ბლოგი

15:00 | 9.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთი და ლუდის ბოკლების წკრიალი

გასულ პარასკევს საქართველოსა და გიბრალტარის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩის შემდეგ, წერეთლის გამზირის მიმდებარე რესტორან-დუქნები პირთამდე გადაძეძგილი როს ვიხილე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ევროპელ ქომაგთა დარად, ქართველებსაც უკვე ჩვევაში აქვთ სპორტული გამარჯვებების მოლხენით აღნიშვნა და ლუდი ამ კუთხით ათწლეულების მანძილზე შეუცვლელი სასმელია.

ლუდს გემრიელად და ძალდაუტანებლად ქომაგების გარდა, ევროპელი ფეხბურთელები და მწვრთნელებიც მუდამ არახრახებდნენ. მთელი ტომეულები დაიწერება იმაზე, რამდენი ინგლისელი მობურთალი გაპარულა ვარჯიშიდან, საწვრთნელი ბაზის ახლოს მდებარე ლუდხანაში კოხტად რომ გამობრუჟულიყო. საწვრთნელი პროცესის დროს, ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილი მწვრთნელებიც ბევრს ახსოვს და ფეხბურთელებიც, რომლებიც ათასგვარად დასჯილან მსგავსი გადაცდომების გამო.

ლეგენდარულ ინგლისელ გოლკიპერს, დევიდ სიმენს ჟურნალისტებთან ისიც კი უთქვამს, დალოცვილი ცივ-ცივი ინგლისური ლუდი რომ არა, სხვა ვინ და რა გადამატანინებდა მარცხისგან მოგვრილ კაეშანსო. იმაზე აღარ გავაგრძელებთ გულის დათუთქვას, პოლ გასკოინისთანა ლოთბაზარა ხალხი როგორ ძალუმად იყუდებდა ლუდის კათხებს და მერე ეს ყოველივე საფეხბურთო კარიერის დასრულებლადაც კი უჯდებოდათ.

იყვნენ ე.წ. ჩუმი მსმელებიც, რომლებიც მედიისა და ავი თვალისგან მორიდებულად ტკბებოდნენ ლუდის სმით. ეს ხალხი საოცარი უნარით იყო დაჯილდოვებული და მიუხედავად მრავალი “მოდარაჯე თვალისა“, ახერხებდნენ ლუდიც გემრიელად ესვათ, შიგადაშიგ სიგარაც გაეფუილებინათ და ეს მათ საფეხბურთო კარიერაზე დამღუპველად მაინც არ ასახულიყო. დიად პარაგვაელ გოლკიპერს, ხოსე ლუის ჩილავერტის ერთხელ წამოსცდა - მე რომ სახლში შეყუჟულად ლუდი მაქვს ნასვამი, მაგდენი ბევრ “პურიმჭამელ“ კაცს ვერ დაესიზმრებაო.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ლუდის ქვეყნებად და ლუდმოყვარე ხალხით დასახლებულ ალაგებად ძირითადად მაინც გერმანია, ჩეხეთი, ბელგია და დიდი ბრიტანეთი ითვლება, ამ სასმელს ქომაგებიცა და ფეხბურთელეებიც “ბებერი კონტინენტის“ ყველა წერტილში ელაციცებიან. ქუთაისური წესისამებრ იან კოლერს ან ბასტიან შვაინშტაიგერს ლუდით შეიძლება ცუდი ხალხის სადღეგრძელო არასოდეს დაულევიათ, მაგრამ რომ მოვითვალოთ, ლუდსმოყვარე ბარე ორ ქართველს “ჩაისვამენ ჯიბეში“ და ლიტრიანი კათხის მოყუდებისას წარბსაც კი არ შეიხრიან.

როგორც ჩვენი ოფლდაცვარული შუბლები და ამინდის პროგნოზი გვკარნახობს, წინ გვარიანად ცხელი ზაფხული გველის და ამას ცხრა ზღვასა და მრავალი ქვეყნის გადაღმა მდებარე ბრაზილიაში გასამართი კოპა ამერიკის გათამაშებაც ემატება. ლუდს არც სამხრეთ ამრიკაში აქცევენ ზურგს და დასიცხული თბილისიდან სან პაულუმდე მიჭახუნებული ბოკლის წკრიალი თუ არა, ამ ყველაფრის გახსენებისას მომდგარი ნერწყვის გადაყლაპვის ხმა კი ნამდვილად უნდა მივიდეს...

0.114486