ბლოგი

17:55 | 24.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონე - საქმის კაცი

დიეგო სიმეონე მწვრთნელთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც საკუთარ თავზე ნაკლებად საუბრობენ და ზოგადად, ჟურნალისტებთან ლაყაფს ჩუმი და თავჩაღუნული შრომა ურჩევნიათ. ახალგაზრდებს შეიძლება არ ახსოვდეთ და ამიტომ ისიც უნდა ვთქვათ, რომ დიეგო ფეხბურთელიც ძალიან მაგარი იყო და მიუხედავად იმისა, რომ სიმეონეს მრავალმხრივი ფეხბურთელის კარიერისა, დღეს რატომღაც ძირითადად მხოლოდ 1998 წლის მუნდიალზე დევიდ ბექჰემსა და სიმეონეს შორის მომხდარ სკანდალს იხსენებენ.

უკანასკნელ წლებში არგენტინელმა სპეციალისტმა არაერთგზის დაადასტურა, რომ ახალი თაობის მწვრთნელებიდან უდავოდ უპირველესია და ეს გასულ ოთხშაბათს, მადრიდის “ატლეტიკოსა“ და ტურინის “იუვენტუსს“ შორის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩშიც გამოჩნდა. ალბათ არავინ უნდა დავობდეს იმაზე, რომ ეს ბრძოლა საკუთრივ მწვრთნელმა მოიგო, რადგან გნებავთ შემადგენლობითა და გნებავთ ფინანსური შესაძლებობებით, დღეს ტურინული კლუბი დიეგოს საწყმსოს ნამდვილად აღემატება. თუმცა მაინც გამოჩნდებიან ადამიანები რომლებიც იტყვიან (ადრეც არაერთხელ უთქვამთ), რომ დიეგო სიმეონე იღბლიანი, ყისმათა კაცია და მისი წარმატების საიდუმლოც მუდმივად გამართლებაში მდგომარეობს.

ჩვენ რასაკვირველია ჯერ არ ვიცით, საბოლოოდ მოახერხებს თუ არა “ატლეტიკო“ ასეთი ძლიერი მეტოქის მერვედფინალიდან გამოგდებას. ნამდვილად არ იქნება გასაკვირი ის, რომ კრიშტიანუ რონალდუს ბელადობით ტურინელებმა სუპერ-მოტივაცია შეიქმნან და იტალიაში, ანუ საკუთარ კედლებში შეძლონ მადრიდელების დამარცხება. მაგრამ უკვე ნანახი და განცდილი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მწვრთნელთა დუელის პირველი ეტაპი არგენტინელის მიერ პირწმინდადაა მოგებული და ეს ყველაფერთან ერთად დიდი ფსიქოლოგიური გამარჯვებაცაა.

ჩვენ ამაქვეყნად არსებულ უსამართლობებს ცხადია ვერაფერს მოვუხერხებთ, მაგრამ იმ ჭეშმარიტების დანახვა კი ნამდვილად გვმართებს, რომ კარგა ხანია დადგა დრო, როდესაც დიეგო სიმეონემ მადრიდის “ატლეტიკოში“ თავისი ძალიან წარმატებული სამწვრთნელო კარიერა უნდა დაასრულოს და უფრო დიდ სიმაღლეებს შეეპოტინოს. ამ “სიმაღლეებში“ მე უპირველესად ვგულისხმობ არგენტინელი ქომაგების დიდი ხნის ოცნებას იმაზე, რომ ოდესმე დადგეს დრო, როდესაც დიეგო სიმეონე “ალბისელესტეს“ ჩაუდგება სათავეში და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ის ოცობოდია, რაც არგენტინის საფებურთო ნაკრების სათავეში ერთმანეთზე არაპროფესიონალი და გაურკვეველი ხალხის დანიშვნას ახლდა თან.

გამოგიტყდებით, მეც დიდი ხანია მსურს ვიხილო დიეგო სიმეონე არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე თუნდაც იმიტომ, რომ ერთხელ და საბოლოოდ დავინახოთ არგენტინელთა მუდმივი წარუმატებლობები მართლაც მწვრთნელის ბრალია, ფეხბურთელების უნიათობაა ამის მიზეზი თუ რეალურად რაღაც აუხსნელ მენტალურ პრობლემებთან გვაქვს საქმე. დიეგო სიმეონეს ყველა კითხვაზე შეუძლია პასუხის გაცემა, ოღონდ უსაგნო საუბრის ნაცვლად მისი “იარაღი“ გაკეთებული საქმე და მხოლოდ საქმეა. აი ამიტომაცაა სიმეონე დიდი კაცი!

0.126228