ფეხბურთი

18:18 | 27.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვულკანის ამოფრქვევით შეცვლილი ლევანდოვსკის ისტორია

რობერტ ლევანდოვსკი საოცარ ფორმაშია. ცოტა ხნის წინ გაუწყეთ, რომ პოლონელმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა და სეზონის სასტარტო ცხრა მატჩში მოახერხა გოლის გატანა (13 გოლი ჯამში), რაც გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მოხდა. თუმცა, შეიძლებოდა ლევანდოვსკის კარიერა სხვაგვარად წარმართულიყო, რომ არა ვულკანის ამოფრქვევა...

2009-2010 წლების სეზონში „ბლექბერნ როვერსმა“ პრემიერლიგა სატურნირო ცხრილის შუაში (მეათე ადგილი) დაასრულა და კლუბის ხელმძღვანელობა მომდევნო სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებისთვის გზებს ეძებდა. დამკვირვებელმა მარტინ გლოვერმა პოლონეთში ახალგაზრდა ფორვარდი შენიშნა, რომელმაც ადგილობრივ ჩემპიონატში იმ სეზონში 34 მატჩში 21 გოლი გაიტანა. მისი სახელი რობერტ ლევანდოვსკია.

„ვიცოდით, რომ ნამდვილი ჩემპიონი ვიპოვეთ, მასთან შეთანხმდება მიღწეული იყო“, - თქვა მოგვიანებით გლოვერმა. მაგრამ ყველაფერი ამინდის გამო ჩაიშალა. კონტრაქტის გაფორმების დღეს ისლანდიური ვულკანის ამოფრქვევამ თითქმის მთელ ევროპაში საჰაერო ფრენების გადადება გამოიწვია.

ამის ერთ-ერთი მაგალითია კატალონიის „ბარსელონა“, რომელიც 2009-2010 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ინტერთან“ სათამაშოდ მილანში ავტობუსით გაემგზავრა და გზაში 14 საათი გაატარა. პეპ გვარდიოლას გუნდმა კი, იტალიაში 1:3 წააგო და ფინალს მიღმა დარჩა.

ამასობაში, ლევანდოვსკის ტრანსფერზე დრო შეზღუდული იყო და მის მიმართ ინტერესს „დორტმუნდიც“ იჩენდა. გუნდი, რომელიც რობერტისთვის სახლთან უფრო ახლოს იყო და მაგიდაზე ეკონომიკური შეთავაზეც მზად იყო.

ვულკანის ამორფქვევიდან რამდენიმე დღეში, რომელმაც „ბლექბერთან“ კონტრაქტის ხელის მოწერა გადადო (საბოლოოდ როგორც აღმოჩნდა ჩაშალა), ლევანდოვსკიმ „დორტმუნდთან“ კონტრაქტი გააფორმა და ტრანსფერის ღირებულებამ თითქმის 5 მილიონი ევრო შეადგინა.

„იმ დღეს ფრენა შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ინგლისი ჩემი პირველი არჩევანი ნამდვილად გახლდათ“, - გაიხსენა 2010 წელს მიმდინარე მოვლენები 31 წლის პოლონელმა.

საბოლოოდ, ლევანდოვსკი გადადებული ფრენის გამო „ბლექბერნ როვერსის“ ნაცვლად, „დორტმუნდში“ აღმოჩნდა, სადაც საოცარი პროგრესი განიცადა, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად იქცა და 2014 წელს „ბაიერნში“ გადაბარგდა.

დღეს, „ბლექბერნი“ ინგლისის ჩემპიონშიფში მე-16 ადგილზეა, ხოლო ლევანდოვსკი ალბათ მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდია.

სტატისტიკა
0.344354