სხვა

14:31 | 31.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

გურჯაანული ამბები - ფეხბურთი პანდემიისას

საქართველოში კუთხე არაა რომ არ მოგეწონოს, მაგრამ მათ შორისაც კი გამორჩეულად დიდებული მხარეა გურჯაანი. რა გინდა იქ რომ არ იყოს! კარდანახის წარაფი, ახოების რქაწითელი, დიდებული კულტურის ძეგლები და ბოლოს არც ზაფხულში კოხტად ჩაციებულ საზამთროზე და სახლეჩ ატამზე იტყვის კაცი უარს.

მაგარამ ამ ორი დღის წინ გურჯაანი სულ სხვა კუთხით გავიცანით, როდესაც ცნობილი გახდა, რომ გურჯაანის სოფელ ველისციხეში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვის წესები იქაურმა ჯეელებმა დაარღვიეს, კაი გემრიელი ფეხბურთი ითამაშეს და ამის გამო პოლიციისგან გვარიანი ჯარიმა - 3-3 ათასი ლარი დაიმსახურეს.

ისტორიაში ალბათ პირველად მოხდა, რომ საქართველოში და მეტადრე გურჯაანში ადამიანები ფეხბურთის თამაშისთვის დააჯარიმეს. მაგრამ რა გინდა რომ ქნა? წესები წესებია და ამ ყბადაღებული პანდემიის გამო თუკი სხვები იკავებენ მასობრივი შეკრებებისგან თავს, ველისციხელი ბიჭებიც ვერ იქნებიან გამონაკლისნი.

ისე კი, როდესაც პოლიციამ უიღბლო მობურთალნი დააჯარიმა, საინტერესოა რა ანგარიში იყო დაფიქსირებული და ველისციხის (ეს სოფელი კახეთში მოსახლეობით ყველაზე დიდია) რომელი უბანი იგებდა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111549