ბლოგი

10:17 | 27.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

რა შუაშია რადრადრა?!

- სად დაიკარგე ამდენი ხანი? არ ჩანდი და ვნერვიულობდი უკვე...
- შენ მაშინ არ გინერვიულია, აზერბაიჯანის კლუბებთან რომ ზედიზედ ვაგებდით და ჩემმა გაუჩინარებამ ვითომ ასე გადაგრია და შეგაშფოთა?!...
- მაინც სად იყავი?


- იაპონიაში ვიყავი და ჩვენებს ვუგულშემატკივრე. ახლა არ მკითხო ვინ ჩვენებსო. ტოჩინოშინსა და გაგამარუს ახლა გინდა უგულშემატკივრე და დი გინდა არა... მაინც ვერ შვებიან საქმეს და...
- ვაა, რაგბის ჩემპიონატზე იყავი? მერე მოგეწონა?
- თავიდან მომეწონა, მერე უკვე აღარ. უფრო სწორად ქვეყანა იცოცხლე -მაგარია და გადასარევი, მაგრამ მერე თვითონ ჩემპიონატმა მომიშალა ნერვები.
- ჩვენი ნაკრების ფიჯისთან წაგებას თუ გულისხმობ, ეგეთები მომხდარა შეკაცო და კიდევ მოხდება. ამის გამო ჩემპიონატის გაბაიბურება რა საკადრისია..
- ჩვენების წაგებაზე არაფერს ვამბობ. არ იყო მოსაგები და ვერც მოიგეს, მაგრამ იმაზე რას მეტყვი, ამოდონა მსოფლიო რაგბის მამები სუფთა შტერები და ბეყეები რომ გამოდგნენ?! ახლა არ მითხრა ეგრე არააო!
- მომკალი და ვერაფრით მივხვდი რას გულისხმობ. შენ სულ ასეთი აბდაუბდა ლაპარაკი იცი.
- რასადა, ტაიფუნის თუ რაღაც ოხრობის გამო მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს რომ გააუქმებ, უშედეგო ფრედ რომ ჩათვლი და გუნდებს ქულებს გაუყოფ, აი მაგას რა ქვია თუ არა არაპროფესიონალიზმი, ბეყეობა და ბოთეობა?! ასეთი რამე ლუგანსკის რესპუბლიკის არაღიარებულ ფედერაციას თუ ექნა მე ვიყო რადრადრა!
- ხომ ითქვეს კალენდარს ვერ ვცვლიდით, რაგბის მატჩების დაგეგმვა და ჩატარება ეგრე ადვილი არაა ვიღაცეებს რომ გონიათო. და რადრადრას ნუ ახსენებ კიდე...
- ჯერ ერთი, მსოფლიოს მთავარ სარაგბო ტურნირს ტაიფუნების სეზონზე იაპონიაში რომ ატარებ მაშინ ხარ შტერი და არაფრისმცოდნე. მეორეც - წარმოიდგინე ხარ რომელიმე გუნდის ქომაგი, მთელი ორი წელი ყოველდღე ოცნებობდი რაგბის მსოფლიოს თასზე წასვლაზე, აგროვებდი ფულს და გესიზმრებოდა შენი გუნდი როგორ ითამაშებდა გრანდებთან. ჰოდა როგორც იქნა დადგა ეს დროც, ცეცხლის ფასად იყიდე თვითმფრინავის ბილეთები, სასტუმროს ნომერი, მატჩის ბილეთები, ჩახვედი იაპონიაში და გეუბნებიან, რომ შენი საოცნებო თამაში კი არ გადაიდო, არამედ გაუქმდა და 0:0 ჩაითვალა ისე, რომ არც კი ჩატარებულა. როგორ ხასიათზე დადგები?! აი რა ქვია ახლა ამას ალალად მითხარი!
- კიბატონო, არაა კარგი ამბავი, მაგრამ კორუმპირებულ ფიფას და უეფას ისევ ეგ მსოფლიო რაგბის შტერი ბოსები მირჩევნია.
- რაბი და ფეხბურთი ერთმანეთს რომ არ დააკავშიროთ და არ შეადაროთ, არ შეიძლება? რაიმე ვალდებულება გაქვთ, რომ როდესაც რაგბის ვახსენებთ იქვე ფეხბურთიც უნდა ჩააკვეხოთ? ეს თქვენი ჰობია თუ უბრალოდ ჩვევაში გაქვთ უკვე გადასული?
- ვინ ჩვენი?
- რა ვიცი, “ლეგიონია სახელი თქვენი“
- რა ლეგიონი? გადაგიბრუნდა ისევ ტვინი?
- ებიჯო დამანებე თავი!
- ჯერ შენ დაანებე თავი რადრადრას!
- რა შუაშია რადრადრა?
- იმან რად არ დაგვანება თავი?!...

0.148532