ფეხბურთი

2:48 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

უკმაყოფილო და იმედგაცრუებული ვაისი

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ანდორასთან (1:1) ნაჩვენები თამაშის ხარისხით უკმაყოფილო, ხოლო დაფიქსირებული შედეგით იმედგაცრუებული დარჩა.

სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, ბევრმა ფეხბურთელმა ვერ ითამაშა ისე, როგორც ელოდა. იყო პრობლემები ყველა რგოლში გარდა დაცვის ხაზისა. ვაისმა დასძინა, რომ ყაზახეთთან საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად უნდა მოიგოს:

„შედეგით უკმაყოფილო ვარ. პირველი ტაიმი უკეთესად ვითამაშეთ და გვქონდა რამდენიმე საგოლე მომენტი, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა. არაბულს ჰქონდა კარგი შანსი. მეტოქის გოლი? - ასეთ გოლებს არ უნდა ვუშვებდეთ, მაგრამ ახლა არ მინდა, ცხელ გულზე საუბარი. უამრავი შეცდომა გვქონდა თამაშის კუთხით. გვსურდა, რომ ჯგუფში ყველა თამაში მოგვეგო, მაგრამ ახლა ყაზახეთთან შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ.

ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა ტრავმების გამო, მაგრამ ვინც მოედანზე იყო მათაგანც ბევრის მოლოდინი მქონდა, რომელიც ვერ გაამართლეს. ყველაფერს გიორგი ჩაკვეტაძე კი ვერ გააკეთებს. რამდენიმე ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და ეს უდიდესი პრობლემაა. არ გამოვრიცხავ, რომ მეკარე შევცვალო შემდეგ თამაშში. ერთადერთი პოზიცია, სადაც დღეს პრობლემას ვერ ვხედავ, დაცვის ხაზია.

შემდეგი თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რადგან მეოთხე კალათაში მოხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდვირს საფარს კი ვერაფერს დავაბრალებ, რადგან მეტოქეც იმავე პირობებში თამაშობდა.

ფორვარდის პრობლემა? - ვაკვირდები საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს და მათ შორის, გიორგი გაბედავასაც. ამ დროისთვის ვფიქრობ, კაჭარავა და არაბული უკეთესი ვარიანტი იყო. თუმცა, თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა გადაწყვეტილება შევცვალო“, - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 5 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზეა. ბოლო მატჩს კი 19 ნოემბერს, თბილისში, ყაზახეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის ანდორადან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120819