ ბელორუსის ჩემპიონატის ცქერამ. უკვე ყველა გუნდის შემადგენლობა დავიზეპირე და მალე ალბათ ბელორუსული ფეხბურის ექსპერტი გავხდები.

- ეჰ, მეც ვუყურებ მაგას. სხვა რა გზაა?! შენც “ბრესტისკენ“ ხარ?

- არა, მე “ბატესკენ“ ვარ. მაგათი პრეზიდენტის გამო.

- რა პრეზიდენტის? დამცინი ხომ?...

- არა რატომ დაგცინი? ძალიან კარგი კაცი იყო “ბატეს“ ყოფილი პრეზიდენტი კაპსკი. მაგ კაცმა უშველა ამ სოფლის გუნდს, ფული ჩადო, ფეხბურთელები იყიდა, სტადიონი ააშენა და ცოტა ხნის წინ მომკვდარა საწყალი. ჰოდა, მეცოდება ახლა “ბატე“. სულ მალე ისევ სოფლის გუნდი გახდება და მთელი ეს წვალება და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ისტორია ჩაიყრება წყალში. ეჰ...

- რა დრო მოვიდა კაცო. ადრე “იუვენტუსის“ შემადგენლობაზე და მწვრთნელზე სწუხდი ახლა კიდევ ბორისოვოს “ბატეზე“ ნერვიულობ. მაგრამ შენ რა უნდა გითხრა ყველა ასე არა ვართ?...

- ჩრდილოეთ კორეაშიც მიდის ჩემპიონატი, მაგრამ მაგას ჯერ ერთი არავინ აჩვენებს და რომც აჩვენონ, იქ ვერც გვარებს დახსომებ და თან ხომ წარმოგიდგენია ჩრდილოეთ კორეა თავისი ჩემპიონატიანად!

- ისე, დიქტატურა არც ბელორუსშია ნაკლები. მაგათი პრეზიდენტი ლუკაშენკო ხომ ხედავ რა დღეშია. ფეხებზე დაიკიდა ყველას რეკომენდაცია და ამ გაგანია პანდემიისას არ გააჩერა ქვეყანა. ეს ბელორუსს რად დაუჯდება მალე ვნახავთ.

- არა, მე მევასება “ბაწკა“. იქნებ ჭრის მაგისი ფეხებზე დაკიდების მეთოდი? აგერ ხომ ხედავ ჩემპიონატიც მშვენივრად მიდის!

- მთელს ევროპას თუ დაემართა ეს ვირუსი, ბელორუსებს რატომ არ დაემართებოდათ ვითომ? ვერ ხვდები რომ მალავენ საშინელ სტატისტიკას?! ჩემპიონატი დღესაა და ხვალ არ იქნება. როგორც ერთი ამბობდა ამასწინათ, მალე შეიძლება ბელორუსში ერთი ფეხბურთელიც კი აღარ დარჩეს, რომელსაც კორონავირუსი არ ექნება გადადებული.

- აბა ეგრე ხომ საქართველოს ნაკრები უპრობლემოდ გავა შემდეგ ეტაპზე. ვხუმრობ კაცო არ დამიწყო ახლა როგორც იცი ხოლმე ჭკუის სწავლება. კარგად იყვნენ, ისედაც გავცდებით მაგათ!

- ჰო აი შენ როგორც იტყვი ზუსტად ისე იმოქმედებს ვირუსი. რაკი შენ და ლუკაშენკო იტყვით “ნუ დამერთებათო“ - მორჩა! ყველაფერი კარგად იქნება!

- მაინც არ იშლი ჩემთვის ნერვების მოშლას ხომ? პანდემიისას მაინც რომ არ მომწამლო არ შეგიძლია ხომ?

- მე კი არა, შენ მიშლი ნერვებს. დიქტატორების ფანი ხარ ამხელა კაცი!

- მაშ მტყუნის!

- არ გადმომაძვრინო ახლა ამ ფანჯრიდან!

- რომ გადმოძვრე, სად წახვალ?...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120074