ბლოგი

16:58 | 9.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

“იუვე” თუ ვიღაც სხვა?

სამყაროში მრავალი რამ იცვლება და გადაფასებას ექვემდებარება. გამორჩეული გახლავთ იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი, სადაც უკვე მე-8 წელია “იუვენტუსის” ჰეგემონიაა დამკვიდრებული და ყველაფერს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს კლუბი წელსაც უკონკურენტო იქნება.

თუკი იტალიის ჩემპიონატის განვლილ მატჩებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ რომ “იუვენტუსისს” გადასწრება სხვა კლუბებს სულ მცირე 3-ჯერ შეეძლოთ. 2-ჯერ გაპირველების შანსი “ინტერს” ჰქონდა, ერთხელ კი “ლაციოსაც” შეეძლო პირველადგილოსნის “მანტია მოესხა”, მაგრამ ყოველთვის ისე ხდებოდა. რომ როდესაც “იუვე” ქულებს კარგავდა, კონკურენტებიც ვერ იგებდნენ და საბოლოო ჯამში ახალ რეალობას “იუვე” კვლავ I ადგილზე ხვდება და 3 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ “ინტერს”. თუმცა, მილანელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ.

ყველა აღიარებს, რომ “იუვენტუსს” წელს იტალიის ჩემპიონატში (განსხვავებით ჩემპიონთა ლიგისაგან, სადაც “იუვე” საკმაოდ რთული ჯგუფიდან გავიდა) რაიმე განსაკუთრებული თამაშები არ ჩაუტარებია. მაურიციო სარის გუნდი ძირითადად 1:0, ან 2:1 ანგარიშით იმარჯვებდა და მოპოვებული 17 გამარჯვებიდან, სულ მცირე 5 მატჩში მაინც, რომ არა მეტოქეთა თვალსაჩინოდ დაბალი სათამაშო კლასი, მრავალგზის ჩემპიონებს, არათუ მოგება, ფრის მიღწევაც კი გაუჭირდებოდათ.

იტალიის ჩემპიონატის კლუბების საერთო დაბალ კლასზე, როგორც წესი ბევრს საუბრობენ, არადა ისიც ფაქტია, რომ წლევანდელი სერია “ა“-ს კლუბები შესამჩნევად მოძლიერდნენ. ლიდერთა ხუთეულის კლუბები საკმაოდ კარგად არიან დაკომპლექტებულნი და ზოგიერთ მათგანში, ჭეშმარიტი ვარსკვლავიც ირჯება.

მაგალითად, “ინტერში” მართალია ასაკოვანი, თუმცა საკმაოდ საინტერესო და გამოცდილი ფეხბურთელები არიან შეკრებილნი. შემადგენლობის მხრივ, არავისზე ნაკლები გუნდი არ არის “ლაციო”. სიმონე ინძაგის საწმყსოს გახსენებისას ცხადი გახდება, რომ საქმე დიდი ამბიციებისა და პერსპექტივების მქონე გუნდთან გვაქვს. კარგადაა დაკომპლექტებული “რომაც”. მაშ რატომ ხდება ისე, რომ ახალი ფეხბურთელების შესაძენად გარკვეულ ფულს ბევრი იტალიური კლუბი ხარჯავს, მაგრამ ჩემპიონი ბოლოს მაინც “იუვენტუსი” ხდება?

მოდით ნუ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ “იუვენტუსი” წელსაც უცილობელი ჩემპიონია, მაგრამ სამწუხარო ის გახლავთ, რომ გულშემატკივრებს საჩემპიონო ინტრიგის იმედს, ისევ მრავალგზის ჩემპიონთა კონკურენტები უკარგავენ.

როდესაც მაგალითად, “იუვე” შეხვედრას ვერ იგებს და იტალიელი გულშემატკივრების მთელი ყურადღება ქალაქ მილანისკენაა მიმართული, რადგან გამარჯვების შემთხვევაში ”ინტერი” ჩემპიონს შესაძლოა დაეწიოს, სწორედ მაშინ ხდება ის, რაც გუშემატკივრებს ყველაფრის ხალისს უკარგავს. “ინტერი” არც აციებს, არც აცხელებს და აუტსაიდერ “ლეჩესთან” კარგავს ქულებს და მატჩის შემდეგ, პრეს-კონფერენციასე მისულ “ინტერის” მთავარ მწვრთნელს – ანტონიო კონტეს ყოფნის ფანტაზია და ყველაფერს მსაჯსა და გაუმართლებლობას აბრალებს.

ჩემპიონატის მიწურულს განსაკუთრებულად საინტერესო იქნება აუტსაიდერთა ბრძოლა “ცის ქვეშ” ადგილის შესანარჩუნებლად. ამ ბრძოლაში ერთბაშად 8-10 გუნდია ჩაბმული და იმის გათვალისწინებით, რომ ბევრს ჯერ არ დაუკარგავს დარჩენის შანსები, აუტსაიდერებისაგან მრავალ სიურპრიზს უნდა ველოდოთ.

მთავარი ინტრიგა კი მაინც ისაა, რომ იტალიური ფეხბურთის ქომაგებს ალბათ კვლავ შეაწუხებთ მათთვის უკვე კარგად ნაცნობი ფიქრი – “იუვე” თუ ვიღაც სხვა?”...

ლევან სეფისკვერაძე

0.117054