ფეხბურთი

20:59 | 13.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ გოროზია: "ჩემი ოცნებაა გავხდე წარმატებული ფეხბურთელი"

საქართველოში ქალთა ფეხბურთს მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ ექცევა. გამომდინარე აქედან WORLDSPORT.GE ეცდება უცნობი სპორტსმენები უფრო ახლო კუთხით გაგაცნოთ. დღეს, ჩვენ რესპოდენტი ხობის „კოლხეთისა“ და საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, მარიამ გოროზიაა.

მარიამმა საფეხბურთო კარიერა 9 წლიდან დაიწყო. მისი კლუბი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას, ჯერჯერობით სასურველ შედეგს ვერ აღწევს, თუმცა როგორც მარიამმა გვითხრა, მომავალ სეზონში მათი მთავარი მიზანი სამეულში შესვლა იქნება.

ყველაზე დიდ წარმატებას ახალგაზრდა სპორტსმენმა 17 წლამდე ნაკრებში მიაღწია, როდესაც საქართველო განვითარების ტურნირის თასს დაეუფლა. „ჯვაროსნებმა“ ყაზახეთის, რუმინეთის და ბელარუსის ნაკრებები დაამარცხეს და აღნიშნული თასი დაისაკუთრეს.

გოგონათა ასაკობრივი ნაკრების წევრის ოცნება „ბეშიქთაშში“ თამაშია. როგორც მარიამმა გვითხრა, თურქულ გუნდში გადასვლა სურს, რადგან საქართველოში არ არის ისეთი მაღალი დონე, როგორც მეზობელ ქვეყანაში.

- რა ასაკში და როგორ დაიწყო შენი საფეხბურთო კარიერა?

- ჩემი საფეხბურთო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო. დაახლოებით 9 წლის ვიყავი. თავდაპირველად ოჯახის წევრები წინააღმდეგნი იყვნენ იმის, რომ სპორტს გავყოლოდი, მაგრამ ჩემმა სპორტისადმი ასეთმა სიყვარულმა მომცა ძალა მებრძოლა მიზნის მისაღწევად და გავყოლოდი ფეხბურთს პროფესიული კუთხით.

- როგორი მდგომარეობაა გუნდში და რა არის ამ სეზონის მთავარი მიზანი?

- გუნდში ამჟამად სტაბილური მდგომარეობაა და ჩვენი მიზანია მოვიპოვოთ პირველობა საქართველოს მასშტაბით.

- ჩემპიონატის დონეს როგორ შეაფასებდი?

- კარგად შევაფასებდი, რადგან გვიწევს გამოცდილ გუნდებთან თამაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

- არის ისეთი რამ, რაც ჩვენმა მკითხველმა შენზე უნდა იცოდეს?

- ჯერჯერობით ის, რომ ვარ საქართველოს 17 წლამდე ნაკრების წევრი.

- საფეხბურთო ოცნება...

- ჩემი ოცნებაა, რომ გავხდე წარმატებული ფეხბურთელი საზღვრებს გარეთ.

- საინტერესოა თუ გაქვს რაიმე რიტუალი, რომელსაც ყოველი თამაშის წინ თუ შემდგომ ასრულებ?

- ვლოცულობ გამარჯვებისთვის.

- რას ნიშნავს შენთვის მაყურებლის ფაქტორი?

- მაყურებელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ვინაიდან და რადგანაც, ისინი გვაძლევენ გამარჯვების სტიმულს.

- მატჩი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება...

- თამაში ყაზახეთის ნაკრებთან, სადაც ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.

- ოცნების გუნდი...

- ოცნების გუნდი არა, თუმცა ამ ეტაპზე ძალიან მინდა „ბეშიქთაშში“ თამაში...

- რას ეტყოდი ჩვენს მკითხველს?

- ყველაფერი გააკეთეთ მიზნის მისაღწევად, როგორი ძნელიც არ უნდა მოგეჩვენოთ ის.....

- სამომავლო გეგმები?

- პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბება და წარმეტებული კარიერის აწყობა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული მიმდინარე წელს „ნიკე“ გახდა. ხობის „კოლხეთმა“ კი ასპარეზობა მე-7 პოზიციაზე დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117972