ბლოგი

13:15 | 3.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ჩატეხილი ხიდები“ და “ამოუვსები უფსკრულები“

ფეხბურთის ქომაგებს შორის თუკი ასაკობრივი სხვაობა დაახლოებით ოცი წელია, აუცილებლად გაჩნდება “ჩატეხილი ხიდები“ და “ამოუვსები უფსკრულები“, რადგან მათ სულ სხვადასხვაგვარი ფეხბურთი ახსოვთ, უყვართ და მოსწონთ. შესაბამისად, ძალიან რთულია პელეს ეპოქის ქომაგებს ვინმემ დაუმტკიცოს, რომ ფეხბურთი მხოლოდ ფულის კეთების საშუალება არ გახდა და ვერც მარადონას ჟამის ქომაგს შეეწინააღმდეგება ვინმე, როდესაც ეს უკანასკნელი ნეიმარში გადახდილ 222 მილიონ ევროს, დიეგო მარადონაში “ბარსელონას“ მიერ გადახდილ 8 მილიონ დოლარს ირონიულად შეადარებს.

სხვადასხვა თაობის ქომაგებს შორის “ხიდჩატეხილობა“ არც ქართული ფეხბურთისთვისაა უცხო და ეს ყველაფერი განსაკუთრებით მაშინ ჩანს, როდესაც თბილისის “დინამოს“ წარსულსა და აწმყოს ადარებენ. ასეთ დროს რთულია ასაკოვან ადამიანს ვინმე შეეწინააღმდეგოს იმაში, რომ დღევანდელ “დინამოს“ მესხის და მეტრეველისთანა ტალანტები არც კი დაესიზმრება, მაგრამ იმ უტყუარი არგუმენტის გატანაც ჭირს, რომ გასული საუკუნის 60-იანი წლების თბილისური კლუბი ახლანდელ “დინამოს“ კი არა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უნდა შევადაროთ, რადგან მაშინ ნაკრები სწორედ “დინამო“ იყო, დღევანდელი დედაქალაქური კლუბი კი ნაკრების საპირწონედ ნამდვილად ვეღარ გამოდგება.

კარგად მახსოვს დაახლოებით 15 წლის წინ, ერთმანეთში როგორ იჩხუბეს ქართული ფეხბურთის იმ თაობის გულშემტკივრებმა, რომლებსაც ყიფიანის, ჩივაძის, შენგელიას, დარასელიას და გუცაევის თაობა უპირველესაც მიაჩნიათ. ჩხუბის მიზეზი ის იყო, რომ ერთ მათგანს ყიფიანი მიაჩნდა ყველა დროის უპირველეს ქართველ ფეხბურთელად მეორე კი ასეთად რამაზ შენგელიას თვლიდა. ეს რომ მომხდარიყო გასული საუკუნის 70-იან-80-იან წლებში, განსაკუთრებით არავის გაუკვირდებოდა, მაგრამ საოცარია, რომ ის ძველი და შემორჩენილი დაპირისპირება წინა თაობის ქომაგთა მეხსიერებაში არსებობას დღესაც აგრძელებს და კვლავ როდის შეგვახსენებს თავს - არავინ იცის.

“ღალატი“ ის სიტყვაა, რომელსაც ადამიანები განსაკუთრებით ვერ გუობენ და მოღალატის იარლიყი ყველა თაობის ფეხბურთის ქომაგებს შორის მძიმე და გულისდამწველია. ასე მაგალითად, ძალიან გაუჭირდება “ბარსელონას“ არათუ ესპანელ, არამედ ქართველ ქომაგს იმის გაგება და მიღება, რომ გუშინ მისი მეგობარი და თანამოაზრე, დღეს მადრიდის “რეალის“ გულშემატკივარი გახდა. ასეთ გადაწყვეტლებას დღეს შეიძლება სიტყვიერი შელაპარაკებაც კი მოჰყვეს და მეგობრობაც დასრულდეს. თუმცა, სრულიად სხვა სულისკვეთება და ემოცია ახლდა მოვლენებს, როდესაც ამ 30-40 წლის წინ ერთმანეთს პელესა და მარადონას ქართველი ქომაგები დაუპირისპირდნენ.

“შენ კაცი კი არა, მოღალატე ყოფილხარ!“ - ზუსტად ასე უთხრა ერთმა თბილისელმა პაპაკაცმა თავის თანატოლს, რომელმაც განაცხადა, რომ მარადონას გამოჩენის შემდეგ პელეს სიდიადე მისთვის არაფერი იყო და მსოფლიოს უპირველეს ფეხბურთელად ჩია არგენტინელი მიაჩნდა. ეს იყო სიტყვები რომლის პატიებაც წარმოუდგენელი იყო და რომლის იქითაც მეგობრობა უნდა დამთავრებულიყო.

ასეთ კამათებს ფეხბურთისგან შორს მყოფი ადამიანები ირონიითა და ცინიზმით უცქერენ, თუმცა შესაძლებელია ისინიც კი აღიარებენ, რომ “ხიდჩატეხილობა“ ფეხბურთის თანმდევი ფენომენია და ეს ფენომენი ყველა თაობას გადაეცემა.

Loading...
0.128528