ფეხბურთი

16:55 | 25.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე: "შვეიცარიიდან და ინგლისიდან მწერენ, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე შვეიცარიელ მცველ ფაბიან შარის რომ დაეხმარა, უკვე არაერთხელ გამცნეთ. ამჯერად, მომხდარზე კომენტარი თავად ქართველმა ფეხბურთელმა გააკეთა.

მისი თქმით, ბევრი შეტყობინება მიიღო შვეიცარიიდან, ინგლისიდან და ყველა მადლობას უხდის, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. უბრალოდ ინციდენტთან ყველაზე ახლოს იყო და დაეხმარა მეტოქეს, რომელიც მინდორზე უგონოდ დაეცა.

„განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. ყველაზე ახლოს მე ვიდექი და მივედი. დავინახე, რომ ჩვენი ფეხბურთელიც დაეცა, მაგრამ ის მოძრაობდა, ხოლო შვეიცარიელი არა. პირველად მსგავსი რამ კიევში ვნახე, როდესაც კანკავა გუსევს დაეხმარა. მეტოქე იყო, მაგრამ არავინ იცის ასეთი დახმარება ვის როდის დასჭირდება. ყველამ იცის, რომ ასეთ დროს ენა უნდა დაუჭირო, რომ არ გადაყლაპოს. ეს ყველაფერი 5-7 წამი გრძელდებოდა და მერე ექიმებიც მოვიდნენ. ამის გამო ძალიან ბევრს მწერენ, შვეიცარიიდან, ინგლისიდანაც, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული რამ გავაკეთე. შვეიცარიელმა თამაში გააგრძელა, ქართველ ფეხბურთელს კი ტვინის შერყევა დაემართა და გუნდს ირლანდიაში ვერ გაჰყვა“, - უთხრა ჯანომ Championat-ს.

შეგახსენებთ, ფაბიან შარი და ჯიმი ტაბიძე საჰაერო ორთაბრძოლისას საქართველო - შვეიცარიის მატჩის 24-ე წუთზე დაშავნდნენ. შარმა თამაში ბოლომდე ჩაამთავრა, ხოლო ტაბიძე მეორე ტაიმში შეცვალეს და როგორც გაირკვა ტვინის შერყევაც მიიღო.

Loading...
0.132551