ფეხბურთი

19:42 | 10.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერის" საპატიო პრეზიდენტი: "რონალდუ ეგოისტია, მესი კი გუნდური მოთამაშე"
"მანჩესტერის" ლეგენდარული პრეზიდენტის, მარტინ ედვარდსის ვრცელი ინტერვიუ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულ პრეზიდენტ მარტინ ედვარდს ეჭვი არ ეპარება: „მე მინახავს ორი ფენომენი, პელე და დი სტეფანო, შემიძლია ვთქვა, რომ მესი მათ დონეზეა, თუ უკეთესზე არა“, - ამბობს „იუნაიტედის“ საპატიო პრეზიდენტი იტალიურ Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში.

ედვარდსი „მანჩესტერის“ პრეზიდენტი 1980-2003 წლებში იყო და სწორედ ამ პერიოდს უკავშრდება „წითელი ეშმაკების“ ოქროს ხანა. მანკუნიანელებმა მასთან ერთდ 24 ტიტული მოიგეს, მათ შორის, პრემიერლიგის 7 ტიტული და ჩემპიონთა ლიგა 1999 წელს.

„როდესაც გუნდში მივედი ბიუჯეტი 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო, ხოლო როდესაც წავედი 800 მილიონი“, - თქვა ედვარდსმა და შემდეგ მესი-რონალდუს მარადიულ საკითხზეც დააფიქსირა თავისი მოსაზრება:

„დიახ, მესი უფრო გუნდური მოთამაშეა, ეს მაშინაც შეინიშნება, როდესაც გოლს იტანს, თანაგუნდელებისკენ გარბის. რონალდუ უფრო ეგოისტია, თვითონ ზეიმობს და მისკენ სხვები მირბიან“.

- დღეს, „ოლდ ტრაფორდზე“ თქვენი „იუნაიტედი“ „ბარსელონას“ ხვდება...

- ის, რაც პარიზში გავაკეთეთ წარმოუდგენელი იყო. როდესაც სახლში 0:2-ს წააგებ, ქამ-ბექი ძალიან რთულია. პირველ თამაშში პსჟ დაცვაშ მკაცრად თამაშობდა და შანსი არ მოგვცა, მაგრამ მეორე მატჩი ფანტასტიკური იყო. „ბარსა“? ვფიქრობ, საუკეთესო გუნდია, მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, საოცარი თავდასხმის ხაზი ჰყავს, ძალიან სახიფათო ფეხბურთელები, როგორებიც მესი, სუარესი და რაკიტიჩი. ჩვენ ორივე თამაშში მართლაც კარგად უნდა ვითამაშოთ, შეცდომების გარეშე.

- კატალონელები თქვენს მტერზე, „სიტიზე“ ძლიერები არიან?

- კარგი იქნებოდა, რომ წილიყრისას ორივე აგვცდენოდა. მერჩივნა „პორტუსთან“, მაქსიმუმ „ტოტენჰეთან“ თამაში. თუმცა, ორი თამაშია და არავინ იცის, რა მოხდება.

- თქვენი აზრით, ორი მთავარი ფავორიტი „სიტი“ და „ბარსაა“?

- არამხოლოდ „სიტი“ და „ბარსა“, მაგრამ ასევე „იუვენტუსსაც“ აქვს დიდი შანსი, რონალდუსთან ერთად გაუმჯობესდა, მაგრამ იქამდეც ორი ფინალი ითამაშა და 2015 წელს ტოპ გუნდი იყო. მაშინ, განსხვავება მესიმ მოიტანა, რომელმაც გადაწყვიტა მატჩის ბედი, თორემ მის გარეშე ორივე გუნდი ერთ დონეზე იდგა. „ლივერპულიც“ გაიზარდა და თუ მომდევნო ეტაპზე გავალთ, ნახევარფინალში დავუპირისპირდებით. ასე თუ მოხდა, ისტორიული თამაშები იქნება ჩემპიონთა ლიგაზე.

- „იუნაიტედს“ რა შანსი აქვს?

