ბლოგი

18:51 | 11.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ის, რაც არასოდეს განმეორდება

გუშინდელი დღესავით მახსოვს ქართული ტელევიზიის მიერ გადაცემული სულ პირველი ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პირველი რეპორტაჟები. ეს 1999 წლის შემოდგომაზე მოხდა. მაშინ ლიგაში ფლორენციის “ფიორენტინა” თამაშობდა და გაბრიელ ბატისტუტა სასწაულებს სჩადიოდა. მაშინაც და ახლაც, ქართველებს ძალიან მოგვწონდა შედარებით სუსტი გუნდების მიერ ძლიერთა ძლევის პრეცენდენტები და ამის მიზეზი ჩვენივე ცხოვრება იყო. ჩვენ ხომ ტერიტორიებწართმეული, დაჩაგრული, ნახევრად მშიერი, გამწარებული ხალხი ვიყავით და გაფუფუნებული “არსენალის” მძლეველ ბატისტუტაში ქვეცნობიერად საკუთარ თავებს და ქართულ მარადიულ ოცნებას ვხედავდით.

ამის შემდეგ, მსოფლიო ფეხბურთში უამრავმა წყალმა, ფინალმა, და მოვლენამ ჩაიარა, მაგრამ პირველი მაინც პირველია და სულ სხვა გემოა აქვს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონთა ლიგა ქართული საზოგადოების პარალელურად გაიზარდა, დავაჟკაცდა და ახლა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნიც კი, ქართველ გულშემატკივრებში უკვე სულ სხვა ემოციებს ბადებს.

ქართველებს სამწუხაროდ ჯერ არ გვღირსებია ჩვენი გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გვეხილა, მაგრამ ამ დანაკლისს მეტ-ნაკლებად ლიგაზე მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები გვივსებდნენ. ჩვენთვის ესეც ბევრ რამეს ნიშნავდა.

ფაქტია, რომ ძველ, უშუქობის პერიოდში ნანახ ლიგის თამაშებს მაინც სულ სხვა გემო და მუღამი ჰქონდა. მეზობლების “ჟიგულებზე” შემოდებული აკუმულატორებზე ჩართულ პაწაწკინტელა ტელევიზორებს მიმსხდარნი რაღაც განსაკუთრებული სიჯიუტით ვცდილობდით, რომ თამაშები არ გამოგვეტოვებინა. ჩვენთვის ქართულ ენაზე კომენტირებული მაშინდელი ჩემპიონთა ლიგა ევროპაში გაჭრილი ლამის ერთადერთი ფანჯარა იყო. ხუმრობა საქმე ხომ არაა, ჩვენს ტელევიზორებს ხშირ-ხშირად თვით დიდი ზიდანი, რონალდო, ფიგუ და ბატისტუტა სტუმრობდნენ ხოლმე.

იმ მაგიური საათნახევდის დროს, როდესაც ფეხბურთს ვუყურებდით, ყველას გვავიწყდებოდა, რომ ჩვენი ქვეყნის მესამედში სეპარატისტები და გალეშილი რუსი სალდათები დაჯლიგინობდნენ, რომ სადარბაზოების დაბლა ცეცხლს ვანთებდით და საერთო, საუბნო ვახშამს ვამზადებდით, რომ ფაქტობრივად უქონელ-უპოვრები, მაგრამ მაინც ძლიერები ვიყავით, რადგან არაფერი არ შეედრებოდა იმ გრძობას, როდესაც ფაქტობრივად ყველაფერზე ხელჩაქნეულ ქვეყანაში ჯერ კიდევ იყვნენ ადამიანები, რომლებიც შოთა არველაძის მიერ “რეინჯერსში”, კახა კალაძის მიერ კიევის “დინამოში” და თემურ ქეცბაიას მიერ “ნიუკასლში” გატანილი გოლების შემდეგ, სიხარულისაგან ტიროდნენ და კაპიკებს ზოგავდნენ, რომ შვილებისათვის ესოდენ საოცნებო საქართველოს ნაკრების მაისურები ეყიდათ.

მე მესმის სკეპტიკოსების, მაგრამ როდესაც მარადიულ ქართულ ოცნებაზე – ქართული კლუბის ლიგაზე მოხვედრაზე საუბრობენ, ყოველთვის მახსენდება სწორედ ის 1999 წელი, როდესაც თბილისის “დინამოს” ბობოლათა მარაქაში გარევის არნახულად დიდი შანსი ჰქონდა. ძალიან არ მიყვარს გამართლება-გაუმართლებლობაზე ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ ბილბაოს “ატლეტიკს” ქართველებთან ძალიან გაუმართლა. არც მკითხაობაა გულშემატკივრის საქმე, მაგრამ მაშინ “დინამო” ჩვენთვის ესოდენ ნანატრ ლიგაზე რომ აღმოჩენილიყო, მერე მართლაც შეიძლებოდა, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთის ჩარხი წაღმა დატრიალებულიყო და სადარბაზოების წინ დანთებულ კოცონებთან მიფიცხებულ ქართველებს ეგებ მაშინ მაინც დაეძლიათ დამარცხებულის სინდრომი.

ლევან სეფისკვერაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115882