ბლოგი

11:32 | 1.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

რუსული სპორტი საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა

როგორც ერთი ძველი, მაგრამ არცთუ საამო ქართული გამოთქმა გვეუბნება: “სამართალი ურმით მოდის, მაგრამ ნამდვილად მოვაო“ და ალბათ ასეა რუსული სპორტის მომავლის საქმეც. სპორტზე და სპორტულ მაქინაციებზე კარგად დამწერი ხალხი ჯერ კიდევ 10 წლის წინ ითხოვდა რუსული სპორტის არასამართლიანი წესებთ თამაშის გამო დასჯას, მაგრამ მაშინ მსოფლიოში სხვა კონიუნქტურა იყო და რუსი სპორტის მესვეურების დასჯას კი არა, საქართველოსთან დაწყებული ომის გამოც კი არ აპირებდნენ რუსეთისთვის საკადრისი პასუხის გაცემას. არ აპირებდნენ და სამწუხაროდ დღესაც არ გაუციათ. თუმცა...

ეს ბოლო სამი დღეა, მსოფლიო მედია ალბათ წლის მთავარ სკანდალზე წერს, რაც რუსული სხვადასხვა სახეობის ნაკრებებისათვის დისკვალიფიკაციის მიცემას ეხება. 27 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტი მხარს უჭერს ანტიდოპინგური სააგენტოს რეკომენდაციებს რუსეთის სპორტული ნაკრებების დაბლოკვის შესახებ. საუბარია რეკომენდაციებზე, რომლის მიხედვითაც რუსეთის ნაკრებები არ დაიშვება არცერთ მსხვილ საერთაშორისო შეჯიბრებაზე.

თუკი ეს აკრძალვები ძალაში შევა (და ამის დიდი შანსი არსებობს) რუსეთის დროშა შემდეგი ოთხი წლის მანძილზე აღარ აღიმართება მსხვილ საერთაშორისო შეჯიბრებებზე. რუსეთის ნაკრებს მონაწილობა აეკრძალება მაღალ რანგის, მთავარ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში. შეჯიბრზე დაიშვებიან მხოლოდ ის რუსი სპორტსმენები, რომლებიც დაამტკიცებენ დოპინგის არმოხმარებას, მაგრამ ისინი მაინც ვერ იქნებიან რუსეთის ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენლები.

ხოლო, მრავალგზის ავადსახსენებელ რუსეთის სახელმწიფო ჩინოვნიკებსა და ფედერაციების წარმომადგენლებს ოთხი წლით აეკრძალებათ მონაწილეობა ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში. ასევე, რუსეთს ჩამოერთმევა უფლება განაცხადიც კი რომ შეიტანოს რაიმე დიდი სპორტული ღონისძიების მასპინძლობაზე.

რუსები მათი სამართლიანი დასჯის ერთგვარი “მოძრაობის“ წამოწყებას სამხრეთ კორეელებს უნდა უმადლოდნენ. როგორც იცით, ზამთრის უკანასკნელ ოლიმპიადაზე, რომელიც სამხრეთ კორეაში გაიმართა, რუსეთის წარმომადგენლები არ დაუშვეს და დოპინგის მოხმარების ფაქტების დამტკიცების გამო უამრავი რუსი სპორტსმენი მოკვეთეს სპორტიდან.

კორეელებს და მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის მესვეურებს არც დანაშაულებში მხილებული რუსი მწვრთნელები და სპორტული მოხელეები დაუნდიათ. სასიხარულოა, რომ ახლა სამხრეთ კორეელების მიერ გაკვალულ გზაზე უკვე საერთაშორისო სპორტული მოძრაობაც დადგა.

როგორც ჩანს გვიან, მაგრამ ყველა მიხვდა რუსული სპორტული წარმატებების “საიდუმლოებებს“ და ისიც ნათლად გამოჩნდა, რომ მსგავსი დანაშაულებები ამის შემდეგ აღარავის ეპატიება. როგორც იტყვიან - დასასჯელი კიდევ ბევრია, მაგრამ საეჭვოა რუსეთის მსგავსად დოპინგის გამოყენება სახელმწიფო პოლიტიკის რანგში სხვაგანაც რომ იყოს აყვანილი. თუმცა, ვინ იცის... დიქტატორულ რეჟიმებს მტერმა გაუგოს!

0.152287