- ბევრი რამ დამოკიდებული იქნება „ოლდ ტრაფორდის“ პირველ თამაშზე. თუ გამარჯვებას მოვახერხებთ და გოლს არ გავატანინებთ მეტოქეს... ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ არა შეუძლებელი.

- რას ფიქრობთ იტალიურ ფეხბურთზე, 2018 წლის მუნდიალზე იტალიის გარეშე...

- რა თქმა უნდა, ეს იტალიური ფეხბურთის საუკეთესო პერიოდი არაა. მაგრამ ეს მხოლოდ იტალიური ფეხბურთის პრობლემა არაა. მაგალითად, მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთსაც აქვს ტურნირი, სადაც პსჟ სხვებზე ერთი თავით ძლიერია და ასე თუ გაგრძელდება, ლიგა 1 ინტერესს დაკარგავს. ისევე, როგორც სერია A, სადაც „იუვე“ დომინირებს. პრემიერლიგაში „ლივერპული“ და „სიტი“ ბოლომდე იბრძვიან და ეს კონკურენცია კარგია. მეოთხედფინალში 4 ინგლისური გუნდია და ეს გვიჩვენებს, რომ ჩვენი ჩემპიონატი ძლიერდება. როგორც ადრე ესპანეთში ხდებოდა, როცა სამი გუნდით იყვნენ წამორდგენილნი ამ ეტაპზე. მე ძველი სკოლის წარმომადგენელი ვარ და შიდა ჩემპიონატში გამარჯვება უფრო მიყვარს.

- პრეზიდენტო, დღეს ვის შეიძენდით?

- დავიწყოთ წარსულიდან. ჩემი აზრით, „იუნაიტედის“ ისტორია პირველი ვინც შეცვალა, ეს ერიკ კანტონა იყო. სანამ მას შევიძენდით, ინგლისის ჩემპიონატი 1967 წლის შემდეგ მოგებული არ გვქონდა, ერიკთან ერთად კი 5 სეზონში 4-ჯერ ჩემპიონები გავხდით 1993-1997 წლებში. ერთადერთხელ, როდესაც ეს ვერ მოვახერხეთ ის სეზონი იყო, როდესაც 8 თვე დისკვალიფიკაცია ჰქონდა გულშემატკივრისთვის წიხლის ჩარტყმის გამო „კრისტალ პალასთან“ მატჩში. მასთან ერთად ორჯერ დუბლი შევასრულეთ.

- და დღეს ვის შეიძენდით?

- ძალიან მარტივია, 20 წლის რონალდუს ან ახალგაზრდა მესის მაშინვე ვიყიდდი.

- სხვათა შორის, „მანჩესტერი“ 2003 წლის ზაფხულამდე დატოვეთ, სანამ კრიშტიანუ მოვიდოდა...

- როდესაც პირველად ვნახე 18 წლის იყო, „ბოლტონის“ წინააღმდეგ აგვისტოში. განსაკუთრებული ტალანტი ჰქონდა, მეორე ტაიმში შევიდა მოედანზე და საოცრებებს აკეთებდა. შემდეგ პროგრესი გააგრძელა, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერ წარმომედგინა, რომ ასეთ სიმაღლეს მიაღწევდა.

- არც მისტერ ფერგიუსონს...

- არსებობს ლეგენდა, რომ მას შემდეგ გადავწყვიტეთ მისი ყიდვა, როცა „სპორტინგის“ წინააღმდეგ ვითამაშეთ და ფეხბურთელებმა მას უთხრეს: „ბოს, ეს ვიყიდოთ“. სინამდვილეში, სერ ალექსი მას უკვე იცნობდა, პორტუგალიელი კეირუშის დამსახურებით, რომელიც მისი ასისტენტი იყო, უკვე გვქონდა კონტაქტი.

- სხვა ფეხბურთელებიდან ვინ მოგწონთ დღეს?

- ბევრი ამბობს, რომ ნეიმარი დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ჩემთვის უფრო მეტად გაზონზე წევს. მბაპე მომწონს, ასეთი ახალგაზრდა, სწრაფი და ხარისხიანი. მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, სიურპრიზი იყო.

