ფეხბურთი

20:50 | 17.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "შესარჩევ ეტაპზე საქართველომ ერთი თამაში ჩააგდო, დანარჩენ მატჩებში ღირსეულად ითამაშა"

ტაშკენტის „ფახთაქორის“ ქართველ მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძეს Azerisport-ის კორესპონდენტი გაეუსაბრა და ინტერვიუს ძირითადი ნაწილი ადგილბრივ ფეხბურთთან ერთად, ევროპის ჩემპიონატზე საუბარს დაეთმო.

ქართველი სპეციალისტის განცხადებით, საქართველოსთვის მოტივაციაა, რომ ევროპის ჩემპიონატის მატჩებს ბაქო უმასპინძლებს. გარდა ამისა, შოთა დარწმუნებულია, რომ ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებიც გავა, რადგან ერთა ლიგის D დივიზიონში გაიმარჯვებს.

- დიდი ხანია უზბეკეთში მუშაობთ. როგორ ფიქრობთ, ეს რთული არაა კავკასიელი ადამინისთვის?

- ყველაფერი კარგადაა. არის სირთულეები, მაგრამ არც ისე დიდი. ისრაელი, თურქეთი, ჰოლანდია, შოტლანდია - ეს კავკასია არაა, თუმცა, იქ ვმუშაობდი.

- ერთ დროს ბაქოს „ნეფთჩი“ იყო დაინტერესებული. შემდეგ არ ყოფილა ზარები აზერბაიჯანიდან?

- არა, არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის სასიამოვნოა აზერბაიჯანში ჩამოსვლა, სადაც ბევრი მეგობარი მყავს. მადლობა მათ, ძალიან ყურადღებიანები არიან და დიდი სიყვარული გვაკავშირებს. რაც შეეხება მომავალს, ჯერ აქ ვარ და რა მოხდება შემდეგ დრო გვიჩვენებს.

- აზერბაიჯანულ ფეხბურთს უყურებთ?

- ბოლო მატჩი ვნახე აზერბაიჯანისა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის. ჩემმა ძმისშვილმა გოლი გაიტანა. თქვენი გუნდი წელს ჩემპიონთა ლიგაზე არ გასულა და ასე, რომ ამ სეზონში აზერბაიჯანული კლუბების მატჩი არ მინახავს. ვიცი, რომ „ყარაბაღი“ ევროპა ლიგაზეა, შედეგებს თვალს ვადევნებ.

- კავკასიის გუნდებს შორის აზერბაიჯანმა ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ყველაზე ცუდად ითამაშა, ერთადერთი ქულა აქვს და ჯგუფში გარანტირებულად ბოლო ადგილზეა. რატომ არის, ჩვენთან ასეთი ცუდი შედეგი?

- ძნელია ვიმსჯელო აზერბაიჯანის ნაკრების ამჟამინდელი ვითარების შესახებ, რადგან ამ ჯგუფის მატჩები არ მინახავს. მხოლოდ საქართველოს ნაკრების შეხვედრებს ვუყურე და სომხეთსაც შევხედე. ევროპაში უფრო მეტს აკეთებენ ფეხბურთის განვითარებისთვის, ვიდრე ჩვენს ქვეყნებში. ჩვენ უფრო მეტად განწყობაზე ვმუშაობთ. ახლა ყურადღებას ფეხბურთს ვუთმობთ, შემდეგ კრივზე მივდივართ. ოლიმპიადის დროს მთელი ყურადღება ოლიმპიელებისკენ გვაქვს, მერე ისევ ფეხბურთი გვახსენდება. ვიცი, რომ აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაცია ბევრს აკეთებს, ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა, ინფრასტრუქტურის თვალსაზრითაც. არ აქვს მნიშვნელობა ეს რამდენად უცნაურად ჟღერს, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ორი წლის წინ „ყარაბაღი“ ჩემპიონთა ლიგაზე იყო, ევროპა ლიგაზეც მუდმივად გყავთ წარმომადგენელი, სადაც სხვა კავკასიური გუნდი არაა. რუსეთისა და უკრაინის გუნდებსაც კი უჭირთ იქ მოხვედრა. თქვენი მაზანდა გაიზარდა, ახლა არ მოგწონთ ის ფაქტი, რომ თქვენი გუნდი ევროპა ლიგაზე თამაშობს და არა ჩემპიონთა ლიგაზე. ყველაფერი ისე ცუდად არაა, როგორც თქვენ აღწერეთ. ყოველწელს „არსენალის“, „ჩელსის“, „ატლეტიკოს“ დონის გუნდები ჩამოდიან აზერბაიჯანში სათამაშოდ. მაგალითად, საქართველოში ეს „დინამომ“ შეძლო და ისიც მხოლოდ ერთხელ, როდესაც უეფას თასზე გავიდა. „ყარაბაღის“ 19-წლამდე გუნდი უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა. სად არიან ახლა ის ბავშვები? აუცილებელია, რომ ყურადღება მიაქციოთ.

- რატომ არ შეუძლიათ ქართულ გუნდებს გაიმეორონ „ყარაბაღის“ შედეგები?

- სამწუხაროდ, ფეხბურთში დიდი ფინანსური შესაძლებლობები არ გვაქვს. ასე, რომ დააფასეთ ის, რაც გაქვთ და ყველაფერი ცუდად არაა.

- საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგიდან ევრო 2020-ზე მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ აქვს. გაქვთ სერიოზული იმედი იქედან გამომდინარე, რომ მეტოქეები საკმაოდ სერიოზულია?

- შესარჩევ ციკლში მხოლოდ ერთი ცუდი მატჩი გვქონდა, დანიაში. სხვა მატჩებში, იგივე დანიასთან, შვეიცარიასთან, ირლანდიასთან ჩვენ ძალიან ღირსეულად ვითამაშეთ. ერთა ლიგაზე კი, ჯგუფი ძალიან მარტივად გავიარეთ და ნელ-ნელა კარგ დონესთან მივდივართ. ვფიქრობ, D დივიზიონს ჩვენ მოვიგებთ.

- თუ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავა, გსურთ თუნდაც ერთი მატჩის ბაქოში ჩატარება?

- იმ შემთხვევაშიც თუ ფინალურ ეტაპზე ვერ გავალთ, მაინც მოხარულები ვართ, რომ ბაქო ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებს. გულით გილოცავთ, ვიცი, როგორც გაიხარეს ჩემმა მეგობრებმა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციიის ხელმძღვანელობამ. ეს ჩვენი საერთო წარმატებაა და იმედი მაქვს, რომ ასეთი მატჩები ხშირად ჩატარდება ჩვენს ქვეყნებში და არა მხოლოდ გერმანიაში, ჰოლანდიასა და ინგლისში. ბევრი ქართველი მანქანით ჩამოვა ბაქოში მატჩების საყურებლად. სასიამოვნოა, რომ თქვენს ქვეყანაში ტარდება ასეთი ტურნირი. ეს გვაძლევს მოტივაციას, იმედია აზერბაიჯანში ჩამოსვლას შევძლებ.

- გამოიჩენენ ქართველები ინტერესს თუ მაგალითად ბაქოში იტალიას მოუწევს ჩამოსვლა?

- საქართველოში იტალიურ ფეხბურთს დაახლოებით 30% გულშემატკივრობს, როგორც სერია A-ს ისე, იტალიის ნაკრებს, რომელშიც ბევრი ახალგაზრდა და საინტერესო მოთამაშე გამოჩნდა. დიახ, ბევრი ჩამოვა მათ სანახავად.

0.165807