ფეხბურთი

19:10 | 6.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზარმა გადაწყვეტილება "რეალის" სასარგებლოდ მიიღო?

ლონდონის „ჩელსის“ ლიდერ ედენ აზარს მადრიდის „რეალს“ აქტიურად უკავშირებენ. ბელგიელმა შემტევმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, თუმცა მეტად არ დაკონკრეტებულა.

„ვიცი, რასაც გავაკეთებ. გადაწყვეტილება უკვე მივიღე“, - თქვა აზარმა.

სწორედ ამიტომ, ბრიტანელი და ესპანელი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ბელგიელის გადაწყვეტილებაში მადრიდის „რეალი“ იგულისხმება და „სამეფო კლუბს“ ზაფხულში შეუერთდება.

აღსანიშნავია, რომ „არისტოკრატების“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ცოტა ხნის წინ ასეთი განცხადება გააკეთა:

„ედენი 28 წლისაა. თუ წასვლა სურს, უნდა წვაიდეს. გამიხარდება თუ ყველაფერი პირიქით მოხდება, თუმცა ვფიქრობ, უნდა გააკეთოს ის, რაც მოუნდება. მას აქვს პოტენციალი, რომ ევროპაში პირველი ნომერი გახდეს“, - ამბობდა სარი.

აზარის სანაცვლოდ „რეალს“ 110 მილიონი ევროს ფარგლებში მოუწევს გადახდა. აღსანიშნავია, რომ ბელგიელს ინგლისურ გუნდთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება და თუ ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს, მაშინ ლონდონელებს მისი გაყიდვა მოუწევთ.

შესაძლოა ზემოხსენებულ ტრანსფერში მხარეებმა ხორვატი მატეო კოვაჩიჩიც ჩართონ, რომელიც ამჟამად „რეალიდან“ „ჩელსიში“ იჯარით თამაშობს. გარდა ამისა, ლონდონურმა გუნდმა უკვე შეიძინა კრისტიან პულიშიჩი, რომელსაც ბრიტანული მედია სწორედ აზარის შემცვლელად განიხილავს.

მიმდინარე სეზონში აზარმა ყველა ტურნირის ჩათვლით 31 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. აქვე შეგახსენებთ, რომ 28 წლის ედენი „ჩელსის“ 2012 წელს, ფრანგული „ლილიდან“ შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124641