- ისევე, როგორც მწვრთნელმა სულშერმა?

- დიახ, კიდევ ერთი სიურპრიზი. მან შეცვალა გუნდის სულისკვეთება, ახლა ყველა ბედნიერია, მან დაიმსახურა კონტრაქტის გახანგრძლივება და ეს შანსი. რა თქმა უნდა, „ბარსელონასთან“ ძალიან რთული იქნება, მაგრამ ვფიქობ, დღეს რთულია მწვრთნელი გყავდეს 20 წელი, როგორც ფერგიუსონი. მან იცის, როგორ წაახალისოს გუნდი, მოტივაცია მისცეს, მუშაობა კარგად დაიწყო, მაგრამ ეს არაა ხანგრძლივი მომავლის გარანტია. მე ფერგიუსონს ვიცავდი, როდესაც დადებითი შედეგები არ გვქონდა. 4 წელი ასოციაციის თასს ვერ ვიგებდით, ხოლო 7 წელი პრემიერლიგას.

- მოქმედი მწვრთნელებიდან ვინ მოგწონთ?

- „ლივერპულს“ ჰყავს იურგენ კლოპი, რომელმაც პრემიერლიგა უკვე გაიცნო, შედეგბსაც აჩვენებს. მაგრამ, ამ მომენტში ყველაზე მეტად გვარდიოლა მომწონს. მას ფერგიუსონის შემცვლელად განივიხილავდი, მაგრამ „ბაიერნში“ წავიდა. მან იცის, როგორ ათამაშოს გუნდი და როგორ შეიძინოს ფეხბურთელები.

- რა მოხდა მიმდინარე სეზონში მოურინიოსთან?

- არ ვიცი, მაგრამ ფაქტია ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა, არც ფანებთან, არც გარემოსთან. ის სამსახურში ბედნიერი არ იყო, სასტუმროში მარტო გახლდათ. ასევე ინტერვიუების დროს ლაკონურად საუბრობდა. შესაბამისად, თუ სამუშაო არ მოგწონს, სხვების მოტივაციაც შეუძლებელია. ფეხბურთელებს საჯაროდ აკრიტიკებდა. ეს, ისაა, რასაც ფერგიუსონი არასდროს აკეთებდა.

- დღეს „იუნაიტედში“ საუკეთესო ფეხბურთელი რომელია?

- პოლ პოგბა, რომელიც ხარისხიანი მოთამაშეა, სწრაფი, ათლეტური, მაღალი, ძალისმიერი. მან იცის, გოლის გატანაც, საგოლე პასის გაკეთებაც. სულშერთან ერთად უმაღლეს საფეხურს დაუბრუნდა.

- არსებობს ფეხბურთელი, რომლის ყიდვა „მანჩესტერში“ გინდოდათ და ვერ მოახერხეთ?

- ზინედინ ზიდანი, 1996 წელს. ჯერ კიდევ „ბორდოში“ თამაშობდა, სკაუტები გავგზავნეთ, მაგრამ ფერგიუსონმა მითხრა: კანტონას პოზიციაზე თამაშობს და არ გვჭირდება“. თუმცა, იგივე კანტონა სერ ალექსს ურჩევდა: „მისტერ, იყიდე ზიდანი, ფანტასტიკურია“. მაგრამ არ მოგვისმინა. შემდეგ მინდოდა გასკოინი და შირერი, სანამ „ბლექბერნიდან“ „ნიუკასლში“ გადავიდოდა 1996 წელს.

- საუკეთესო გარიგება?

- შმეიხელი. საუკუნის ტრანსფერი იყო. ნახევარ მილიონ გირვანქა სტერლინგად შევიძინეთ. შემდეგ როი კინი და ბრაიან რობსონი, რომელიც 1981 წელს სარეკორდოდ შევიძინეთ. ერთ-ერთი ჩემი პირველი შენაძენი იყო. ისინი გუნდს ლიდერობდნენ. ბავშვობაში კი ჩარლტონი, ჯორჯ ბესტი და დენის ლოუ მიყვარდა, ფანტასტიკური გუნდი იყო.

0.110604