ბლოგი

17:15 | 17.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი, რონალდუ და ფარსალოსის ბრძოლა

ზოგჯერ საკუთარ თავს ვატყობ, რომ თუკი რამე არ მიყვარს და არ მომწონს, ეს პირველ რიგში კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის დაუსრულებელი შედარებაა. თითქოს ყველა დავიღალეთ ამ ორი ფეხბურთელის მუდმივად შეთანასწორებით და ეს შედარებები განსაკუთრებით არასწორი და უსაფუძვლო მას შემდეგაა, რაც პორტუგალიელი მეგოლე სათამაშოდ იტალიაში გადავიდა. ამის მიუხედავად, ბევრი მაინც ცდილობს დღევანდელი საფეხბურთო სამყარო კვლევ “ორპოლუსიანად“ წარმოაჩინოს და უბრალოდ ყურადღება არ მიაქციონ თუნდაც იმ ხალხს, რომლებმაც თავი მსოფლიოს უკანასკნელ ჩემპიონატზე გამოიჩინეს.

მადრიდის “ატლეტიკოსთან“ საოცარი მატჩის ჩატარების შემდეგ, სტადიონის ცენტრში იდგა გახარებული კრიშტანუ რონალდუ, ხელები ზე აეწია, ისმენდა დამსახურებულ აპლოდისმენტებს და ვფიქრობდი, რომ უკვე საბოლოოდ გაიყარა მასსა და ლეო მესის შორის გზები. მაგრამ როგორც ჩანს ამ ორ ფეხბურთელს შორისაც არსებობს რაღაც უხილავი ბმები, რადგან ბოლო პერიოდში მინავლებულმა ლეო მესიმ “იუვეს“ დიდი გამარჯვებიდან მეორე დღეს ძველებურად იფეთქა და ფრანგულ “ლიონთან“ გამარჯვების ერთ-ერთი გამომჭედავი გახდა.

არ ვიდავოთ იმაზე, რომ “ატლეტიკო“ “ლიონზე“ ბევრად კარგი გუნდია და ისიც კოხტად მოგვეხსენება, რომ უკანასკნელი ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის - დიეგო სიმეონეს გუნდთან გამარჯვებას სულ სხვა გემო და ეშხი აქვს. ამ ისტორიის მთავარი გმირები მაინც მისი ლოგიკური ფიგურანტები არიან და ნათლად ვხედავთ, რომ ერთის წარმატება მეორეს ასტიმულირებს და ეს გრძელდება მას შემდეგაც, რაც მესისა და რონალდუს გზები პირინეაზე გაიყარა.

ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს მუდმივი ქიშპი და გაწევ-გამოწევა ძალიან გავს ძველ რომში ტეტრარქიის (სამმრთველობის) დასრულების და კრასუსის სიკვდილის შემდეგ გაიუს იულიუს კეისარსა და გნეუს პომპეუსს შორის არსებულ ქიშპსა და კონკურენციას. საკმარისი იყო პომპეუსს გაეგო, რომ კეისარმა სადმე რაიმე ომი მოიგოო, რომ სულ რომ არ ყოფილიყო საჭირო და აუცილებელი, თავადაც უეჭველად გამართავდა რაიმე ომს, მოიგებდა, მერე ტრიუმფალურ სვლას (მაშინდელი აღლუმი) მოაწყობდა და ერთობ კმაყოფილი რჩებოდა ამგვარი “ბალანსით“.

იყო შემთხვევა, როდესაც პომპეუსზე აშკარად ჭკვიანმა კეისარმა მისი ლეგიონების გერმანელებთან გამარჯვების ყალბი ინფორმაცია გააგზავნა მეტოქესთან, რასაც “ლოგიკურად“ მოჰყვა პომპეუსის ახალ საბრძოლო გიჟურ ავანტურაში ჩაბმა და ის დრო როდესაც სრულიად ალოგიკური ომი მიმდინარეობდა. კეისარმა გნეუს პომპეუსის მომხრეების გადმოსაბირებლად გამოიყენა, რასაც საბოლოოდ ფარსალოსის ბრძოლა და პომპეუსის სამარცხვინო დამარცხება მოჰყვა.

მადლობა ღმერთს ახლა სულ სხვა ეპოქაა და ეს არგენტინულ-პორტუგალიური საფეხბურთო ქიშპი სისხლით ნამდვილად არ დასრულდება, თუმცა ერთობ სახალისოა იმის ცქერა, რომ გადის დრო, იცვლებიან გუნდები, იზრდებიან ახალი ვარსკვლავები, მაგრამ ესპანეთის პრიმერა დივიზიონში კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის შორის დაწყებული უცნაური ჯახი ახლაც გრძელდება. ფეხბურთი ინტრიგებით არის სავსე. ინტრიგა კი ყოველთვის საინტერესოა.

Loading...
0.142956