ბლოგი

11:17 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენი თბილისური ოცნება

ევროპის ორი მთავარი საფეხბურთო საკლუბო ტურნირის ფინალში ოთხი ინგლისური კლუბი გავიდა. ეს თავისთავად დიდი მიღწევაა, მაგრამ როდესაც გავიაზრებთ იმასაც, რომ ამ ოთხი გუნდიდან სამი მათგანი ერთ ქალაქს - ლონდონს წარმოადგენს, მივხვდებით თუ რაოდენ დიდი ფასი და მნიშვნელობა აქვს ერთი ქალაქის დერბებს და სულ სხვა ხიბლია, როცა ეს დერბები ევროპული თასების ფინალის ეგიდით იმართება.

ამასწინათ, ლონდონური გუნდების წარმატებით შთაგონებულმა მე და ჩემმა მეგობარმა (რომელიც ინგლისური ფეხბურთის თავგადაკლული ქომაგია) წარმოვიდგინეთ ლონდონის მსგავსად თბილისური ფეხბურთიც უბნურ-სოციალური კუთხით რომ განვითარებულიყო და რა საინტერესო იქნებოდა თბილისის ყველა უბანს თავისი კლუბი რომ ყოლოდა მათთვის დამახასიათებელი სტილით, ისტორიითა და რაც მთავარია საქომაგო ტრადიციებით. საქართველოს ჩემპიონატის მთავარ ლიგაში არაერთი თბილისური გუნდია დღეს და უფრო მეტი ყოფილა ადრე, თუმცა ჩვენ სულ სხვა თბილისზე და სხვა ფეხბურეთზე ვმსჯელობდით და ჩვენი წარმოდგენებით ეს იქნებოდა თბილისი 1921 წელს მომხდარი რუსული ოკუპაციის გარეშე.

ჩვენი წარმოდგენით, მხოლოდ საბურთალოზე მინიმუმ 5 კლუბი იარსებებდა: “დელისი“, “გოგოთურ &აფშინა“, “ანცი“, “აკადემქალაქი“ და “უნივერსიტეტი“, რომელიც ყოფილი საბჭოთა “გეპეის“ ნაცვლად იქნებოდა. ყველა ეს გუნდი იქნებოდა ერთმანეთის მოსისხლე მტერი და ქომაგებიც ცხადია უბნების მიხედვით დანაწილდებოდნენ.

მტკვარსგამოღმა მარცხენა სანაპიროზე ყველაზე დიდი დერბი იქნებოდა ე.წ. მალაკნების გუნდისა და ოქროსუბნის ჯახი. ოქროსუბნის გუნდის სტადიონიცა და ქომაგთა მაისურებიც ერთიანად ოქროსფერში იქნებოდა გადაწყვეტილი. მარცხენა სანაპიროზე ასევე გამორჩეული იქნებოდა და ლოტკინის გუნდი, სადაც თავდამსხმელებად ძირითადად ბოშები ითამაშებდნენ და გუნდს ეყოლებოდა თავისი ლეგენდა, ვინმემ ამირან ნავსიანი.

ავლაბრის გუნდს სახელად ერქმეოდა “გიქორ“ და კლუბის მაისური იქნებოდა ჩვენი მეზობელი სომხებისთვის ესოდენ საყვარელი ფერი - “კარიჩნი“ (ცხადია შეგვეძლო ფერი ქართულადაც დაგვეწერა, მაგრამ ავლაბრის კლუბს სწორედ ისე დაწერილი მოუხდება).

ნაძალადევის, იგივე “ნახალოვკის“ კლუბი შეიძლება ყოფილიყო ყველაზე უხეში და შეუპოვარი. ეს გუნდი თითქმის ყოველთვის 9 კაცით დაამთავრებდა თამაშს და მუდმივად დაკა-დაკა ექნებოდათ მოწინაღმდეგე ქომაგებთანაც და მსაჯებთანაც.

თბილისის გარეუბნები საფეხბურთო კუთხით იქნებოდა როგორც ბრაიტონია ლონდონისთვის ან ბეთი. იარსებებდა სტადიონი “ლოჭინ-დაბა“, “დიღომ პარკ ლეინ“, “მუხიანი არენა“. ეს უკანასკნელი სტადიონი გამორჩეული იქნებოდა იმით, რომ ტრადიციის მიხედვით, მიუხიანური კლუბის ქომაგები რკოებს ესვროდნენ მოწინააღმდეგეებს.

სერიოზულ ჯახს ვიხილავდით ავჭალისა და გლდანის გუნდების შეხვედრებში. (არადა, საქართველოს უმაღლეს ლიგაში ერთ დროს, ავჭალასაც მართლა ყავდა საკუთარი კლუბი და გლდანსაც). ავჭალელი ქომაგების თილისმა იქნებოდა თევზი, რომელიც ამ უბნის მტკვრთან სიახლოვეს განასახირებდა და ძველი ქართული თქმულების მსგავსად, დამარცხებულ მეტოქეებს ცოცხალ, ასხმარტალებულ თევზებს ესროდნენ.

ფონიჭალის გუნდს ერქმეოდა “ფონიჭალა უონდერერს“, რომელიც უმეტესად რუსთაველი ფეხბურთელებით დაკომპლექტდებოდა. ვაკის მთავარი საფეხბურთი არენა იქნებოდა Vake Park, (იუნიორების საწვრთნელ სტადიონს ვაკეში ერქმეოდა Kus Tba Field) სადაც მილანის მსგავსად ორი - ზემო და ქვემო ვაკის თითქმის ერთი დონის გუნდები ეპაქერებოდნენ ერთმანეთს. ეს გუნდები თბილისის მასშტაბითაც გრანდები იქნებოდნენ.

და ბოლოს, იარსებებდა ერთი ნაკლებად წარმატებული, თუმცა დიდი ისტორიის მქონე კლუბი სახელად “ხუდადოვი ფორესტი“, რომელსაც ბერლინის ოლიმპიური სტადიონის მსგავსად, სტადიონი შუა ტყეში ექნებოდა და დაქანცული ფეხბურთელისთვის ერთ რამედ ეღირებოდა ტყიდან გრილი ნიავის დაბერვა.

ეჰ, კარგი რამეა ოცნება. ზოგჯერ...

0.127225