ბლოგი

10:01 | 10.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები და ნინძები

ამასწინათ ერთი კაცი იძახდა, იაპონიაში მოგზაურობა ისეთი ძვირია, იქ საქართველოდან კაცი რომ წავიდეს, ან სუმო უნდა ტარდებოდეს, ან ჩვენი მორაგბეები თამაშობდნენ და ან ნინძებთან მქონდეს შერკინებაო. ხუმრობა იქით იყოს და ამ ბოლო დროს იაპონიასთან იმდენი საერთო გამოგვიჩნდა, რომ არაა გამორიცხული ქართველებმაც დავიწყოთ ნინძების საბრძოლო ხელოვნებაში უკეთ გარკვევა. ნინძების ისტორია და მათთან დაკავშირებული ამბები კი იმდენად საინტერესოა, რომ მგონი მართლაც ღირს ამ თემით უფრო მეტად დაინტერესება.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ იაპონიაში ნინძების მოსამზადებლად უამრავი დამხმარე დისციპლინა გამოიყენებოდა: ჰენსო-ძიუციუ (გადაცმის ხელოვნება), მონომანე-ძიუციუ (ხმით მიბაძვის ხელოვნება), სუიეი-ძიუციუ (ცურვა), ჰაიატაკე ნო-ძიუციუ (მარათონული სირბილი) და ასე შემდეგ.

დავალებების ეფექტურად შესრულებისთვის ნინძები სხვადასხვა სპეციალურ ინსტრუმენტს იყენებდნენ: კედელზე საცოცავი მოწყობილობა, ცურვის სხვადასხვანაირი საშუალებები და უამრავი მოსაპარი ხელსაწყო. მათ ასევე გააჩნდათ ცეცხლგამჩენი შენაერთები, ასაფეთქებელი საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღები.

ერთ-ერთი ძველი ლეგენდა მოგვითხრობს ნინძაზე, სახელად იკაი, რომელიც კორეაში ცხოვრობდა. იგი მეფე ძინსოსა და კიტანასა და იკას არმიებს შორის მომხდარ ომში დამარცხებული ძინძოს მხარეს აღმოჩნდა. იაპონიაში გაქცეული იკაი ისეზე გადმოვიდა და იგას პროვინციაში გამოქვაბულში ცხოვრობდა. დღემდე მოღწეულ ჩანაწერებში მოთხრობილია, რომ იკაი იყო მხედართმთავარი, რომელიც კარგად ფლობდა ტიტე კაგურეტას (ტიტე ძიუცეზე დაფუძნებული საიდუმლო მოქმედების ტექნიკა) და "კიაის" შეძახილით მას რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე შეეძლო ახტომა. ამ ლეგენდის მიხედვით იკაი იყო პირველი, ვინც ნინძიუციუ იაპონიაში შეიტანა.

ძველი ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ნინძების მომზადების 73 სკოლა არსებობდა. მათ შორის მთავარი სკოლები იყო: ნეგისი რიუ, სირაი რიუ, სინტო რიუ და ხაკიინ რიუ, რომელთაგან, როგორც ამბობენ, წარმოიშვა სკოლები: ტაგარუკე რიუ, კესიუ რიუ, მიამოტო რიუ, გენძცუ რიუ, რიუმონ რიუ, ტენტონ ხაპო რიუ და გოტონ ძიუპონ რიუ. იმპერატორ ტოკოგავას მმართველობის წყალობით იგა რიუ და კოგა რიუ ყველაზე დიდხანს არსებობდნენ და საკმაოდ დიდი რეპუტაციაც მოიხვეჭეს.

ნინძიუციუს კიდევ ერთი სკოლის - საკუუნ რიუს შემქმნელად გარიუ დოძი ითვლება, რომელიც მოგვიანებით საკუუნ დოძიმ დროში გააუმჯობესა. ამბობენ, რომ საკუუნ რიუში ოთხი დემონი იყო გაერთიანებული: სიბნელის დემონი, ცეცხლის დემონი, მიწის დემონი და ქარის დემონი. იმპერატორ ოხოს ეპოქაში, ძირიაკუს ეპოქიდან დაახლოებით 100 წლის შემდეგ, კაკუუნ დოძის მოსწავლემ კაგაკურე დოძიმ ნინძიუციუს გამოცდილება ტოგაკურე დეისაკეს გადასცა, მან კი, თავის მხრივ, სიმა კოსანტაზე იზრუნა.

ნინძების ისტორია არის ბრძოლის, დამალვის, გაქცევის, გამარჯვებების და მარცხის ისტორია. მსგავსი ამბები კი საქართველოსთვის მნიშვნელოვანიცაა და მშობლიურიც. სწორედ ამიტომაც, სუმოსა და რაგბის შემდეგ, სულაც არ იქნება გასაკვირი ქართველები ნინძების საბრძოლო ხელოვნებითაც თუ დავინტერესდებით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112862