ფეხბურთი

23:30 | 23.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

გამოავლინეთ 2018 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი!
WORLDSPORT.GE-ს გამოკითხვა

WORLDSPORT.GE-მ ცოტა ხნის წინ მკითხველის დახმარებით 2018 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი გამოავლინა. ახლა კი, ჯერი წლის საუკეთესო ფეხბურთელზე მიდგა და მომდევნო სამი დღის განმავლობაში ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული იქნება გამოკითხვა, რომლის მეშვეობით თქვენ შეგეძლებათ 2018 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გამოავლინოთ.

2018 წელი ქართული ფეხბურთისთვის წარმატებული გამოდგა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამ ეტაპზე დაკისრებულ დავალებას თავი ჩინებულად გაართვა და ერთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა მოახერხა. არამარტო ეს, მთლიანად D დივიზიონში საუკეთესო შედეგი აჩვენა, ნახევარფინალში მასპინძლობის უფლება მიიღო, C დივიზიონში აღზევდა და ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლის წილისყრისთვის მეხუთედან მეოთხე კალათაში გადაინაცვლა.

და მაინც, ვერ ვიტყვით, რომ 2018 წელს ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპულ (და არამარტო) სტადიონებზე ფურორი მოახდინეს. აქედან გამომდინარე, ნომინანტები მრავლად არ გვყავს. საბოლოოდ, ჩვენი არჩევანი შემდეგ ხუთ ფეხბურთელზე შეჩერდა, ხოლო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება და ეს მთლიანად თქვენს აქტივობაზე იქნება დამოკიდებული.

სოლომონ კვირკველია („ლოკომოტივი“, რუსეთი)

2017 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი სოლომონ კვირველია გახდა და მაშინ კითხვის ნიშანი არ არსებობდა. 26 წლის ფეხბურთელი ახლაცაა ჩვენს ნომინანტებში და დამსახურებულადაც, რადგან 2018 წელი სტაბილურად მაღალ დონეზე ჩაატარა.

კვირკველიამ „ლოკომოტივისა“ და საქართველოს ნაკრების რიგებში ჯამში 45 მატჩი ჩაატარა გასულ წელს და 1 გოლი გაიტანა. აქედან, 7-ჯერ „ჯვაროსნების“ მაისურით გავიდა მინდორზე, 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო 4-ჯერ ევროპა ლიგაზე ითამაშა. წელს უტიტულოდ არ ჩაუვლია და კარიერაში პირველად რუსეთის ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მიიჩნევა. უნდა აღვნიშნოთ, რომ გასულ ზაფხულს მისი სახელი აქტიურად უკავშირდებოდა ინგლისის პრემიერლიგის გუნდებს, განსაკუთრებით კი, 2016 წლის ჩემპიონ „ლესტერ სიტის“.

ვაკო ყაზაიშვილი („სან ხოსე“, აშშ)

ვაკო ყაზაიშვილის წლის ბოლო ნაწილი მაინც და მაინც მაღალ, ჩვეულ დონეზე არ ჩაუტარებია, მაგრამ წლის უმეტესი პერიოდი სტაბილურად განვლო და გოლებიც გაიტანა. რაც მთავარია, შედეგიანი იყო საქართველოს ნაკრებშიც.

საქართველოს ნაკრების მაისურით 8 თამაშში 4 გოლი გაიტანა და მათ შორის, ორი ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ერთიც, ამხანაგურ მატჩში, მაგრამ დაუვიწყარი სილამაზის გოლი (ესტონეთთან).

„სან ხოსეს“ რიგებში კი მოედანზე 33-ჯერ გავიდა და MLS-ში 10 გოლი გაიტანა. ერთხელ ტურის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. WORLDSPORT.GE-ს გამოკითხვაში „თქვენ ირჩევთ“ კი ვაკომ გასულ წელს ორჯერ გაიმარჯვა. გულშემატკივრებმა მისი თამაში მარტსა და აგვისტოში გამოარჩიეს.

