ბლოგი

11:40 | 22.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მრავლისმეტყველი ბოთლი

ამ ცოტა ხნის წინ იტალიაში გამართულ მატჩზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რაოდენ გადაჯაჭვულია ერთმანეთთან ბოთლი და ფეხბურთი. ფსევდოგულშემატკივრის “ხელთა ნაჭერი“ ბოთლი ლამის უკვე სიზმარშიც კი გვაშფოთებს და ჯერ კიდევ ვერ გაგვიცია კითხვაზე პასუხი: ბოთლი უფრო ადრე გაჩნდა თუ ფეხბურთი? თუმცა თუ კარგად დავუკვირდებით, ამ კითხვაზე პასუხი ერთი შეხედვითაც ცხადზე ცხადია – ბოთლი!

ჩემს მიერ ნანახ იტალიის დაბალი ლიგის ერთ-ერთ შეხვედრაზე “შავოსნად” გამწესებული მამაკაცი რამდენად იყო მსაჯი, მისი სრულიად აბსურდული ქმედებებიდან გამომდინარე, ამას დადასტურებით ვერავინ იტყვის, მაგრამ მის თავში მოხვედრილი ბოთლი არამხოლოდ მსაჯის შეცდომებს აქარწყლებს, კიდევ ერთხელ გვაძლევს იმის მტკიცების უფლებას, რომ ნამდვილი ფეხბურთი ნორმალური საგულშემატკივრო ტრადიციის შექმნით უნდა იწყება.

კაცმა რომ თქვას, წინასაარჩევნო ლოზუნგებივით, სტადიონზე განა მხოლოდ აპენინებზე ისვრიან ბოთლებს თუ ხურდებს?! მსაჯის ცემა და მოედანზე “ვნების ალმურის“ დაყენება არც ლათინოამერიკელებს ესწავლებათ და არც ევროპელებს. ლონდონელი, სტამბოლელი და ბუენოს აირესელი ფანების ხშირ უსაქციელობაზე ხომ, შეიძლება წიგნის ტომები დაიწეროს. აღარაფერს ვამბობ რუსეთზე, სადაც კარიერადასრულებული მსაჯები შვილიშვილებს ალბათ სიამაყითაც კი აჩვენებენ გულშემატკივრების მიერ მიყენებულ მოუშუშებელ იარებსა და ჭრილობებს. მაგრამ, მე ყბადაღებული ქართული სტუმარ-მასპინძლობის ამბავი მაღელვებს ნამეტნავად. ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილი ხომ ენის მოუღლელად ლანძღავენ იმ ქვეყნებს, სადაც “ჩვენსავით არ იციან სტუმრის დახვედრა და პატივისცემა“ და სადაც თურმე “მეზობლებიც კი არ ეპიტნავებათ”. ჰოდა, თუ ასეთი მაგრები ვართ, და ჩვენი ბადალი არ ყოფილა მთელს დუნიაზე, მაშინ ჩვენც ხშირად რატომ გვექავება ხელები?

თუ არ ვცდები დაახლოებთ ათი წლის წინ, ბრაზილიის ნაკრებთან ეგვიპტის გუნდთან ამხანაგური მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც მავანმა ეგვიპტელმა გულშემატკივარმა (იმ ტრიბუნიდან, სადაც ეგვიპტელი ქომაგები ისხდნენ) რაღაც თეთრი საგანი ისროლა, ტრიბუნაზე მსხდომი არაბები საშინლად გაბრაზდნენ, თავის დანანებით ქნევა დაიწყეს, ხელების შლას მოჰყვნენ და მერე კი, ბრაზილიელებისკენ დაიწყეს ჩუმად ცქერა, აინტერესებდათ რა ხასიათზე დააყენა ისინი გიჟმაჟი ეგვიპტელი ფანის გამოხდომამ. პირადად მე, რაიმე განსაკუთრებული ამბები არ მსმენია არაბული სტუმარ-მასპინძლობის შესახებ და დარწმუნებული ვარ, არაბები ჩვენსავით თავს არც იმაზე დებენ, ყველანი ვაჟა ფშაველას “სტუმარ-მასპინძელისეული” ჯოყოლები ვართო. მაგრამ თანამემამულის ცუდი საქციელის მათაც შერცხვათ. ბუნებრივიცაა.

რა თქმა უნდა, ყველგან არიან ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ სტადიონზე “ბოთლისმოყვარული” ხალხი, მაგრამ მე სამწუხაროდ ისეთებიც ბევრი მინახავს, ამათუიმ თამაშს მსაჯის ცემის ისტორიებით რომ იხსენებენ. ეჰ, ეგეთ ხალხს რა დალევს...

0.126879