სხვა

23:40 | 17.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძე - WORLDSPORT.GE-ს ვერსიით წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი!

WORLDSPORT.GE-ს მკითხველთა ვერსიით, 2018 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძეა! 25 წლის ძალოსანმა ჩვენი ვებგვერდის მომხმარებლისგან ყველაზე მეტი ხმა მიიღო და გამარჯვებულიც გახდა.

გამოკითხვა WORLDSPORT.GE-ს ვებგვერდზე სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 943-მა ადამიანმა მიიღო. შედეგად, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ 2018 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძეა. ქართველ გოლიათს ხმების 44.6% ერგო და საკმაოდ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა!

ლაშას მთავარი კონკურენტი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოდგა, რომელსაც მხარი გამოკითხულთა 31.9%-მა დაუჭირა.

943 ხმა შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) – 44.6%

2. ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთელი) – 31.9%

3. ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი, სუმო) – 8.7%

4. გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) – 5.9%

5. ზაზა ნადირაძე (ნიჩბოსნობა) – 4.1%

6. გურამ თუშიშვილი (ძიუდო) – 3.9%

7. ზაზა ფაჩულია (კალათბურთი) – 0.7%

ლაშა ტალახაძემ 2018 წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მიჯრით მესამედ მოიპოვა!

ქართველი რეკორდსმენი, რომელმაც 2018 წელიც დიდებულად ჩაატარა. ტალახაძეს უბრალოდ ბადალი არ ჰყავს მსოფლიოში და რეკორდებს რეკორდებზე ამყარებს. შეიძლება ითქვას, თავისივე რეკორდებს ებრძვის. ლაშამ 2018 წელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო. ორივე შემთხვევაში ამის გაკეთება მიჯრით მესამედ მოახერხა.

თავდაპირველად, ბუქარესტში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. +105 კგ წონით კატეგორიაში ტალახაძემ ორივე მოძრაობაში დიდი უპირატესობით აჯობა კონკურენტებს. ატაცში ქართველმა გოლიათმა 210 კგ დააფიქსირა და წინა წელს თავისივე დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა, ხოლო აკვრაში 247 კგ-ის აწევა მოახერხა, ჯამში კი 457 კგ დააფიქსირა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

მერე იყო აშხაბადში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი. 25 წლის ძალოსანმა (+109 კგ) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც ზედიზედ მესამედ მოიპოვა. გარდა ამისა, რეკორდებიც მრავლად დაამყარა. ატაცში 217 კგ დასძლია და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. აკვრაში კი, 257 კგ შტანგა ასწია და მსოფლიოს მესამე რეკორდის მფლობელიც გახდა. ჯამში, ქართველმა ძალოსანმა 474 კგ დააფიქსირა, კონკურენტს მთელი 24 კგ-ით გაუსწრო და მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

0.111875