ჯაბა კანკავა („ტობოლი“, ყაზახეთი)

საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის 2018 წელი სწორედ ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩებით იყო გამორჩეული. ჯაბამ ერთა ლიგაზე ვლადიმირ ვაისის გუნდის წარმატებაში ლომის წილი დაიდო, გარდა იმისა, რომ ორი გოლი გაიტანა, მისი მოედანზე ყოფნა სხვა მხრივაც იყო გამორჩეული. ერთი იყო საქართველოს ნაკრები ჯაბასთან ერთად და მეორე - მის გარეშე.

ყაზახურ „ტობოლშიც“ ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. საბოლოო ჯამში ადგილობრივ ჩემპიონატში მოედანზე 28-ჯერ გავიდა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

გიორგი ქვილითაია („გენტი“, ბელგია)

გიორგი ქვილითაიასთვის 2018 წელი წარმატებულიც იყო და წარუმატებელიც. ქართველმა ფორვარდმა წლის პირველი ნახევარი დიდებულად ჩაატარა და გოლები მრავლად გაიტანა. მაგრამ შემდეგ ტრავმა მიიღო და სამი თვე იუქმა. ამასობაში კლუბიც შეიცვალა - „რაპიდი“ დატოვა და „გენტში“ გადაბარგდა. ნელ-ნელა ფორმაში შედიოდა, მაგრამ სექტემბერში სანაკრებო შეკრებაზე ისევ მძიმედ დაშავდა და ვარჯიში ცოტა ხნის განაახლა.

გიორგიმ 2018 წელს საქართველოს ნაკრებში 3 მატჩი ჩაატარა და გოლი ერთხელ გაიტანა. „გენტის“ ღირსებაც სამჯერ დაიცვა (29 წუთი ჯამში) და ორი გოლი გაიტანა. 25 წლის შემტევმა „ლოკერენსა“ და „სერკლ ბრიუგეს“ გაუტანა მანამ, სანამ მეორედ დაშავდებოდა.

შედეგიანი პერიოდი ჰქონდა 2018 წელს „რაპიდში“. ავსტრიის ბუნდესლიგაში 9, ხოლო ავსტრიის თასზე 2 გოლი გაიტანა. ერთხელ ჰეთ-თრიქიც შეასრულა. სხვა თუ არაფერი, 2018 წელს ჩატარებულ 21 თამაშში გატანილი 14 გოლი მართლაც ჩინებული შედეგია.

გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“, ბელგია)

19 წლის ფეხბურთელისთვის 2018 წელი დიდებული გამოდგა და შესაძლოა მის კარიერაში გარდამტეხიც. „გენტის“ ძირითად შემადგენლობაში არათუ თავი დაიმკვიდრა, არამედ გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. იგივე ითქმის საქართველოს ნაკრებზეც.

ერთა ლიგაზე „ჯვაროსნების“ წარმატებაში ყველაზე დიდი როლი სწორედ გიორგიმ ითამაშა. 6 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და საგოლე პასიც ორჯერ შეასრულა. გარდა ამისა, ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლიც მის ანგარიშზეა. ჩაკვეტაძემ თავი ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩშიც გამოიჩინა და ლიეტუვას ფანტასტიკური გოლი გაუტანა. მთლიანობაში 7 მატჩში 5 გოლი გაიტანა საქართველოს ნაკრებში!

და „გენტი“? - ბელგიურ გუნდში გიორგი ლიდერია. შედეგად, გასაკვირი არაა, რომ ევროპულ გრანდებს უკავშირებენ. როგორც ამბობენ, ანდორა - საქართველოს მატჩს „ბარსელონას“ სკაუტები მის გამო დაესწრნენ. „გენტის“ მაისურით 2018 წელს 44 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. თუმცა, საქმე მხოლოდ გოლებში არაა - საგოლე პასებიც მრავლად არიგა და ეფექტური მომენტები კიდევ უფრო მეტი იყო.

ჩაკვეტაძისთვის 2018 წელი გამორჩეული რომ იყო, ისიც მოწმობს, რომ ჩვენს გამოკითხვაში „თქვენ ირჩევთ“ სარეკორდო მაჩვენებელს უწია და ოთხჯერ გაიმარჯვა. მათ შორის, ზედიზედ სამჯერ სექტემბერიდან ნოემბრამდე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130438